ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით გამოდის, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა და მოღალატე უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს ამ რეპლიკების გამო წესრიგის დაცვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწევდა.

„არა, მოვუსმენთ, მოვუსმენთ ყოველდღე. თქვენ ხართ მოღალატეების პარტია. გამიგეთ? თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, ქვეყნის გამყიდველები“, - მიმართა ანა წითლიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად გაფრთხილებისა დეპუტატი რეპლიკების გამოთქმას პრემიერის მისამართით კვლავ აგრძელებდა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა წითლიძე, რომ სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოუწევდა.

„დაასრულოს და გაიყვანეთ და მერე ილაპარაკოს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა წითლიძის მისამართით.

საბოლოო ჯამში ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზის დატოვება არ მოუწია.