მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, დუმილის 241 დღე და დაბრუნება რეალობაში - კვირის პალიტრა

მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, დუმილის 241 დღე და დაბრუნება რეალობაში

მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, დუმილის 241 დღე და დაბრუნება რეალობაში - თორნიკე ჯგერნაიას მიერ ომის თემაზე შექმნილი ემოციური ტილოები

თორნიკე ჯგერნაიასთან სულ ასე ხდება: ემოცია მოდის, ვულკანივით ამოხეთქავს, "გაისვრის", ის კი მეორე დღიდანვე უკვე ახალ იდეაზე ფიქრს იწყებს. "გუშინ მე ჩავიდინე საჯარო თვითმკვლელობის აქტი, კიდევ ერთი "მე" მოვკალი. დღეს უკვე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო მომავალში და ვიწყებ ჩემს ემოციებზე ნადირობას", - ასე პასუხობს ყველას, ყოველი პროექტის შემდეგ. ის წლების წინ, როგორც სამკაულის დიზაინერი, გავიცანი. წერდა და დღესაც წერს ხატებს. ხატწერისა და საიუველირო საქმიანობის პარალელურად, სამკაულის ახალ-ახალი კოლექციების წარდგენისას, ყოველთვის ორიგინალურ გზას ირჩევდა. 2018 წელს წიგნი გამოსცა და სათავგადასავლო მისტიკური დრამის "უკანონო შვილის" ავტორადაც მოგვევლინა. მერე მცირე ხნით "დაიკარგა", თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი...

tornike0-1655967075.jpeg

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ტელევიზიაში მუშაობა პანდემიის დაწყებიდან 3-4 თვეში დავიწყე. რამდენჯერმე მქონდა იდეა პანდემიის თემაზე გამოფენა-პერფორმანსი გამეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული საკითხის მიმართ ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება მქონდა, სანამ მკაცრი რეგულაციები არ მოიხსნა, ეს ნაბიჯი არ გადავდგი. მერე კი პანდემია ომის თემამ შეცვალა... ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში მიწევს მუშაობა. არ გამჭირვებია, რადგან პატარა ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი..."

1-1655967102.jpeg

"არ მიყვარს დაკონკრეტება, ამიტომ ასე ვიტყვი: ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სამკაულების დამზადების საქმესთან, რომლის დროსაც გიწევს მუშაობა "შხამებთან", მძიმე ლითონებთან: ოქრო, ვერცხლი, მინანქარი. შემდეგ იწყება თერაპიის კურსი, არცთუ ისე იოლი, და ამას მოჰყვება ოპერაცია. შუალედში მითხრეს, რომ ეს საქმიანობა უნდა დამევიწყებინა. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. არ ვიცი, რა უფრო რთული იყო - საქმეს ჩამოშორება რომ მომიწევდა თუ ის, რაც მჭირდა. იმ დროს მე "გავქრი", თითქმის არავისთან მქონდა კონტაქტი. ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყველაფრის გადაფასებამ მომიწია..."

"გარკვეული პერიოდი ძალების აღსადგენად დამჭირდა და დუმილის 241 დღე დავასრულე 2019 წლის 25 დეკემბერს, ამავე სახელწოდების პერფორმანსით "დუმილის 241 დღე". ჩავჯექი დიდ შუშის კუბში, მაყურებელი მოდიოდა, თვალებში მიყურებდა, მაგრამ ჩვენ შორის არსებული შუშის ბარიერი მათ ახლოს მოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მაშინ რომ მკითხეს, თუ რისი თქმა მსურდა ამ პერფორმანსით, ვუპასუხე: ჩვენ ერთმანეთის ჩახუტება შეგვიძლია, მაგრამ ამას ვერ ვაფასებთ. შეიძლება ისეთი დრო დადგეს, ერთმანეთის ჩახუტება აღარ შეგვეძლოს და ამას მხოლოდ სითბოს დეფიციტი მიგვახვედრებს-მეთქი. ეს პერფორმანსი გაიმართა 25 დეკემბერს და იანვრის ბოლოს უკვე მთელ დედამიწას გამოუცხადეს, რომ პანდემია დაიწყო..."

tornike1-copy1-1655967148.jpeg

"საქართველოდან გამგზავრებაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ვგეგმავ. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ამბობს, რომ ჩემს ქვეყანაში არ დამაფასეს და ამიტომ სხვაგან უნდა წავიდე. არა, ამას სხვა მიზეზი აქვს. გულახდილად გეტყვი, ემოციური რესურსი ფიზიკურად ამოწურვადი არ არის, მაგრამ ტილოს შექმნა, პერფორმანსის გაკეთება და მუშაობის გაგრძელება თანხებთან არის დაკავშირებული. არტისტმა რომ იმუშაოს, ელემენტარული პირობები სჭირდება. წასვლა სწორედ ამის გამო მინდა, რომ დავბრუნდე და როცა ჩამოვალ, მხოლოდ გამოფენაზე ვიფიქრო და არა იმაზე, თუ საიდან მოვიძიო მის გასამართად თანხები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე