ომი ლაფნიჭამიასთან ათწლეულები გრძელდებოდა - კვირის პალიტრა

ომი ლაფნიჭამიასთან ათწლეულები გრძელდებოდა

თუ შეგიმჩნევიათ მცენარის დაზიანებული ტოტები და ფერშეცვლილი, დამჭკნარი ფოთლები, რომლებიც თანდათან ხმება და ცვივა, ესე იგი, მას რომელიღაც მავნე მწერი შეეპარა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელი, რომელიც საქართველოს ტყეებს XX საუკუნის 50-იანი წლებიდან შეესია, ნაძვის დიდი ლაფნიჭამიაა. ჩვენმა სტუმარმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა არჩილ სუპატაშვილმა წლები შეალია ამ მავნებელთან ბრძოლას.

არჩილ სუპატაშვილი:

- ნაძვის დიდი ლაფნიჭამია მავნებელი მწერია, რომელიც ტყეს უდიდეს ზიანს აყენებს. დედალი დებს დაახლოებით 250 ცალ კვერცხს, რომლებიდანაც იჩეკებიან მატლები, მცენარის ქერქში იჭრებიან და მის ქერქსა და ლაფანს აზიანებენ. ასე იყო საქართველოშიც: ამ მავნებელი მწერის წყალობით ხეები იფიტებოდა, 6-7 წელიწადში ხმებოდა და მოსაჭრელი ხდებოდა.

- როგორ გავრცელდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამია საქართველოში?

- რუსეთიდან შემოჰყვა ფიჭვის მორებს. რუსეთში ის ფიჭვის ხეებს აზიანებდა, აქ კი აკლიმატიზაცია განიცადა, ეტყობა, ნაძვის ქერქი და ლაფანი ძალიან მოეწონა და სწრაფი გავრცელება დაიწყო. ნაძვის დიდი ლაფნიჭამია ჯერ ბორჯომის ხეობას მოედო, მერე კი ყველგან გავრცელდა. ეს მავნებელი საქართველოში 1956-1957 წლებში გამოჩნდა და პირველად მამაჩემმა, შალვა სუპატაშვილმა აღმოაჩინა. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, სადაც მე ვმუშაობდი, საგანგებოდ გახსნეს ლაფნიჭამიის განყოფილება. ექვსი ინსტიტუტი ჩართეს ამ საშიშ მწერთან ბრძოლაში, რათა ტყე როგორმე გადაერჩინათ. ჯერ ხეების ქიმიური შეწამვლა დაიწყეს. ამ პროცესში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ლენინგრადის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტიც იყო ჩართული, მაგრამ ქიმიურმა წამლობამ ნაყოფი ვერ გამოიღო.

- რა გადაწყვიტეთ ამის შემდეგ?

- მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიური საშუალების გამოყენება გადავწყვიტეთ. ამ პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული: 1968 წლიდან მოყოლებული, ფეხით მოვიარე ყველა ადგილი, სადაც ნაძვის დიდმა ლაფნიჭამიამ გამრავლება დაიწყო. სპეციალური გავრცელების რუკაც შევადგინეთ. ამის შემდეგ გადაწყვიტა ჩვენმა განყოფილებამ მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიური მტერი გამოეყენებინა. ბევრი ფიქრისა და კვლევის შემდეგ არჩევანი რიზოფაგუსზე შევაჩერეთ და შედეგი ძალიან კარგი მივიღეთ. დიდი რიზოფაგუსი ხელოვნურად გაამრავლეს და დაზიანებული ნაძვის ტოტებსა და ღეროში "ჩაასახლეს". ექსპერიმენტმა საუკეთესო შედეგი მოგვიტანა და ამის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩვენმა მეთოდმა თანდათან დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ძალიან მოეწონათ. ოთხ მილიონამდე რიზოფაგუსი ყველგან გავავრცელეთ, სადაც ლაფნიჭამია იყო მოდებული. რიზოფაგუსი გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდა და დღეს დიდი წარმატებით არეგულირებს ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას რიცხოვნობას, რომელიც მისაღებ ზღვარს აღარ გადასცილებია.

xe2-1656062144.jpg

- ხომ ვერ გაიხსენებთ ხალხს, ვინც ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა?

- აუცილებლად უნდა ვახსენო საუკეთესო მეცნიერები: დავით კობახიძე, ირაკლი შავლიაშვილი, თამაზ ნიჟარაძე, გიორგი ჟარკოვი, აკაკი მუხაშავრია, თამაზ იმნაძე და სხვები... 60-კაციანი განყოფილება მუშაობდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, რომელიც ამ პრობლემას შეისწავლიდა. წაღვერში გაიხსნა სამსართულიანი ლაბორატორია, სადაც დიდი რიზოფაგუსის ხელოვნური გამრავლება დავიწყეთ. სხვათა შორის, ლაფნიჭამია ჩვენგან თურქეთშიც გავრცელდა და ჩვენი მეთოდი თურქ კოლეგებს გავაცანით. ამ მავნებელს დღესაც ჩვენი მეთოდით უმკლავდებიან. მათაც სამსართულიანი ლაბორატორია აქვთ ართვინში და მავნებელ მწერებზე მუშაობენ, მათ შორისაა ნაძვის დიდი ლაფნიჭამიაც.

- როგორ ანადგურებს ლაფნიჭამიას მისი ბუნებრივი მტერი?

- თუ ლაფნიჭამია მოძლიერდება და მომრავლდება, შეიძლება 1-2 ხე დააზიანოს, მაგრამ იქვე, ხის ქერქში ცხოვრობს დიდი რიზოფაგუსი თავისი ოჯახით და ლაფნიჭამიას თავიდანვე ანადგურებს - გავრცელების შესაძლებლობას უსპობს, ჭამს მავნებლის მატლებს და ისიც ვეღარ მრავლდება. ეს ყველაზე უხიფათო და შედეგიანი გზაა, რომელიც მავნებელს სპობს, მაგრამ ტყეს ზიანს არ აყენებს.

- რამდენი წელიწადი დასჭირდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას დამარცხებას?

- ეს პროცესი 1950-იანი წლების ბოლოდან რომ დაიწყო, 1980-იან წლებამდე ებრძოდნენ. მავნე მწერმა ყველაზე მეტი ხე ბორჯომის ხეობაში დააზიანა და სადაც კი ნაძვი ხარობდა, ყველგან გამრავლდა: მესხეთ-ჯავახეთში, რაჭაში, ბაკურიანში, მოკლედ, ყველგან, სადაც ნაძვის ტყეები იყო. საბედნიეროდ, მას მოვერიეთ და ტყეში ქიმიური წამლების გამოყენება აღარ დაგვჭირვებია, რადგან საშიში მავნებელი ბიოლოგიური გზით დავამარცხეთ.

არ შემიძლია ყველაზე საშიშ მავნებლებს შორის არ ვახსენო ბზის ალურა, რომელიც ბზის ნერგებს შემოჰყვა და შავიზღვისპირეთში გავრცელდა. არანაკლებ სახიფათო მავნებელია ჭადრის ბაღლინჯოც, რომელიც პირველად ზუგდიდის საზღვარზე ვნახე, მერე კი თანდათან სამტრედიამდე ჩავიდა, ქუთაისს გამოსცდა და ყველგან გავრცელდა. ესეც საშიში მავნებელია, იმდენად საშიში, რომ საფრანგეთში "ჭადრის ვეფხვსაც" ეძახიან. ქართველი მეცნიერების დამსახურებაა, რომ ეს მავნებლები დროულად შეაჩერეს და ჩვენი მწვანე საფარი გახმობისა და გადაგვარებისგან იხსნეს.

- თუ არსებობს ახსნა, რატომ არიან მავნებლები ასე გამძლენი?

- მავნებელი მწერი, როგორც კი მისთვის სასურველ გარემოს იპოვის, ძალიან კარგად მოეწყობა და უსასრულოდ მრავლდება. წარმოიდგინეთ, ზოგიერთი 60-დან 250-მდე კვერცხს დებს და შეიძლება გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდეს. ნაძვის დიდი ლაფნიჭამიაც ასეა: ის ტყეში თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ საშინლად აზიანებს ნაძვის ქერქს, ტოტებს, ღეროს, წიწვებს... ხეებს ასუსტებს და მისგან დაზიანებული ხე მოსაჭრელი ხდება. ხე რომ დასუსტდება, ფიტონციდებს ვეღარ გამოყოფს და ვერც მავნებლებს ებრძვის, ვეღარც დაავადებებს. ამიტომ ასეთ ხეს მავნებლებიც იოლად უჩნდება და სოკოვანი დაავადებებიც, ბოლოს კი ხმება. ლაფნიჭამიას შეუძლია მთელი ნაძვნარი გაანადგუროს. ამიტომ ის ლამის მთელი საქართველოს ნაძვნარს ემუქრებოდა, მარტო ბორჯომის ხეობას ან ბორჯომის მინერალურ წყლებს კი არა, მთელი ქვეყნის ფლორისთვის იყო საფრთხე. რასაკვირველია, მეამაყება, რომ ამ საფრთხისგან საქართველოს ბუნება ჩემმა კოლეგებმა იხსნეს და ამ კარგ საქმეში წვლილი მეც შევიტანე!

ხათუნა ჩიგოგიძე