სახელმწიფო საბჭო ალყაში, ტელევიზია ტანკის სამიზნეში... - კვირის პალიტრა

სახელმწიფო საბჭო ალყაში, ტელევიზია ტანკის სამიზნეში...

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის მიერ გახსენებული ცხინვალის პირველი ომის 30 წლის წინანდელი ერთი ეპიზოდი...

1992 წლის 21 ივნისს, დილაუთენია, თბილისიდან, თავისუფლების მოედნიდან ცხინვალის მიმართულებით წითელი "იკარუსის" ავტობუსი დაიძრა, რომელშიც მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს რიგ წევრებთან ერთად რამდენიმე ჟურნალისტიც იმყოფებოდა, მათ შორის - მე, როგორც ყოველკვირეულ გაზეთ "7 დღის" წარმომადგენელი.

მაშინ თავს ჟურნალისტად ჯერ კიდევ არ ვთვლიდი, რადგან "7 დღეში" მხოლოდ ერთი ერთობლივი სტატია თუ მქონდა გამოქვეყნებული თბილისის საავიაციო ქარხანაზე და ეს ჩემი მეორე სარედაქციო დავალება გახლდათ.

იმ დროს ორმხრივი სროლები ცხინვალის მიმდებარედ არ წყდებოდა და ჩვენს "იკარუსს", ბუნებრივია, არავინ მიუშვებდა ქალაქამდე. ამიტომაც სახელმწიფო საბჭოს წევრებმა ოს-ფრისის პოზიციიდან ცხინვალის შორიდან ყურებით, ტყვიების წუილის ფონზე, გული რომ იჯერეს, შემდეგ ერედვიდან ვანათისკენ გასწიეს ჩვენი "იკარუსით", რომელსაც წინ ძველი ჯავშანტრანსპორტიორი მიაცილებდა, რომლის კოშკურაზე სტომატოლოგიური სავარძელი იყო დადუღებული, რომელზეც, თავის მხრივ, სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზნის" რაკეტის გამშვები გახლდათ დამაგრებული.

სოფელ ვანათში, ჩვენი დელეგაციის შესვლიდან მალევე, ინტენსიური ცეცხლი ატყდა. ადგილობრივებმა აგვიხსნეს, მეზობელი ოსური სოფლიდან - დმენისიდან გვესვრიანო და შეიძლება სოფლის ალყაში აღება სცადონ, რადგან გაიგეს, თბილისიდან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსულანო...

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ცეცხლის ქვეშ აღვმოჩნდი, მანამდე ავტომატიდანაც მისვრია და საბჭოთა ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტიც კი ვიყავი, მაგრამ ერთია, როდესაც შენ პოლიგონზე ისვრი და მეორე, როდესაც "კალაშნიკოვებიდან" უკვე შენი მიმართულებით ისვრიან...

ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ჟურნალისტები და სახელმწიფო საბჭოს რამდენიმე წევრი ვანათის სკოლის სპორტულ დარბაზში შეგვრეკეს, გარეთ კი ადგილობრივები იარაღით დარბოდნენ, რომელთა მხარდამხარ უშიშრად გადაადგილდებოდა პოზიციიდან პოზიციაზე და "ნაგანის" რევოლვერიდან ისროდა ჩვენი "იკარუსის" ერთ-ერთი მთავარი მგზავრი - ნოდარ ნათაძე...

შეიარაღებული ოსების სკოლაში შემოჭრა ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი, მაგრამ რა გვექნა დანარჩენებს? - იარაღს არავინ გვაძლევდა, თავისთვის არ ჰყოფნიდათ და იძულებული ვიყავით, სიმწრისგან კალათბურთის ბურთი ფარისთვის გვეტყორცნა...

რა ვიცოდი, რომ 12 წლის შემდეგ, 2004 წლის 12 ივლისს, სოფელ ვანათის სწორედ ამ სკოლის სპორტულ დარბაზიდან ოსები ტყვედ აიყვანდნენ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს და ცხინვალის ცენტრში სამარცხვინოდ დააჩოქებდნენ...

მე კი იმავე დღეს მოვასწრებდი თბილისიდან ვანათში ჩასვლას, სკოლის იმ დარბაზის დათვალიერებას, შემდეგ ცხინვალში შესვლას, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის წარმომადგენელი და ჩვენი ბიჭების მონახულებასა და ნუგეშისცემას ცხინვალის ციხეში...

2-1655971263.png
ბლოგის ავტორი ცხინვალის პირველ ომში, 30 წლის წინ...

მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ იქნება, მაშინ კი, 1992 წლის 21 ივნისის მიწურულსა და 22 ივნისის გამთენიისას (გასაგებია, რომელ თარიღთან მექნებოდა ასოციაცია) იმ წითელი "იკარუსის" მგზავრების ბედი წყდებოდა, რომლებიც, სახელმწიფო საბჭოს წევრების სახით, საუკეთესო ლუკმას წარმოადგენდნენ სეპარატისტებისთვის, მათი ხელში ჩაგდების შემთხვევაში.

სახელმწიფო საბჭოს, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით ჩამოგდების შემდეგ საქართველოს დროებით მთავრობას წარმოადგენდა, წევრების დატყვევების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელებულა, თუმცა ვანათის სკოლის სპორტდარბაზში შეყუჟულებმა თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როდესაც სოფელში სროლა-სროლით ჯავშანტექნიკა შემოჯლიგინდა და აღმოჩნდა, რომ ქართველი გვარდიელები ცეცხლის ქვეშ, ჩვენს სამშვიდობოზე გასაყვანად მოსულიყვნენ.

"იკარუსით" რომ გვეცადა ერედვისკენ დაბრუნება, ალბათ, ავტობუსშივე ჩაგვცხრილავდნენ, რადგან ვანათიდან გამოსასვლელი გზის მკვეთრი მოსახვევი დმენისელ ოსებს გამოთოფილი ჰქონდათ და აბსოლუტურად დაუცველი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებს გადარჩენის მცირე შანსიც კი არ გვექნებოდა.

ვანათში შემოღწეული ქართული გვარდიის ქვეითთა საბრძოლო მანქანაში, ჯავშანტრანსპორტიორსა და სადაზვერვო ჯავშანმანქანაში "იკარუსის" მგზავრები გადაგვანაწილეს - მახსოვს, ამ უკანასკნელის ლუკში ნოდარ ნათაძის შემდეგ ჩავძვერი.

ერედვამდე, ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ, რადგან ჯავშნის შიგნიდან არ ჩანდა, რას და როგორ გვესროდნენ. ერედვის ცენტრში ჯავშანმანქანის ლუკიდან ამაყად ამოვძვერი, თავი გმირი მეგონა, სანამ სიბნელიდან ნაცნობმა ხმამ მიწაზე არ დამაბრუნა, გადატანითი და პირდაპირი გაგებითაც - ამას აქ რაღა უნდაო...

თემქელები, ჩემი სკოლელები და მეზობლები აღმოჩნდნენ, რომლებიც ქართული გვარდიის ერთ-ერთი პირველი არტილერისტები გახლდნენ (შემდგომში მათ გვერდით არა ერთ დღეს გავატარებ ისევ ცხინვალთან, შემდეგ - აფხაზეთში, კელასურთან თუ ახალ კინდღში, პოზიციებზე) და, თურმე, სწორედ მათაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ იმ დღეს სახელმწიფო საბჭოს წევრები, თანხმლებ ჟურნალისტებთან ერთად, დატყვევებულები არ აღმოვჩნდით და ცხინვალში არ წაგვასხეს.

ჩვენს არტილერისტებს "მტლბ"-ს გამწევით "დ-30" ტიპის ჰაუბიცა ბუქსირით აუტანიათ პოზიციაზე და ოსური სოფლის - დმენისის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე არსებული ძველი ციხის ნანგრევებისკენ, საიდანაც ქართულ ვანათს ცხრილავდნენ, ორ ათეულზე მეტი 122 მმ კალიბრის ჭურვი პირდაპირი დამიზნებით უსვრიათ (გასროლების გრუხუნის ხმა ვანათის სკოლის კედლებშიც აღწევდა) და ისე ჩაუხშვიათ ოსების საცეცხლე წერტილები...

ჩვენმა არტილერისტებმა ერთ-ერთი პირველი საბრძოლო ამოცანა წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს, ოღონდ ერთი ის იყო, რომ როდესაც საცეცხლე პოზიციის დასაკავებლად და ჩვენს გადასარჩენად მიემართებოდნენ, წამოუწვიმია და უფიქრიათ - დასველებას სჯობს "მტლბ"-ს შიგნით ჩავიდეთო, რამაც ისინი გადაარჩინა, რადგან ოსების მიერ შედარებით შორიდან ნასროლმა ტყვიებმა "მტლბ"-ს ჯავშანი ვერ გახვრიტა, ხოლო მანქანის შიგნით მყოფებს უფიქრიათ, წვიმა სეტყვამ შეცვალაო - ჯავშანზე მოხვედრილი ტყვიების ხმა ჯერ კიდევ ბრძოლებში ნაკლებად გამოცდილებმა სეტყვის მარცვლების დაცემად აღიქვეს...

ასე იყო თუ ისე, დიდი თავგადასავლების შემდეგ, თბილისში 22 ივნისის შუადღისთვის დავბრუნდით. მიხაროდა, რომ გადავრჩით, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაც მაწუხებდა - წესით, 22 ივნისს პირველი სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის დამთავრებისა და დიპლომის ასაღებად, მაგრამ იმის მაგივრად, რომ უნივერსიტეტში საგამოცდო ბილეთი მჭეროდა ხელში, იმ დროს ჯავშანმანქანაში ვიყავი ჩაკუჭული და სამშვიდობოზე გამოსვლას ვნატრობდი.

საბედნიეროდ, თურმე, უნივერსიტეტის პროფესურაც უყურებდა ტელევიზორს და ტელეფონის ყურმილში დამაწყნარეს - არა უშავს, მთავარია რომ გადარჩით, ორი დღის შემდეგ, 24 ივნისს გელოდებით გადასაბარებლადო...

დადგა ოთხშაბათიც, 24 ივნისი, გამოცდაზე წასასვლელად ვემზადები, ვაკეში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, მაგრამ რა გამოცდა, რის გამოცდა - ყოფილი მე-8 პოლკიდან მოპარული ტანკით ზვიადისტები დილაუთენია, თურმე, ტელევიზიის შენობაში შეჭრილან და მიდის გაცხარებული ორმხრივი სროლა და ტყვიები ვარაზის ხევშიც წუიან და უნივერსიტეტის კორპუსებისკენაც მიფრინავენ...

მე და ჩემი გამოცდა ჯანდაბას, მაგრამ იმ დღეს, 1992 წლის 24 ივნისს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, თურმე, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან ხელს აწერს ხელშეკრულებას (ზვიადისტების მიერ ტელევიზიის შენობაში შეჭრის დრო შემთხვევით არ დამთხვევია სოჭის მოლაპარაკებებს), რომელიც ისტორიაში "დაგომისის შეთანხმების" სახელით შევა და რომელიც მართალია 12 წლით, 2004 წლის ზაფხულამდე შეწყვეტს ცეცხლს ქართველებსა და ოსებს შორის, მაგრამ, სამაგიეროდ, სამაჩაბლოში ოფიციალურად განთავსდებიან რუსული და ჩრდილოოსური "სამშვიდობო " ბატალიონები, რომლებიც თავის, "ტროას ცხენის" ფუნქციას შეასრულებენ უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს...