რა თქვა ქალბატონმა ურსულამ და რას ველით მომდევნო 6 თვის მანძილზე? - კვირის პალიტრა

რა თქვა ქალბატონმა ურსულამ და რას ველით მომდევნო 6 თვის მანძილზე?

რა მითხარით იცით? ევროპული რელსებიდან გადავედით (როგორც „ნაცები“ გვაჯერებენ), თუ ამ ეტაპზე არ მივიღეთ ის, რასაც ველოდით, სამაგიეროდ, უდავოდ გვაქვს ევროპერსპეტივა? ეს ხომ ორი სხვადასხვა რამ არის? მე, როგორც ერთ მოქალაქეს მჯერა, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში, გარანტირებულია კანდიდატის სტატუსი. ფაქტია, რომ პერსპექტივის გარეშე არ დაგვტოვეს, ასეა? „არანაირი გარიყვა და მსგავსი რამ არ მომხდარა...“ - ეს ერთ-ერთი უცხოელი მეგობრის შეფასებაა. აქვე, საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა...

არაფრის „გალაითებას“ არ ვაპირებ, ცდებით! უბრალოდ, მეც აქ ვცხოვრობ და ვიღლები, როცა ხალხს უკიდურესად აბითურებთ. ეს ფანჯარა არსებობს და იმედია, პოლიტიკოსების უგუნურებით არ დავკარგავთ მას.

მთავრობა იქით იყოს და მეც ვთქვი, რომ არ წავიდოდი 20-ივნისის აქციაზე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ „ნაცების“ ისტერიკული მოწოდებები იქნებოდა ძალადობასა და არაფრისმთქმელ დაპირებებზე. აქცია რომ ვნახე, სადღაც გულიც კი დამწყდა, რატომ არ მივედი. მაგრამ დასაცინი რა არის? განა, პროევროპულობა ეს არ არის, რომ აღიარო შენი მოსაზრება არ გამართლდა, ეს აქტიურობა კი კარგი იყო საერთო საქმისთვის?

უბრალოდ, პირადად მე, ეს სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს. მაქვს გრძნობა, რომ მინიმუმ 6 თვე რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ტყუილები და უკიდურესი წნეხი უნდა ავიტანოთ...

ქალბატონმა ურსულამ რომ თქვა - მაშინ მიიღებთ წევრობის სტატუსს, თუ გაერთიანდებით, ის კი არ იგულისხმა, რომ ამ ქვეყანაში არავის განსხვავებული აზრი არ გააჩნდეს, არამედ ის, რომ პირველ რიგში, ადამიანური და ცივილური თანამშრომლობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის. რაც უნდა კრიტიკულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, 2 წლის ბავშვებივით ენის მისატანად და ქვეყნისთვის საქმის გასაფუჭებლად არ უნდა დავრბოდეთ „უფროს ძმებთან“ ყურის აწევის მოთხოვნით....

თუ ამბობთ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას ეს ხალხი არ ეკუთვნოდა, მაშინ რატომ ამუნათებს ერთი მხარე მეორეს, - „ჭკუით იყავით, თორემ ნახეთ, რამდენი ვართო“?..

მოკლედ, ვფიქრობ, რომ არ გვაქვს დასაკარგი დრო. მოქალაქეებმა სწორ თემაზე სწორი პოზიცია გამოხატეს და გვითხრეს, რომ ჯობს საქმით დავამტკიცოთ თუ ევროპელობა გვინდა.

მაგალითად, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოხატა გამგებელმა "ფბ"-გვერდზე, ხომ? დააშავე? აღიარებას და ბოდიშის მოხდას რაღა უდგას წინ? რად უნდა მიკიბ-მოკიბვა ამ ყველაფერს, მართლა ვერ ვიგებ. ვერც იმას ვიგებ, რომ „ნაციონალურ“ არხებზე ეს ადამიანი ანათემას გადასცეს. საკრიტიკოა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვე დალოცვილის შვილებო, დამაკნინებელი სიტყვებით ურთიერთობას წლებია თქვენ მიგვაჩვიეთ. თქვენ არ იყავით გრიგოლია, გვარამია, ხაბეიშვილი, უგულავა და მსგავსები უამრავჯერ გაცილებით უცენზურო სიტყვებით რომ მოიხსენიეთ პოლიტიკოსები, მათ შორის, ამ გამგებლის ხელმძღვანელიც, ხალხი, სხვადასხვა პროცესები, რიგი მოქალაქეები... და მერე, უტიფრად გაჰყვიროდით სიტყვის თავისუფლებას გვართმევენო, რადგან ვიღაცამ გულისტკივილი გამოხტა.

თუ „ჩემიანია“ ყველაფერი ეპატიოს ხალხის დამცირებაც, მკვლელობაც და ასე შემდეგ, ამ პრინციპით მივდივართ ევროპისკენ?

ეს, პირობითად, ერთი ფაქტი მოვიყვანე, მაგრამ ასეთი ფაქტი უამრავია. მაგალითად, ხოშტარიაზე, არათუ რეპორტაჟი არ გაგიკეთებიათ, მფარველობთ კიდეც, რადგან თქვენიანად მიგაჩნიათ.

არ ჯობს დავიწყოთ მუშაობა და შევთანხმდეთ საერთო პრინციპებზე, წითელ ხაზებზე, საერთო წესებზე?.. მოიშალოს ჩემიანი-შენიანი, მოიშალოს გავლენები...

სამართლებრივადაც, როგორ შეიძლება დალაგდეს სახელმწიფო, თუ „შენიანს“ ყველაფერი ეპატიება და „სხვას“ - არა? არ ფიქრობთ, რომ აი, ამ პროცესებში, რაც მსოფლიოში ხდება და იმ მოცემულობაში, რაც გვაქვს ქვეყანაში, ასეთი ბინძური გზით პოლიტიკური ქულების მოგროვება, შენივე ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება?! განა ეს არ იგულისხმა ევროპარლამენტარმა, როცა გაერთიანებისკენ მოგვიწოდა?

თუ შენ, მედია, როგორც დემოკრატიის გარანტი, შენვე ასახიჩრებ შენს სახელმწიფოს, აწვდი მცდარ იდეებს, ამახინჯებ ინფორმაციას, ემსახურები მხოლოდ შენთვის მოსაწონ პოლიტიკური ინტერესების ლიდერს და არა ხალხს, მოქალაქეებს ამცირებ ყოველ დღე... მდგრადი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი კი არა, სხვა არხის ცენზურაზე ხმის ამოღებაც გასაკვირია შენგან... რომელი ევროპული მედია მუშაობს ასე, დაასახელეთ!

ვფიქრობ, თუ ეს ძალისმიერი მეთოდები სამართლებრივით არ შეიცვალა, თუ ხალხის აბსოლუტურად სწორი აქტიურობა, რაც ვიხილეთ, არ დაფასდა, საერთო თამაშის წესებზე არ მოხდა შეთანხმება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კატაკლიზმები ისევ და ისევ დასწევს ჩვენს ქვეყანას უკან.

და მანამ, ვიდრე ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოების ყურადღება ჩამოშორდეს მთავარ საკითხს - მანკიერ მენტალიტეტს და მანკიერ სისტემას, რომელიც ყველა პრობლემის სათავეა და ყველა უნდა ვფიქრობდეთ როგორ შევცვალოთ ის, არ დამეზარება და პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შევახსენებ: თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას, ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე სისტემას ყველა დარგში და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.