"მონადირე ქალი არასდროს ვყოფილვარ" - კვირის პალიტრა

"მონადირე ქალი არასდროს ვყოფილვარ"

"მაკვირვებს ადამიანთა უტიფრობა... პოლიტიკოსები მაოცებენ დაუნდობლობით, სიყალბით, კაცობრიობისადმი დამოკიდებულებით. ამიტომ ვამბობ, უღმერთო ადამიანი ბრიყვია", - ამბობს მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რას თვლის თავის ყველაზე დიდი სისუსტედ, რის ეშინია, რა დროს ამბობს ტყუილს და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ეს სურვილი სკოლამდელ ასაკში მქონდა. ჩემი მეზობელი, ოპერისა და ბალეტის წამყვანი მოცეკვავე ციცა ბალანჩივაძე გახლდათ, დიდი კომპოზიტორის - ანდრია ბალანჩივაძის ქალიშვილი. მისი სიარულის მანერა, გარეგნობა ძალიან მომწონდა. ციცა კეთილგანწყობილი იყო ეზოს ბავშვებისადმი. პატარა რომ ვიყავი, პუანტებს მჩუქნიდა, ეზოში ამ პუანტებით ფეხბურთს ვთამაშობდი. მართალია, კარში ვიდექი, მაგრამ... რაც მთავარი იყო, პუანტები მეცვა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ რთული პიროვნება ვარ. ეს არის ტყუილი, ტყუილი, ტყუილი...

- როგორ ფიქრობთ, ეს შთაბეჭდილება რატომ ექმნებათ?

- ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ ადამიანი, ვისაც თამაში სცენაზე უყვარს, ცხოვრებაში თამაშს ვერ ვიტან.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ნაკლებ შეცდომებს დავუშვებდი. უფრო მეტად ვეცდებოდი, ღვთის შიში მქონოდა. ზოგიერთისგან მსმენია, ღმერთის შიში რატომ უნდა მქონდეს? გიყვარდეს, კი ბატონო, მაგრამ ასე ადვილი არ არის ქრისტეს მეგობრად უეცრად იქცე, ჯერ რიდი უნდა გქონდეს. ადამიანს მშობლის რიდი თუ არ აქვს, უფლის რიდი როგორ ექნება?! ამის შემდეგ ნაკლები განსაცდელი შეგვხვდებოდა, მცნებებს დავიცავდით. ადამიანს ყველაფერი უკან უბრუნდება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...თვლიდნენ, რომ იყო ჩემი პირველი როლი სპექტაკლში "მერი პოპინსი", მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი წარმატება და დიდი გარდასახვა მოხდა "საშობაო სიზმარში" (ლილიენი), ეს პერსონაჟი არანორმალურად მიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...პირველ რიგში - დედას, რომელმაც შემაყვარა თეატრი, შემდეგ რეჟისორებს: სერგო ფარაჯანოვს და რობერტ სტურუას. ყველა პრემია, რომელიც მიმიღია, მათი რეჟისორობით ნათამაშები როლებია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეჟისორი ყველა ინტონაციას გასწავლის, ღმერთმა დამიფაროს! ის ისეთ სვლებს გთავაზობს, შენს როლს თავად ხსნი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გულში ქრისტე მყავს და რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს მიმატოვებს, სულ ჩემ გვერდითაა, ამას ვგრძნობ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვუსმინო მუსიკას. მე რომ მკითხოთ, მუსიკა ქუჩაშიც უნდა ჟღერდეს. ზოგჯერ ბახის მოსმენა მინდა, ზოგჯერ - ჯაზის, განწყობას გააჩნია, მეტალიკა არ მომწონს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თვალთმაქცობა არ მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...უამრავი (იცინის). ხანდახან საჭიროა გენიალური შოთა რუსთაველის სიტყვები გაითვალისწინო: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". უკვე დიდი ხანია, ასეთ შეცდომებს აღარ ვუშვებ, მაგრამ წარსულში ბევრჯერ დამიშვია. ბეწვის ხიდზე სიარულია, არც ითვალთმაქცო და არც სიმართლე მიახალო, იქ, სადაც საჭიროა არ არის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

- ყველა სწავლობს?

- დიახ. ხომ ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო. ასე არ არის, რამეს თუ სწავლობ, სწავლობ იმ გამოცდილებიდან, რომელსაც საკუთარ თავზე სცდი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერავის შეცდომებზე ვერ სწავლობენ და საერთოდ, ასეთები არასდროს არაფერს სწავლობენ, ახლა ბევრი მაგალითი გამახსენდა. სინანული რომ არ აქვთ, საკუთარ თავს არაფერში რომ არ იდანაშაულებენ, ეს მათთვის დიდი განსაცდელია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად შეინანებს. სახარებაც ამას გვასწავლის, რამდენჯერაც შეინანებს, იმდენჯერ უნდა ვაპატიოთ. შურს არასდროს ვიძიებ, უბრალოდ გავეცლები, რადგან მისდამი ნდობა მეკარგება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ამ ოპტიმიზმს და იმედს ჩემი რწმენა მაძლევს. მიკვირს, როგორ ცხოვრობენ დედამიწაზე უღმერთო ადამიანები. იდეალების გარეშე ყოფნა რა ცხოვრებაა?

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იერუსალიმში, ჩემს შვილთან ერთად. ისრაელში ერთხელ ვარ ნამყოფი, მოვილოცე ის ადგილი, სადაც ქრისტე დაიბადა. სრულიად შემთხვევით, ქუჩაში რუსულად მოლაპარაკე ხატმწერი გავიცანი, მან გეთსამანიის ბაღში შეგვიყვანა. ასე სასწაულებრივად მოვხვდი ბევრ ადგილზე. იერუსალიმი - ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, საიდანაც სახლში არ გეჩქარება; სადაც უნდა წავიდე, სხვაგან ეს განცდა არ მაქვს. აღდგომის ტაძარში, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე ვნახე, იდგა ფერადკანიანი ქალი და ტიროდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. იქ 2000 წელი ქრება და თითქოს შენ შენი ცოდვებით იმ ბრბოს ნაწილი ხარ, ქრისტე რომ ჯვარს აცვა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, სულ ვეუბნებოდი: იცოდე, დედა ყველაფერს გაპატიებს, უზრდელობის და უხეშობის გარდა-მეთქი! კიდევ კარგი, ძალიან თავაზიანი და ზრდილობიანი შვილი მყავს. უზრდელობა და უხეშობა არის ბოროტების ერთ-ერთი მახინჯი სახე.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? - ახსნა ძალიან რთულია. დედის სიყვარული შვილის მიმართ უპირობოა. ბედნიერებაა, როდესაც შენ ადამიანის მიმართ შეგიძლია ასეთი სიყვარული. ხანდახან ასე ქალსა და მამაკაცს შორისაც ხდება, ეს არის სიყვარული.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს არ ყოფილა ღრმა ბავშვობის პერიოდში. რომ წამოვიზარდე, კარგი გოგო ვიყავი, სკოლაში ორმა ბიჭმა ამიხსნა სიყვარული და არ მესიამოვნა. როგორც ჩანს, ის ბიჭები არ მომწონდნენ (იცინის). პირველი სიყვარული გვიან ასაკში მოვიდა (თუ შეიძლება სიყვარული დავარქვა, გატაცება უფრო იყო). პირველი ნაბიჯს მამაკაცი თუ არ გადმოდგამდა, თავად ინიციატივას არასდროს ვიჩენდი; მონადირე ქალი არ ვარ, ეს ჩემს ბუნებაში არ არის.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანთა უტიფრობა. თვალებში რომ გიყურებს და გატყუებს, შენ სიმართლე იცი და ის იმდენად სულელია, ვერც ხვდება, რომ არ აგრძნობინებ. პოლიტიკოსები მაოცებენ დაუნდობლობით, სიყალბით, კაცობრიობისადმი დამოკიდებულებით. ამიტომ ვამბობ, უღმერთო ადამიანი ბრიყვია. ვთვლი, რომ "ნაც ბანდამ" ჩემს სამშობლოს დიდი ზიანი მიაყენა, ამიტომ მათ წინააღმდეგ ყოველთვის წავალ. ჩვენი ტელევიზიები მათზე ბევრს ლაპარაკობენ და ასე აცოცხლებენ, არადა, სრული იგნორი უნდა იყოს. ისინი არ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ხელების გადაგრეხვით, ამ დამნაშავე ხალხს გვაძალებენ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემი შვილის წარმატებამ, მისმა სითბომ, მოფერებამ და კარგმა მუსიკამ. მუსიკა ჩემი "წამალია".

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. ფრთხილი ვარ... არასდროს მინანია კონკრეტული ნაბიჯების არგადადგმა, უარი ნათქვამ როლებზე. ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...პატიება მიჭირს. უეცრად უცხო ვხდები იმ ადამიანის მიმართ, მას არც არაფერს ვუშავებ, არც სამაგიეროს ვუხდი (ეს ძალიან დამამცირებელია), მაგრამ ვთვლი, რომ ეს სისუსტეა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ხშირად ვტირი. სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდი, რასისტების დროინდელ პერიოდზე ვკითხულობდი, იქ ისეთი ფოტოები იყო, შეუძლებელია, არ ატირდე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ სიამოვნებს. ვიღაც შეიძლება ძალიან მორცხვი იყოს და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდეს. როგორ არ უნდა მსიამოვნებდეს შექება, აბა, სცენაზე რისთვის გამოვდივარ, რომ მაძაგონ? საქებარი სიტყვების მოსმენისას გონიერება უნდა გეყოს და გაანალიზო, ის სიტყვები მართლა გეკუთვნის თუ არა.

- შიში მაქვს...

- ...იმის, რომ ცხოვრება ძალიან დაუნდობელი და სასტიკი გახდა. ჩემი შვილის გამო რაღაცების მეშინია. ის 20 წლის არის. მე რომ მის ასაკში ვიყავი, ამდენი განსაცდელი არ გვქონდა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხშირად არ მსაყვედურობენ, მაგრამ ვგრძნობ, რის გამო უნდა მითხრან საყვედური და ხათრის გამო არ მეუბნებიან. საშინელი დამგვიანებელი ვარ, ოღონდ ეს არ ეხება სპექტაკლს. სულ ვცდილობ, არ დავიგვიანო, მაგრამ მაინც ასე გამოდის; არ ვიცი, რა ხდება, ბოლო წუთებში დრო სასწაულად ჩქარდება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა, სათანადოდ არ მოვინდომე.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა ადამიანს ვაწყენინო, როცა სიმართლის თქმა პრინციპული არ არის.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...ადამიანების გაწბილების.

- თავისუფლება არის...

- ...სულის მდგომარეობა. თავისუფალი ან ხარ, ან - არა. მერაბ კოსტავა ციხეშიც თავისუფალი იყო. თავისუფლება თავაშვებულობა არ არის. თავისუფლება სწორედ საკუთარი თავისთვის აღვირის მოჭერაა, შენი თავის ფლობაა.

- მენატრება...

- ...დედა მამა, ბებია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...არ დავდივარ სტუმრად, მარტო ყოფნა და ფიქრი მირჩევნია, ამ დროს სიმშვიდე უმთავრესია. სულიერი ჰარმონიის დაკარგვა არის უბედურება და მისი მოპოვება - ბედნიერება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სკოლაში ბოლო კლასში ვსწავლობდი, როცა ადამიანმა, რომელთანაც საერთო ნათლული მყავდა, ბავშვის დაბადების დღის შემდეგ, ტაქსით წამომიყვანა. როგორც ჩანს, რომ შეზარხორშდა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. როგორც მამაკაცი, მანქანაში "გამეჭიდავა". პატარა ვიყავი, ის ჩემზე უფროსი იყო და ამან ცოტათი დამაბნია. ჩემი ტოლი რომ ყოფილიყო, ვიცოდი, რა პასუხსაც გავცემდი. ძალიან შეწუხებულმა ეს ამბავი მამაჩემს ვუთხარი, - ჩემზე ცუდი რატომ იფიქრა-მეთქი? მამამ მას "ხიხო" უწოდა. ისე დამელაპარაკა, შეურაცხმყოფელი გრძნობა წამში მომეხსნა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს: ხდება ხოლმე, შურით ტყუილს რომ მოგიგონებენ. ერთ დღეს ინსტიტუტიდან შინ დაბრუნებულმა ამის გამო ვიტირე. დედამ მითხრა, - დედიკო, უჭორველი არც ერთი მსახიობი არ იყოო. ამის შემდეგ ბევრ რამეს უკვე მარტივად ვუყურებ.

სერგო ფარაჯანოვს შინ ჩარჩოში ჩასმული მონეტები ჰქონდა, ვითომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი, სინამდვილეში რძის ბოთლის ვერცხლისფერი თავსახურებისგან, საკუთარი ხელით ჰქონდა დამზადებული, მაგრამ იმდენად გემოვნებით, მართლა დაიჯერებდით, რომ უძველესი იყო. ერთ დღეს ინსტიტუტში ფრანგულის პედაგოგს ვთხოვე, ცოტათი ადრე გამიშვით, ფარაჯანოვი მელოდება-მეთქი, გადაღების პერიოდი იყო. მან თქვა: ოჰ! ფარაჯანოვს თავის პატარა ბინაში რამდენი სიმდიდრე ჰქონია შეკუჭული. მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ეს ამბავი ფარაჯანოვს რომ ვუამბე, მითხრა: ნუღარ დაარწმუნებ, სჯეროდეთ, რომ მდიდარი ვარ. წარმოგიდგენიათ, საზოგადოებას როგორ იცნობდა? იცოდა, მდიდრებს უფრო მეტ პატივს რომ სცემენ. სამწუხაროდ ასეა, არა? აბა, კარგად დააკვირდით.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ღმერთმა არ მოგიშალოთ იმედი, სიკეთე, სიყვარული... ყველას მხნეობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"