რუსეთის ყველაზე დიდი საიდუმლო ერთ პატარა, შავ ჩემოდანში ინახება, რომელიც სულაც არ არის "ბირთვული ჩემოდანი" - კვირის პალიტრა

რუსეთის ყველაზე დიდი საიდუმლო ერთ პატარა, შავ ჩემოდანში ინახება, რომელიც სულაც არ არის "ბირთვული ჩემოდანი"

დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს და ხშირად სპეცსამსახურებს ძალზე დელიკატური და უცნაური დავალებების შესრულება უწევთ: ისინი ოფიციალური სადილის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის გამოყენებულ ჭიქას, თეფშს, კოვზს და ა.შ.

გულომოდგინედ წმენდენ . . .რათა დნმ-ის კვალი არ დარჩეს; თუ "შეფი" რამეს შეეხო თითის ანაბეჭდებსაც შლიან; ტუალეტის კართანაც ელოდებიან სპეციალური ჩემოდანი-კონტეინერით და შემდეგ გულმოდგინედ დარაჯობენ "შეუფასებელი განძით" სავსე კონტეინერს. ეს პროცედურები საჭიროა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს სხვა სახელმწიფოს მოქმედი ან მომავალი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას. ამიტომაც ინფორმაცია ნებისმიერი სახელმწიფოს პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახელმწიფო საიდუმლოების რანგშია აყვანილი.

ამის მიზეზი ისიცაა, რომ დღეს რეალურია დნმ-ის გაშიფრვა პიროვნების კომპრომეტაციის და შანტაჟის იარაღად იქცეს. პირადი გენეტიკური ინფორმაციის ბოროტად გამოყენება შენელებული მოქმედების ის ნაღმია, რომელსაც მომავალში ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. წარმოიდგინეთ ამგვარი სიტუაცია: ორი "უძველესი პროფესიის" წარმომადგენლები - სპეცსამსახურის ტანამშრომელი და ჟურნალისტი, ხელში ჩაიგდებენ რომელიმე ქვეყნის მაღალჩინოსნის დნმ-ის ნიმუშს, ატარებს გენეტიკურ ანალიზს და სენსაციაც (ტყუილი თუ მართალი, ამას მერე უკვე მნიშვნელობა ნაკლებად აქვს) მზად არის. უცბად დგინდება, რომ ამ პოლიტიკოსის პაპის-პაპა ესკიმოსი ყოფილა (ისე რას ვერჩით ესკიმოსებს, ჩვენზე მშრომელი და ამტანი ხალხია!), ხოლო თავად კი ბავშვობაში შიზოფრენიით (აქ შეიძლება უფრო დელიკატური დაავადებაც "ამოვარდეს") იყო ავად. საშვილიშვილო კომპრომატიც მზადაა და ამის მერე ვინ მისცემს ამ პოლიტიკოსს არჩევნებში ხმას?

ამ საკითხის აქტუალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ორმა ფაქტმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს რუსეთში ვიზიტისას უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე რუსეთში გაეკეთებინა კოვიდ ტესტი. უარის გამო კი მოლაპარაკებების დროს მას რუსეთის პრეზიდენტთან დიდი დისტანციის დაცვა მოუწია.

b2-1656061826.jpg

ანალოგიურად მოიქცა რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში ჩასული გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც და ისიც პუტინისგან 5-6 მეტრიანი დაშორებით დასვეს. "ვერ დავუშვებდით, რომ მათ ჩვენი პრეზიდენტის დნმ-ზე წვდომა ჰქონოდათო", - ანონიმურობის დაცვით ჟურნალისტებთან განაცხადეს საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა და ამგვარად ახსნეს უარი კოვიდ ტესტის ჩატარებაზე. ზოგადად გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები რეგულარულად ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშებს სხვა ქვეყნების ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამგვარი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მეთაურებზე, სადაც არსებული სახელისუფლებო რეჟიმების ბედი დიდწილადაა დამოკიდებული ლიდერის ჯანმრთელობაზე. ისტორიულად ასეთი ქვეყანა რუსეთი იყო და არის.

დღეს მსოფლიოს ყურადღება ერთი კაცზეა ორიენტირებული. მისი მოქმედებები ისევე არაპროგნოზირებადი და არალოგიკურია, როგორც ლარის კურსის წინ და უკან "სირბილი". უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ყველაზე დიდი საიდუმლოდ იქცა, რომლის დაუფლებას ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს. აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (ცსს) ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის რეგულარულად ამზადებს მოხსენებებს ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და კვირა არ გავა, რომ ცსს-დან "შემთხვევით" არ გამოჟონოს ინფორმაციამ პუტინის სხვადასხვა სახის დაავადებების შესახებ. თუმცა რუსეთის დიქტატორის ბოტოქსიანი სახე კვლავ და კვლავ ჩანს ტელევიზორის ეკრანზე.

არის თუ არა რეალურად დაავადებული ვლადიმერ პუტინი რაიმე სერიოზული ავადმყოფობით, ჯერ დანამდვილებით არ ვიცით. პუტინის ჯანმრთელობის ზუსტ შეფასებას ართულებს მისი ხანგრძლივი თვითიზოლაციაც. ამგვარ ვითარებაში კი ზუსტი დაიგნოზის დასმის საფუძველი ობიექტის "ბიოლოგიური მასალა" იქნებოდა და ერთი საშუალო გამოცდილების მედდაც შეძლებდა მთელი სპეცსამსახურის შეცვლას - სწორი დიაგნოზის დასმას. თუმცა რუსეთში ეს იციან და პუტინის "ბიოლოგიური მასალა" სახელმწიფო საიდუმლოების რანგშია აყვანილი და რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახური (დფს) თვალისჩინივით უფრთხილდება. საზღვარგარეთ ვიზიტებისას პუტინს თან ახლავს დფსO ოფიცრები, რომლებიც იცავენ მას და თან ტუალეტში აგროვებენ მის "ბიოლოგიურ მასალას". 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში, ნორმანდიის ოთხეულის სამიტის დაწყებამდე პუტინმა იქ "შეირბინა" , სადაც მეფენიც კი თავისი ფეხით დადიან. თან ხუთი პირადი დაცვის წევრი ახლდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მეექვსემ, სათვალიანმა მიიქცია, რომელსაც უზარმაზარი შავი ჩემოდანი მორცხვად ეჭირა ხელში (იხ. ვიდეო ქვემოთ).

ბიომასალის შესაგროვებლად სპეციალური ჩემოდანის გარდა, პუტინს მოგზაურობისას პირადი ბიოტუალეტიც თან "დაჰყვება". ეს რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით კეთდება. ეს ინფორმაცია სახუმარო თემა, რომ არაა და ისტორია, რომ მეორდება, ქვემოთ დარწმუნდებით.

გასული საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს საკმაოდ მოხუცი, ერთ დროს ყველა კაცური საიმოვნების მოყვარული კოლორიტული პიროვნება ლეონიდ ბრეჟნევი ხელმძღვანელობდა. ღვინო, დუდუკი, ქალები - ამ ქართულ სამეულს ბრეჟნევმა ავტომობილებით სწრაფი ქროლვა, ნადირობა და სახელმწიფო ორდენებისადმი სიყვარული დაუმატა და ცხოვრება შეუზღუდავ სიამოვნებად აქცია.

b3-1656061898.jpg
კომენტარის გარეშე . . .

მაგრამ ცხოვრება წარმავალია და 70-იანი წლების მეორე ნახევარში ბრეჟნევი უკვე იმდენად დაძაბუნდა, რომ დამოუკიდებლად კიბეზე ასვლაც კი უჭირდა. ამ დროს კი საბჭოთა ექიმების ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა და სამედიცინო ტესტების მიხედვით პიონერივით "ნორჩი” ორგანიზმით გამოირჩეოდა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობდა ხელში ჩაეგდო ბრეჟნევის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რეალური დოკუმენტაცია, ანალიზის მონაცემები ან თუნდაც "ნორჩი” საბჭოთა ლიდერის ჯანმრთელობის ამსახველი "ბიოლოგიური მასალები” - შემდგომი შესწავლისთვის. უცხოეთის სპეცსამსახურებს მიზნის განხორციელების მშვენიერი შანსი 1978 წლის მაისში, ბრეჟნევის დასავლეთ გერმანიაში ვიზიტისას მიეცათ.

b4-1656061945.jpg
ანდრეი გრომიკო, ლეონიდ ბრეჟნევი და გერმანიის კანცლერი შმიდტი. 1978 წლის მაისი.

მათი გეგმა გენიალურად მარტივი იყო (რა მოგახსენოთ ამ გეგმის ეთიკურ მხარეზე): საბჭოთა ლიდერის აპარტამენტებში ტუალეტის ქვემოთ სპეციალური მილებით უნდა მიერთებოდნენ ბრეჟნევის "VIP---უნიტაზს” და ცენტრალური კანალიზაციის და კა-გე-ბეს გვერდის ავლით უნდა "ექაჩათ და ექაჩათ” ბრეჟნევის ძალზე "სტრატეგიული ბიოლოგიური მასალები". მაგრამ დასავლეთ გერმანიის სპეცსამსახურებში "ჩანერგილმა” საბჭოთა აგენტმა ეს გეგმა სასწრაფოდ აცნობა თავის პატრონებს. მოსკოვში გამართულ თათბირზე მრავალ კონტრღონისძიებათა შორის საერთო მოწონება დაიმსახურა მე-9 მთავარი სამმართველოს (ე.წ. სამთავრობო დაცვა) ერთ-ერთი ხელმძღვანელის წინადადებამ -მოწინააღმდეგე სპეცსამსახურებისათვის "ხელში შეეჩეჩებინათ” ბრეჟნევის რომელიმე პირადი მცველის ახალგაზრდული "მასალები”. ასეც მოიქცნენ. კა-გე-ბე გამარჯვებას ზეიმობდა. მტრის მზაკვრული გეგმის განეიტრალებისათვის უხვადად დარიგდა ჯილდოები და ვადამდელი წოდებები. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ზეიმი ნაადრევი ყოფილა. მრავალი წლის შემდეგ ამ ისტორიას საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. 1994 წელს საფრანგეთის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრაფ ალექსანდრ დე მარანშმა განაცხადა, რომ 70-იანი წლების ბოლოს მისმა აგენტებმა შეძლეს ბრეჟნევის ერთ-ერთი საზღვარგარეთული ვიზიტის დროს სპეციალური მილებით მიერთებოდნენ საბჭოთა ლიდერის უნიტაზს და ამ გზით მიეღოთ მათთვის "ძვირფასი” მასალები. ანალიზის შემდეგ დასმული დიაგნოზი ("ალკოჰოლური ღვიძლი”) მეტყველებდა, რომ ლეონიდ ბრეჟნევს სიცოცხლის ხანმოკლე დღეები დარჩენოდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით პუტინს ყველა მოგზაურობისას თან ექიმთა დიდი ჯგუფი ახლავს, ​​მათ შორის ძირითადად კიბოსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სპეციალისტები. სამწუხარო რეალობაა: ერთი ავტორიტარული რეჟიმის მეთაურის ჯანმრთელობა-ავადმყოფობაზეა დამოკიდებული მსოფლიოში მშვიდობა იქნება, თუ ბირთვული ომი. რა ფუნქცია აქვს მაშინ გაეროსა და მის უსაფრთხოების საბჭოს? კიდევ რამდენხანს დაეხმარება აშშ და ევროკავშირი უკრაინას? მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემის კრახის წინაშე ვართ, როდესაც მშვიდობა ერთი მოხუცი, ბოტოქსიანი კაცის ნებასურვილზეა დამოკიდებული. პუტინმა "უკვდავების წამალი" რომ იშოვოს მაშინ ხომ სულ დავღუპულვართ და ეგაა.

b5-1656062008.jpg
პუტინის სახე ხშირად იცვლება: ეს მხოლოდ ბოტოქსის გამოა?

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება დასკვნა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა დაავადებული იყოს პანკრეასის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი, ასევე პარკინსონის დაავადებით და ხერხემლის აგრესიული პათოლოგიით, რაც სიარულის დროს აშკარად ეტყობა.. ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ თუ პუტინი გარდაიცვალა გარკვეული პერიოდის მანძილზე შესაძლოა ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლებამ არ გაასაჯაროოს ძალაუფლების გადანაწილებამდე და პუტინი მისი ორეულით ჩაანაცვლონ.