ლევან კბილაშვილის ბოლო ჩანაწერი - როგორ იხსენებს გარდაცვლილ მეგობარს მუსიკოსი დათო ლონდარიძე? - კვირის პალიტრა

ლევან კბილაშვილის ბოლო ჩანაწერი - როგორ იხსენებს გარდაცვლილ მეგობარს მუსიკოსი დათო ლონდარიძე?

მომღერალ ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი საზოგადოება შეძრა და ყველა განიცდის მომხდარს. ქართველმა მსმენელმა ლევანი 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, `ჯეოსტარი - გაიცნო. ის აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში და მისმა შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელი მართლა აღაფრთოვანა

მუსიკოსი დათო ლონდარიძე ლევანის ძალიან ახლო მეგობარი იყო, ისიც ძალიან განიცდის მომხდარს.

- უმძიმესი ტრაგედიაა. ლევანს საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა მენჯზე, ჯოხითაც დადიოდა და იძახდნენ რომ კოვიდის მერე რაღაც დაუტოვა და საოპერაციო იყო. ძვალზე ჰქონდა პრობლემა, ძვლის დაშლის დიაგნოზი ჰქონდა დ პროცესი ჰქონდა დაწყებული, სახსართან იმპლანტაცია უნდა გაკეთებულიყო. ამ საკითხზე ვსაუბრობით და რატომღაც წელავდა ოპერაციის ამბავს. ამას ვინ წარმიდგენდა. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მალე უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. მითხრა, რამოდენიმე კონცერტი მაქვს, იმას მოვილევ და ჩამოვალ, მთელი ზაფხული საქართველოში ვიქნებიო. არ ვიცით რა მოხდა, გაურკვევლად ვარ ვერ და ვერ ვიაზრებ რომ ლევანი აღარ არის. მოსკოვში მოხდა ეს ტრაგედია, ძალიან გვტკივა გული. ჩვენ საოცარი მეგობრობა გვქონდა. ყველაზე დიდი მეგობარი დავკარგე და ყველაზე დიდი თანამოაზრე მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც. უდიდესი მუსიკოსი იყო ლევანი, ყველაზე სიღრმისეულად და ყველაზე ქართულად დამანახა სიმღერები და ძალიან ბევრი სიმღერა გვქონდა ერთად. ჩვენთვის ვაკეთებდით ბევრ რამეს, ჩვენი მეგობრობისთვის. იყო რამდენიმე სიმღერა, რომელიც უნდოდა ბევრს გაეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის ვიძახდი, მე და ლევანმა მივაღწიეთ მაგ სიმღერის ასეთ შესრულებას და ეს გამორჩეულია-მეთქი. ჩვენი და ლევანის მეგობრობა ჩანს ამ სიმღერებში. ერთს განსაკუთრებით არ ვეხებოდით სხვებთან, მამუკა ჩარკვიანის `სატრფიალოს ეს სიმღერა იტევს ჩემი და ლევანის მეგობრობას, ყველაფერს. უკარგესი მეგობარი დავკარგე და ძალიან მტკივა გული.