"თუ პოლიტიკაში ბიუჯეტის სახრავად და ჩინოვნიკის სავარძელში სატკბობად მოდიხარ, ყველაფერი მარტივია" - რატომ თქვა უარი კახა კოჟორიძემ პოლიტიკოსობაზე? - კვირის პალიტრა

"თუ პოლიტიკაში ბიუჯეტის სახრავად და ჩინოვნიკის სავარძელში სატკბობად მოდიხარ, ყველაფერი მარტივია" - რატომ თქვა უარი კახა კოჟორიძემ პოლიტიკოსობაზე?

"ნუთუ საკუთარი ქვეყნის პარლამენტის დაკომპლექტება სახლის რემონტზე ნაკლებად მნიშვნელოვანია?!"

პოლიტიკაში საკუთარი საქმიანობის პლატფორმად იურისტმა კოჟორიძემ პარტია "ლელო" აირჩია. ის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, მაგრამ მერე პოლიტიკა დატოვა და ახლა კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა. რას ელოდა და რა დახვდა იურისტ კახა კოჟორიძეს პოლიტიკაში, რატომ დატოვა "ლელოს" პოლიტსაბჭო და რას ფიქრობს ყოფილ თანაპარტიელებზე, სხვა პოლიტიკოსებზე და რა პრობლემებს ხედავს პოლიტიკურ მინდორზე?..

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"წლების განმავლობაში ისე ვსაუბრობდი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, რომ პოლიტიკოსის სტატუსი არ მქონდა. ჯერ საიას იურიდიული დახმარების დირექტორის, შემდეგ საიას თავმჯდომარის და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციიდან ძირითადად, კრიტიკულად ვაფასებდი მოვლენებს. რაღაც მომენტში ჩემს თავს ვუთხარი, - კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღება და რეფორმების სწორად წარმართვა, მოდი, თავად მიიღე ამ პროცესში მონაწილეობა-მეთქი. ცხადია, ვიაზრებდი, რომ ოპონენტები ობიექტურად არ შეაფასებდნენ ჩემს ნაბიჯებს. შესაბამისად, კრიტიკასაც ველოდი და შეურაცხყოფასაც. თმენის ვალდებულება არასდროს დამირღვევია..." "სიღარიბე ადამიანს საბიუჯეტო დახმარებაზე დამოკიდებულს ხდის. წინასაარჩევნოდ დახარჯული პარტიული შავი ფულით უფრო ადვილი ხდება შიმშილის პირას მყოფი ადამიანების ხმების ყიდვა. პოლიტიკოსები ხშირად თავს იწონებენ - ბევრ ადამიანს ვეხმარებითო. ვიღაცის აზრით, შეიძლება ეს კარგია, მაგრამ სინამდვილეში, ასეთი ქმედებით ღარიბ ხალხს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებენ - ან იმ პოლიტიკოსის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი, ვისი ხელიდანაც იკვებება, ან ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს..."

"მარცხის, წარუმატებლობის არასდროს შემშინებია. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, სამსახურიდან უსამართლოდ გამათავისუფლეს. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვით დავიწყე, სასამართლოში პირველი სარჩელი ჩემი სახელით შევიტანე. მერე ამან წარმატებამდე მიმიყვანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ წარუმატებლობა ჩემთვის სტიმულია. თუმცა, პოლიტიკაში პრობლემა სხვაგვარად დადგა. ვეთანხმები კონსტანტინე გამსახურდიას: ,,თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს..."

"ახლა გაცილებით მეტად მესმის პოლიტიკოსების, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ შიდა სამზარეულოს არ ვიცნობდი. როდესაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, ერთმა ნაცნობმა პოლიტიკოსმა მომწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში ანუ ქართულ პოლიტიკაში“. თუ პოლიტიკაში ბიუჯეტის სახრავად და ჩინოვნიკის სავარძელში სატკბობად მოდიხარ, ყველაფერი მარტივია, მაგრამ თუ იდეალები მოგაქვს, მაშინ ურთულესი გზის გავლა გიწევს და მაინც დაუფასებელი ხარ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე