"ახალი მერკელის ძიებაში: ვინ არის ის ლიდერი, რომელიც ევროკავშირს რუსეთის საფრთხის წინაშე დარაზმავს?" - კვირის პალიტრა

"ახალი მერკელის ძიებაში: ვინ არის ის ლიდერი, რომელიც ევროკავშირს რუსეთის საფრთხის წინაშე დარაზმავს?"

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ახალი მერკელის ძიებაში: ვინ არის ის ლიდერი, რომელიც ევროკავშირს რუსეთის საფრთხის წინაშე დარაზმავს?" (ავტორი - ეკატერინა ადლერი, ევროპის ახალი ამბების რედაქტორი).

"უკრაინელები რუსეთის არმიას ებრძვიან და იღუპებიან, რუსეთი ლიეტუვას ღიად ემუქრება, გერმანელები გაზის მკაცრ ეკონომიას იწყებენ, გაერო კი გლობალურ შიმშილზე გვაფრთხილებს, უკრაინის ხორბლის ექსპორტის დაბლოკვის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის მოწმენი ვართ, ეპიცენტრით - ბრიუსელში, და ეს კრიზისი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

ჩნდება კითხვა: ევროპელი ლიდერებიდან ვინ ხელმძღვანელობს ერთობლივი ძალისხმევით კრიზისიდან გამოსვლას? როგორც ჩანს - არავინ.

უახლოეს დღეებში ბევრი უმაღლესი დონის შეხვედრა მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს - ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში, "დიდი შვიდეულის" სამიტი გერმანიაში და უსერიოზულესი სამიტი მადრიდში - ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა.

მაგრამ სადაა ის ადამიანი, ის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, დამაჯერებლად ილაპარაკოს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით?

ანგელა მერკელი, გერმანიის აწ უკვე ყოფილი კანცლერი, ამ როლისთვის იდეალური ადამიანი არ იყო. არავის დაავიწყდება ის, რომ სწორედ ანგელა მერკელს მიუძღვის ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმაში, რომ ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე "დაჯდა", რითაც კრემლმა ევროპაზე გავლენისათვის ბერკეტები მიიღო.

მაგრამ ანგელა მერკელი, პრინციპში, კარგი "კრიზის-მენეჯერის" როლსაც ასრულებდა - როცა საჭირო იყო, მას შეეძლო, ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთად დაესვა და საერთო გადაწყვეტილება მოეძებნა. გავიხსენოთ, მაგალითად, საბერძნეთის კრიზისის მოგვარება ვალებთან დაკავშირებით და სირიის გამო დაწყებული მიგრაციული კრიზისის განმუხტვა.

და დღეს რა ვქნათ?

ოლაფ შოლცმა, რომელმაც ანგელა მერკელი ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის პოსტზე შეცვალა, ხმაურით ჩააფლავა შესაძლებლობა, რომ გერმანია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი გამხდარიყო.

დიახ, ოლაფ შოლცმა "შინ, თავის სახლში" სერიოზული რეფორმები დაიწყო, ივალდებულა გერმანიის არმიის რეფორმირება და სამხედრო სფეროში მსხვილი ინვესტიციების ჩადება - პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელები თავიანთ ისტორიას ძალიან ემოციურად აღიქვამენ.

მაგრამ შეხედეთ, რამდენად დაბალი და "სევდისმომგვრელი" რეიტინგი აქვს კანცლერს ქვეყნის შიგნით, ანდა ჰკითხეთ მის კოლეგებს ევროკავშირის მასშტაბით: შეძლებდა ბატონი კანცლერი მომენტით სარგებლობას? - ვერ შეძლებდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ოლაფ შოლცს მოვლენები ანაზდეულად "თავზე ეყრება" და მას ეშინია, რომ პრობლემების გამკლავებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც კანცლერი ლიდერობას თავის თავზე ვერ იღებს. მისი აუჩქარებელი მოქმედება უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად უნდა ჩავთვალოთ.

ანგელა მერკელმა პოლიტიკური არენა გასულ შემოდგომაზე დატოვა. ემანუელ მაკრონი ფიქრობდა, რომ ევროკავშირის დე-ფაქტო ლიდერის გვირგვინი მას დარჩებოდა... მაგრამ, ამას წინათ, საფრანგეთში ჩატარებულმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა (პრეზიდენტის პარტიამ პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობა დაკარგა) ცხადჰყო, რომ ემანუელი და მისი პარტია ვერც შინ და ვერც გარეთ უკვე დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობს.

ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რუსეთთან ახლოს მდებარეობენ (ვთქვათ, პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები) ემანუელ მაკრონს რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანად და თითქმის "კრემლის კაცად" თვლიან. ივნისის დასაწყისში აღნიშნული ქვეყნების ლიდერები შეშფოთდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდებაზე - არ დავამციროთ ვლადიმერ პუტინი და შევეცადოთ, მას როგორმე სახე შევუნარჩონოთ, სამომავლო დიპლომატიური მოლაპარაკების მიზნით, უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლადო.

დღეს სწორედ ის ქვეყნები ხდებიან ევროკავშირის ახალ ლიდერებად და მამოძრავებელ ძალად, რომლებიც რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები არიან და საერთო გეოგრაფია და ისტორია აქვთ.

დღეს პოლონეთის ხმა - ისევე, როგორც სამი ბალტიისპირა ქვეყნისა - სულ უფრო ხმამაღლა ისმის ევროკავშირშიც და ნატოშიც. ეს სახელმწიფოები გრძნობენ, რომ საბოლოოდ მოვიდა დრო, როცა მათ თვალსაზრისს ყურადღებას აქცევენ რუსეთის საკითხში: ისინი ხომ დიდი ხანია აფრთხილებდნენ ბრიუსელს, რომ მოსალოდნელი იყო უსაფრთხოების კრიზისი კრემლის მოქმედებასთან დაკავშირებით.

ამ ევროპული პოლიფონიიდან (მრავალვალხმიანობიდან), რომელიც ხშირად კაკაფონიაში გადადის, არც უნგრეთი უნდა გამოვრიცხოთ: მისი ახლადარჩეული "ძველი" ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ისეთი თავდაჯერებულია, როგორც არასდროს. დღევანდელი კრიზისისათვის ხელი არც მას არ დაუკლია: უნგრეთი ევროკავშირისათვის "ფეხში შესობილი ხიწვის" როლს ასრულებს. ამას წინათ ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტის მიღებას ნავთობზე ემბარგოს გამოცხადების შესახებ და მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა მას შეღავათები მისცეს.

არადა, სანქციები - ისევე როგორც ევროკავშირის სხვა საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები - ერთხმად უნდა იქნეს მხარდაჭერილი ორგანიზაციის 27 წევრის მიერ, მაგრამ დღევანდელი სერიოზული კრიზისის მიუხედავად, ვერცერთმა ევროპულმა ქვეყანამ, საერთო პოზიციის მიღების მიზნით, ბუდაპეშტის დარწმუნება ვერ შეძლო.

მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაიშლება. გუშინ ევროკავშირის ლიდერების სამიტმა კიევს წევრობისთვის კანდიდატის სტატუსი ერთხმად მიანიჭა, რაც, მართალია, სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენს და პროცესი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ უკრაინას მაინც გზას უხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაფართოებასაც ჰპირდებიან რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ აშკარაა - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი სამხედრო აგრესიას, მით უფრო ძნელი იქნება ერთიანი პოზიციების შენარჩუნება ევროკავშირის შიგნით.

მაგალითად, დასავლეთის სახელმწიფოებს შორის არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინის მიზნები ამ ომში. დიახ, დასავლეთის ქვეყნები თანხმდებიან იმაში, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

ოფიციალურად, რა თქმა უნდა, მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინამ თვითონ უნდა განსაზღვროს, როგორი სამხედრო ამოცანები უნდა ჰქონდეს, მაგრამ უკრაინისათვის კონკრეტული სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის შესაძლებლობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ და რამდენ იარაღს მისცემს კიევს დასავლეთი.

ის სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობენ (ბალტიისპირელები, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელები), უკრაინის იარაღით აღჭურვაში "ქორულ" მიდგომას ამჟღავნებენ. როგორც ესტონეთის პრემიერი კაია კალასი ამბობს, თუ უკრაინას აიძულებენ რუსეთთან ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის მიზნით თავისი ტერიტორია დათმოს, ეს რუსეთს მტაცებლურ მადას არ დაუკმაყოფილებს, პირიქით, კრემლი დამატებით ნაჭრებს მოისურვებს.

ცხადია, ამ ქვეყნებს რუსეთისათვის ჭკუის სწავლება უნდათ. მათ თითქმის იგივე პოზიცია აქვთ, როგორიც დიდ ბრიტანეთს, რომლის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბევრად მკვეთრად გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ და ძალზე ხისტ განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე ევროკავშირის "ასაკოვანი" წევრი-ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები.

ბერლინს, პარიზს და რომს დანარჩენებისგან განსხვავებული მიდგომები აქვთ: ისინი თავიანთი ძალისხმევის კონცენტრირებას იქით მიმართავენ, რომ უკრაინაში ომი დამთავრდეს. რა თქმა უნდა, მათ ეს უკრაინის "სიცოცხლის ფასად" არ უნდათ, ისინი გულწრფელად მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც რუსეთთან ბრძოლაში სისხლს ღვრიან.

მაგრამ დასავლეთ ევროპის ბევრ ლიდერს მუდმივად ახსოვს თავიანთი ქვეყნების მოსახლეობაში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები: ამომრჩევლებს ეშინიათ, რომ უკრაინის ომი გაფართოვდება და დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო საშინელში გადაზარდოს - ბირთვულ ომში. გარდა ამისა, ომთან დაკავშირდებით რომ ფასები მატულობს, ესეც შეშფოთების საფუძველია, ისევე როგორც პოტენციური ახალი მიგრაციული კრიზისი ევროპაში (რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის შავი ზღვის პორტებში დაბლოკვის გამო), როცა შიმშილით შეწუხებული ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა ევროპას "შეესევა".

ამერიკის შეერთებული შტატები ორ სკამზე ჯდომას ცდილობს, როცა ევროკავშირში არსებულ ორ მიდგომას შორის ბალანსირებს. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ დასავლური კოალიციის ერთიანობას შეინარჩუნებს. თეთრ სახლში თვლიან, რომ უკრაინის ომის გათვალისწინებით, გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ახალი ცივი ომია მოსალოდნელი. ამ დროს ამერიკას ევროპის მხარდაჭერა დასჭირდება, რომ რუსეთსა და ჩინეთს წინ აღუდგეს (თუ მოსკოვი და პეკინი მოქმედების ასეთ სცენარს აირჩევენ).

ამერიკას აზიის მხარდაჭერის მიღებაც სურს, ამიტომ იაპონია და სამხრეთ კორეა ნატოს მადრიდის სამიტზე არიან მიწვეულები დამკვირვებლის სტატუსით - ისევე, როგორც ავსტრალია და ახალი ზელანდია.

მთლიანობაში, ეს ყველაფერი წარმოდგენილია დასავლური დემოკრატიული ტიპის ალიანსის სახით. ევროკავშირი ამ ალიანსის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ბრიუსელი უფრო მეტს ცდილობს - მას სურს, რომ ამ ალიანსში საკვანძო პოლიტიკური მოთამაშე იყოს (ცხადია, ეკონომიკური თვალსაზრისითაც).

მაგრამ "ევროკავშირულ ოცნებას" ასრულება არ უწერია, თუ გაერთიანებული ევროპა ისევ ძლივ-ძლივობით გააგრძელებს კრიზისებთან ბრძოლას, გაბედული ხელმძღვანელობისა და გაბედული ლიდერის გარეშე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ