"ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი, ეს არის ახალგაზრდობა" - კვირის პალიტრა

"ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი, ეს არის ახალგაზრდობა"

ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი და ორიენტირი ქართულ-პროევროპულ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდობა , - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის აქციაზე ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა, რაც ასეთი რაოდენობით სხვა აქციაზე აქამდე არ ყოფილა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, თუმცა, ამასთან, აუცილებელია "სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ მოძრაობას ქუჩაში მივეხმაროთ.

"ასეთი მასშტაბის აქცია, სადაც დიდი უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, არ მგონია ახალგაზრდობის წილი სხვა აქციაზე ამდენი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში და მივიღეთ ახალი რეალობა. პირობითად, ამ 100 000 ადამიანში ნახევარიც არ იქნებოდა გამოკვეთილი პარტიული მხარდამჭერები, - "ნაცების“ თუ სხვა პატარა პარტიების ერთად აღებული. ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პროევროპული ქართული საზოგადოება, რომელიც სანახევროდ არ იყო პოლიტიკით ასე დაინტერესებული, ძირითადად ახალგაზრდობა და სტუდენტები, ერთად დადგნენ და თქვეს "ჩვენ გვინდა ევროპა და ხელს ნუ გვიშლით.“

იმ 100 ათასიანმა მიტინგმა დაინახა ახალი ორიენტირი. ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი და ორიენტირი ქართულ-პროევროპულ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდობა. ეს არის "სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული ახალი მოძრაობა და მივეხმაროთ ამ მოძრაობას ქუჩაში. პარლამენტი, ეს არის პოლიტიკის ექსკლუზიური ადგილი, ყველა, ვინც პარლამენტშია იმუშაოს პარლამენტში, როგორც მოგვიწოდებენ ევროპელები. ჯერ პარლამენტში შევაჯანჯღაროთ კარგად ერთმანეთი და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობების მოწესრიგება.

ამ ვითარებაში უნდა მოუგრიხო კისერი, უნდა მოუგო [ხელისუფლებას]. მოუგებ, საზოგადოებრივი ზეწოლით და პარლამენტში აქტიური მუშაობით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"