"ევროკავშირი ნავთობზე დაწესებული ანტირუსული სანქციებით საკუთარ თავს აზიანებს" - რას წერს POLITICO - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი ნავთობზე დაწესებული ანტირუსული სანქციებით საკუთარ თავს აზიანებს" - რას წერს POLITICO

ამერიკულ გაზეთ "პოლიტიკოს" (Politico) ევროპულ ვერსიაში (რედაქციის ოფისი ბელგიაშია) სათაურით - "ევროკავშირი ნავთობზე დაწესებული ანტირუსული სანქციებით საკუთარ თავს აზიანებს", გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნავთობის ცნობილ რუს მაგნატთან, დისიდენტ მიხეილ ხოდორკოვსკისთან, რომელსაც ჟურნალისტები - ვიქტორ ჯეკი და დევიდ ჰერსენჰორნი ესაუბრებიან.

მიხეილ ხოდორკოვსკიმ ევროკავშირი მასშტაბურ შეცდომაში ამხილა და განაცხადა, რომ ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებული ნავთობის ემბარგოთი უფრო მეტად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს, ვიდრე - კრემლის ფინანსებს ფიტავს და სამხედრო ასიგნებებს ამცირებს.

რუსეთის ყოფილი უმდიდრესი ადამიანის თქმით, ევროკავშირს, სანამ ანტირუსულ სანქციებს გამოაცხადებდა, მანამდე ენერგომატარებლების, კერძოდ - ნავთობის ალტერნატიულ წყაროზე უნდა ეფიქრა ან სანქციების რეალიზება პრინციპულად ახალი მეთოდით განეხორციელებინა.

როგორც ცნობილია, ერთთვიანი მოლაპარაკების შედეგად, მაისის ბოლოს ევროკავშირის წევრები რუსული ნავთობის აკრძალვის თაობაზე შეთანხმდნენ. ემბარგო წლის ბოლომდე განხორციელდება და ეხება ტანკერებით გადაზიდულ ნავთობს, რომელიც ევროკავშირის იმპორტის 90%-ს უდრის.

"ამ დროისათვის ენერგეტიკული სანქციები უფრო მეტად აზიანებს თვით ევროპას და არა - რუსეთს", - ციტირებს მიხეილ ხოდორკოვსკის ნათქვამს "პოლიტიკო", - ჩემი თვალსაზრისი როგორიც იყო, ისეთი დარჩა: საერთოდ, რას აკეთებს ევროკავშირი, გაუგებარია".

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მიხეილ ხოდორკოვსკი ბრიუსელში ორი დღით არის ჩასული ევროპელ ჩინოვნიკებთან შეხვედრების მიზნით, ბრატისლავის (სლოვაკეთი) სამეცნიერო ცენტრის - GLOBSEC-ის ეგიდით.

ბიზნესმენის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება მკვეთრად უნდა გაზარდონ - მხოლოდ ასე თუ გაუმკლავდება უკრაინა რუსეთის აგრესიას.

"რამდენი მოგება დაკარგა დასავლეთმა ენერგეტიკული სანქციების დაუფიქრებელი შემოღებით? 100 მილიარდი დოლარი? 200 მილიარდი? - კითხულობს მიხეილ ხოდორკოვსკი, - უკრაინას რომ დღემდე 50 მილიარდის იარაღი მიეღო, 10 მილიარდის ნაცვლად, ფრონტზე სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა და დასავლეთს ენერგეტიკული სანქციების შემოღება აღარ დასჭირდებოდა".

აპრილში ევროკავშირმა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი, რუსულ ნავთობზე უარის თქმის გამო, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 1%-ით შეამცირა, რაც თითქმის 160 მილიარდი ევროს ეკვივალენტია (საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით). და ამ დროს ბლოკი უკრაინას მხოლოდ 2 მილიარდ დოლარს აძლევს. განა უმჯობესი არ იქნებოდა, ნავთობის იმპორტი ყოფილიყო, ევროკავშირს მეტი შემოსავალი მიეღო და უკრაინისთვის მეტი ფული მიეცა?

"პრობლემა ისაა, რომ დღევანდელ დასავლელ პოლიტიკოსებს არასოდეს ჰქონიათ მოლაპარაკებები ბანდიტებთან", - აცხადებს მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელსაც კრემლი ჰყავს მხედველობაში, - [ვლადიმერ პუტინთან] მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს, როცა ის იგრძნობს, რომ დასუსტებულ მდგომარეობაში იმყოფება".

როგორც "პოლიტიკო" წერს, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აკრძალვაზე უფრო ჭკვიანური იქნებოდა, რომ რუსულ ნავთობზე ტარიფები დაწესებულიყო, რათა მოსკოვს ციმბირული საწვავი სხვა ქვეყნებში არ გადაემისამართებინა. რუსული ნავთობკომპანიები ევროკავშირზე დარჩებოდნენ მიბმულნი, ფასები არ გაიზრდებოდა და რუსები მეტ შემოსავალს არ მიიღებდნენ, რომელსაც ბიუჯეტი სამხედრო მიზნებით იყენებს.

დღეს კი რუსული ნავთობის ფასები რეკორდულად არის გაზრდილი და მოსკოვი ზღაპრულ შემოსავლებს იღებს.

თუმცა, სანქციების შემოღების მომხრეების თქმით, ემბარგოს შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოჩნდება - ევროპა სწორად იქცევა, როცა რუსული ნავთობის უარყოფას აცხადებს, რასაც, ალბათ, ბუნებრივი გაზით სარგებლობაზე უარიც მოჰყვება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ