ინტერნეტით ნაყიდი დრონებით რუსეთს სტრატეგიული ქარხანა აუფეთქეს... - კვირის პალიტრა

ინტერნეტით ნაყიდი დრონებით რუსეთს სტრატეგიული ქარხანა აუფეთქეს...

22 ივნისი რუსებისთვის, ბელარუსებისა და უკრაინელებისთვის განსაკუთრებით ტრაგიკული დღეა, რადგან 1941 წლის ამ დღეს ფაშისტურმა გერმანიამ მათი სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა დაიწყო...

24 თებერვალს, ოღონდ უკვე 2022 წლის, პუტინმა ჰიტლერის ვერაგული თავდასხმა ერთი-ერთში გაიმეორა უკრაინელების წინააღმდეგ და მეოთხე თვეა, დაუნდობლად აბომბინებს უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს...

და აი, 22 ივნისის დილას, უკვე უკრაინელებმა საპასუხო „საჩუქარი“ გაუგზავნეს თანამედროვე ფაშისტების - რაშისტების რუსეთს და საჰაერო დარტყმები მიაყენეს რუსეთის ერთ-ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს - ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ქარხანას.

2-1656057909.jpg
რუსეთის ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა საჰაერო დარტყმებამდე

საჰაერო დარტყმების სამიზნე შემთხვევით არ იქნა შერჩეული, რადგან ეს ქარხანა წელიწადში 5 მლნ ტონამდე ნედლ ნავთობს ამუშავებს და 47 უზარმაზარი რეზერვუარი გააჩნია, საიდანაც ბენზინითა და დიზელის საწვავით მარაგდებიან იმ რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ტანკები და ჯავშანმანქანები, რომლებიც უკრაინას აღმოსავლეთი მიმართულებიდან უტევენ დონბასში.

უკრაინას აქამდეც განუხორციელებია წერტილოვანი საჰაერო დარტყმები საზღვრისპირა რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის - მილეროვოს სამხედრო აეროდრომსა თუ ბელგოროდის ნავთობბაზაზე, მაგრამ თუკი მაშინ უკრაინის გენშტაბმა მილეროვოს დასაბომბად „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა გამოიყენა, ხოლო ბელგოროდის ნავთობრეზერვუარები უკრაინულმა „მფრინავმა ნიანგებმა“ ააგიზგიზეს, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიშები ერთმანეთის მიყოლებით ორმა კამიკაძე-დრონმა მიიტანა, რომლებიც... ინტერნეტით, „ალიექსპრესში“ იყო ნაყიდი!

„ალიექსპრესის“ საშუალებით შეიძლება ბევრს გამოუწერია ნივთები, მაგრამ ინტერნეტით იყიდო სერიოზული და არა - სათამაშო დრონი, რომელსაც არანაკლებ 160 კმ-ის სიშორეზე კამიკაძის როლში წარმატებულად გამოიყენებ, მართლაც სულ სხვაა...

ნოვოშახტინკის ქარხანა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან მართალია, მხოლოდ 6 კმ-ში თუ მდებარეობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ღრმადაა შეჭრილი, უკრაინელ სამხედროებს ინტერნეტით ნაყიდი ამ ორი ჩინური დრონის გაშვება არაუახლოეს 160-170 კმ-იდან თუ შეეძლოთ.

3-1656057936.jpg
ორიოდე წამიც და ინტერნეტით შეძენილი კამიკაძე-დრონი რუსულ ქარხანას დაეცემა...

მინაბოჭკოსგან დამზადებული Skyeye 4450 ტიპის ეს დრონი ასაფრენ კონფიგურაციაში მხოლოდ 50 კგ-ს თუ იწონის (ცარიელის მასა არაუმეტეს 15 კგ-ია) და 130 კმ/სთ სიჩქარით თითქმის 5 სთ შეუძლია ფრენა და 20 კგ მასის ტვირთის გადატანა, ადვილი მისახვედრია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ტანკების დიზელის საწვავის გადამამუშავებელ რუსულ ქარხანას სწორედ 20 კგ „საჩუქარი“ - ტროტილი თავისი დეტონატორით გაუგზავნეს, თანაც დუბლი შეუსრულეს... რუსეთის ხელისუფლება საერთოდ დამალავდა მისი საზღვრისპირა სტრატეგიული ობიექტის მოწინააღმდეგის დრონებით წარმატებული წერტილოვანი დარტყმების ფაქტს და აფეთქებულ და ცეცხლწაკიდებულ ქარხნის ინციდენტს უბედურ შემთხვევას დააბრალებდა, რომ არა თვითმხილველების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეოები, სადაც ნათლად მოჩანს დაბალ სიმაღლეზე აუჩქარებლად მფრინავი დრონი, რომელიც პიკირებაზე გადადის, ეცემა ქარხნის მილებს და აფეთქებს იქაურობას...

4-1656057965.jpg
რუსული სტრატეგიული ობიექტი - ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა და იწვის...

მაგრამ ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის?

„ალიექსპრესი“ ნებისმიერ მსურველს დიდი ფასდაკლებით, მხოლოდ 6,5 ათას დოლარად სთავაზობს ამ დრონს (მართალია, ძრავისა და მართვის ორგანოების გარეშე), მაშინ როდესაც ორმა ასეთმა კამიკაძე-დრონმა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტს ათასჯერ მეტი ზარალი მიაყენა, ქარხანა დროებით დაახურინა და, შესაბამისად, დონბასში შეტევაზე გადასული რუსი ოკუპანტების ტანკებს საწვავით მომარაგებაში დროებითი შეფერხება მაინც გაუჩინა, რაც საბოლოო ჯამში ისევ ომის ინტერესებს ემსახურება უკრაინელების სასარგებლოდ...