"რუსი ტურისტები გვეუბნებიან, აფხაზები ჯერ უნდა მოთვინიერდნენ და შემდეგ განვითარდნენო"... - კვირის პალიტრა

"რუსი ტურისტები გვეუბნებიან, აფხაზები ჯერ უნდა მოთვინიერდნენ და შემდეგ განვითარდნენო"...

აფხაზეთის კონფლიქტურ ზონაში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდგომაც არაფერი შეცვლილა. "არჩევნებამდე" იყო დაპირებები, რომ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა. თუმცა, ამომრჩევლებმა ისიც იცოდნენ, რომ ეს ცრუდაპირება იყო. აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში მხარდამჭერთა უმრავლესობით სერგეი შამბა სარგებლობდა და ბევრს ეგონა, რომ პრეზიდენტის ადგილს რუსეთის ფავორიტი პოლიტიკოსი დაიკავებდა. აფხაზების თითქმის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა ალექსანდრე ანქვაბი. ეს მხარდაჭერა არც მას შემდეგ განელებულა, რაც თენგიზ კიტოვანმა მას თბილისთან თანამშრომლობა დააბრალა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ "შავმა პიარმა" ანქვაბის სასიკეთოდ იმუშავა.

კონფლიქტის ზონაში მიიჩნევენ, რომ ანქვაბის გამარჯვებით მოსკოვმა კიდევ ერთხელ დიპლომატიური უკუსვლა გააკეთა და გზა აფხაზი ხალხის რჩეულს, ალექსანდრე ანქვაბს დაუთმო. აფხაზეთში მას ტრადიციების მიმდევარ, პროაფხაზად იცნობენ, რადგან, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ფასად დაიცვა კანონპროექტი, რომელიც მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე მიყიდვას ითვალისწინებდა. სერგეი შამბას კი ევროპულად მოაზროვნე პროგრესული პოლიტიკოსის სახელი აქვს, თუმცა აფხაზეთში "ევროპული აზროვნება" და "ინტეგრაცია" ერის გადაგვარებასთან ასოცირდება და სიკვდილივით აშინებთ. რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას, ის აფხაზების ცნობიერებაში კაგებეშნიკია, რომელიც აფხაზეთის "პირველი პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბასა და რუსეთის მოთამაშე ფიგურაა. აფხაზებს კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არ უყვართ რუსები.

ელექტრონული ფოსტის საშუალებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ რამდენიმე ნაცნობს დავუკავშირდი და არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე ვკითხე.

ნანა, 54 წლის, სოხუმელი ქართველი:

- განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქალაქი ნახევრად ცარიელია. სულ თითზე ჩამოსათვლელი ტურისტია, ძირითადად, "რეკლამის მსხვერპლი" რუსები. ვინც ერთხელ ნამყოფია, მეორედ საოჯახო სასტუმროში აღარ ჩამოდის, ან ცდილობენ, მეტი გადაიხადონ და უსაფრთხოდ დაისვენონ. აქ მუშაობენ ტურისტული კომპანიები: "კავკასუს თრეველი", "აბხაზია თრეველი", "ვერბენა", რომლებიც დამსვენებლებს სასიამოვნო დასვენებას ჰპირდებიან. მათ იჯარით შესყიდული და შედარებით დაცული პლაჟები აქვთ, სადაც გასართობი ცენტრებიც არის და შედარებით მაღალი დონის ინფრასტრუქტურა. ეს დაწესებულებები საოჯახო სასტუმროებს დაუნდობელ კონკურენციას უწევენ. ცხადია, მაღალი დონის სასტუმროებს ფულიანი ხალხი სტუმრობს და ქუჩაში მათზე "ნადირობენ", ანუ დღის განმავლობაში, იქ უამრავი ძარცვის ფაქტი ფიქსირდება.

- რას აკეთებს ამ დროს მილიცია?

- იმას, რასაც 90-იან წლებში ქართული პოლიცია აკეთებდა, - ხშირ შემთხვევაში წილში უზის დამნაშავეებს. ცხადია, სასტუმროები გავლენიანი პირების, ავტორიტეტული კრიმინალების, პოლიტიკოსების ან მაღალჩინოსნების ხელშია. გარდა იმისა, რომ ისინი ჩვენს სეზონურ შემოსავალს მნიშვნელოვნად ამცირებენ, გარემოსაც აბინძურებენ. საბჭოთა წლების შემდეგ, შეუკეთებელია წყლის გაყვანილობა, კანალიზაცია, გარე განათებები. ინფრასტრუქტურა მიწასთან არის გასწორებული. ამის გამო სოხუმის გარეუბნებში საშინელი ანტისანიტარიაა. ქუჩის ბოლოს ღია ცის ქვეშ "მოწყობილი" ნაგავსაყრელი ჩვეულებრივი ამბავია. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე შეეგუა უვარგის სასმელ წყალსა და დენის დაბალ ძაბვას. ამ ყველაფერს ემატება ტურისტების ძარცვა, რასაც საკურორტო სეზონზე მასობრივი ხასიათი აქვს. ახლახან კაფე "ატლანტიდაში" სადილობისას პირწმინდად გაძარცვეს ჩემი დამსვენებელი. ამას მტკივნეულად აღიქვამენ რუსი ტურისტები. გვეუბნებიან, რომ აფხაზეთში უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი კიდევ უფრო გაზრდილი რუსული სამხედრო ნაწილებია. არადა, იცით, ალბათ, რომ აფხაზებსა და რუს სამხედროებს შორის მუდმივად არის შეიარაღებული დაპირისპირება, "პერესტრელკები". რუსები ამბობენ, აფხაზები ჯერ უნდა მოთვინიერდნენ და შემდეგ განვითარდნენო...  ამას წინათ გაზეთმა "ნაშა აბხაზიამ" მიმდინარე წლის კრიმინალური ქრონიკა გამოაქვეყნა, რის გამოც გაზეთის რედაქტორს სასტიკად სცემეს. ამ ფაქტს სამართალდამცველების რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, იგი "ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის" გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ზაური, 45 წლის, გაგრელი აფხაზი:

- თქვენი პრეზიდენტი რასაც ხელოვნურად აკოწიწებს, ე. წ. ვითომ საკურორტო ზონებში, ის სილამაზე აფხაზეთს ბუნებრივად აქვს. ასე რომ, ჩვენს მხარეს ჰაერით, კლიმატითა და ბუნებრივი სილამაზით აჭარის ზღვისპირეთი, "ქალაქი" ანაკლია და განმუხური ვერასდროს შეედრება... დიახ, უამრავი პრობლემა გვაქვს უსაფრთხოებისა და ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარდება. მთავარია, მოთმინებამ არ გვიღალატოს, რუსეთის დახმარება დავაფასოთ და ამ გაჭირვების ჟამს ერთმანეთს არ დავერიოთ. გარდა ამისა, არც ისე ადვილად არის საქმე, როგორც თქვენ გგონიათ, აფხაზები რუსების დაკრულზე დადიანო. თუ ოდესმე რუსეთი ჩვენს ანექსიას შეეცდება, ჩრდილოკავკასიელ მოკავშირეებთან გავერთიანდებით და ჩვენს მიწას იარაღით დავიცავთ.

ნარგიზა, 62 წლის, გაგრელი აფხაზი:

- ძირითადად, რუსი, სომეხი და თურქი ინვესტორები შემოდიან, მაგრამ ეს მოსახლეობაზე არ აისახება, საკუთარი პერსონალის დასაქმებას ცდილობენ. არც ჩვენს ხალხს უყვარს მაინცდამაინც ასეთ ადგილებში მუშაობა. მკაცრი ტრადიციები არ გვაძლევს უფლებას, შვილები სასტუმროსა და რესტორნებში ვამუშაოთ... საკმაოდ სწრაფი ტემპით იხსნება სურსათისა და პირველადი მოხმარების მაღაზიები. ინიციატორები თურქები არიან და იქ მუშაობას არავინ თაკილობს. ზაფხულში მიღებული შემოსავალი დამსვენებლების სიმცირის გამო ძალიან მწირია. წელს სულ 12 დამსვენებელი მყავდა, აქედან 5 რუსი სამხედროს ოჯახი იყო. ისინი უსაფრთხოების გარანტად ითვლებიან, მათი სახლში ყოფნის დროს დაყაჩაღების ალბათობა მცირდება. თუმცა, პლაჟზე წასული 3 რუსი მაინც გაძარცვეს, ნოუთბუქი, ფოტოაპარატი და ფული წაართვეს. მოსახლეობა ცდილობს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს. ამას ორმაგი მოგება აქვს. ხანდაზმულები რუსეთის სახელმწიფოს პენსიას იღებენ, ახალგაზრდებს კი ფსოუს საზღვრის გადასალახავად ხელ-ფეხი ეხსნებათ.

ლალი პაპასკირი  (სპეციალურად საიტისთვის)