როგორ მიმდინარეობდა აშკარა თუ შეფარული ბრძოლა ქვევრის ღვინის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

როგორ მიმდინარეობდა აშკარა თუ შეფარული ბრძოლა ქვევრის ღვინის წინააღმდეგ

"1988 წელს ოფიციალურად დადგა ქვევრის წარმოებიდან ამოღების საკითხი", - ამბობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ალავერდის მონასტრის ენოლოგ-კონსულტანტი ბატონი თეიმურაზ ღლონტი. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ქართულმა მეღვინეობამ დაკარგა პირვანდელი სახე. თუ მანამდე საქართველო ითვლებოდა "საბჭოთა" ბაზარზე უმაღლესი ხარისხის სამარკო ღვინოების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად, ამ პერიოდში ეს კარდინალურად შეიცვალა: საქართველოს მეღვინეობაში შემაგრებული ღვინოების წილი 1990 წლისათვის 75%-ს შეადგენდა. ეს კატასტროფა იყო. ქართულ მევენახეობაში უპირატესობა მიანიჭეს ყურძნის ორ ჯიშს: რქაწითელსა (აღმოსავლეთ საქართველოში) და ცოლიკაურს (დასავლეთ საქართველოში). მკვეთრად შემცირდა ვაზის ისეთი უნიკალური ადგილობრივი ჯიშების ფართობები, როგორიცაა: საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, გორული მწვანე, ჩინური, ჩხავერი და სხვები. დაიკარგა 137 ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშის ნერგი. დაინგრა და გაპარტახდა ვაზის უნიკალური კოლექციები და სანერგე მეურნეობები. დანაკარგის აღდგენა 2006-2008 წლებში მოხერხდა, მოლდოვისა და ყირიმის საკოლექციო ნაკვეთებში. ვის აინტერესებდა ჩვენი უნიკალური ჯიშების განადგურება და რა ბედი ეწია მათ, ამის შესახებ თეიმურაზ­ ღლონტი გვესაუბრება:

- ბატონო თეიმურაზ, როდის და სად უნდა განხილულიყო საკითხი წარმოებიდან ქვევრის ამოღების თაობაზე?

- სამიოდე წლის მისული ვიყავი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ერთ დღესაც ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ბერიძემ გამომიწოდა მოსაწვევი ბარათი და მეუბნება: წაიკითხე, ეს რა მოუფიქრებიათო. პროფესორი მიწვეული იყო კვების მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში, სადაც უნდა განხილულიყო საკითხი წარმოებიდან ქვევრის ამოღების თაობაზე. რას იტყვიო, მკითხა. მე დავწერ-მეთქი. მეორე დილით მზად მქონდა მოხსენება. მომიწონა და მითხრა, შენც ჩემთან ერთად წამოხვალო. თათბირზე ჩემმა მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებულად მომიწონა გამოსვლა ცნობილმა სპეციალისტმა, ბატონმა გივი ალექსი-მესხიშვილმა და ხმაურიანი კამათის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს, მაგრამ 70-იანი წლების პირველი ნახევრიდან ხალხმა ვენახების აჩეხა დაიწყო, რასაც საფუძველი დაუდო მზაკვრულად გათვლილმა ეკონომიკურმა გეგმამ. მევენახე გლეხობა მოითხოვდა ყურძნის შესასყიდი ფასის გაზრდას და ამას შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლება.

qvevri2-1656062377.jpg

- შემდეგ რა მოხდა?

- ვინაიდან ოფიციოზმა ვერ მოახერხა ქვევრის გაუქმება, დაიწყეს პიარკამპანია ქვევრის ღვინის წინააღმდეგ. თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომ ქვევრი სიბინძურის წყაროა, რომ ქვევრის ღვინოს ტლანქი, უხეში გემო აქვს და მისი 5-6-თვიანი დადუღების შემდეგ ღვინო დამძაღდებოდა და მისი დალევა შეუძლებელი გახდებოდა; შესაბამისად, ქვევრის ღვინოს ევროპა არ მიიღებდა. სამწუხაროდ, ასეთივე მოსაზრება ჰქონდა მრავალ სპეციალისტსაც. 1997-1998 წლებში საქართველოს პარლამენტში ვაზისა და ღვინის კანონპროექტზე მუშაობისას, კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე საკითხი კანონპროექტში ქვევრისა და ქვევრის ღვინის, როგორც ქართული მევენახეობის გამორჩეულობის სიმბოლოს, შეტანის შესახებ. სამწუხაროდ, კომისიამ მხარი არ დამიჭირა. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, "სამტრესტის" ყოფილმა მმართველმა ირონიულად თქვა, რაღა დროს ქვევრი და ქვევრის ღვინოაო. ბევრი ბრძოლის შემდეგ კანონპროექტი "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს, როგორც იქნა, სამივე მოსმენით დაამტკიცა, მაგრამ დამტკიცებული კანონიდან მალულად ამოიღეს ორი მნიშვნელოვანი წინადადება: "საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას. მევენახეობა-მეღვინეობა ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია". ეს ვერაგობა გავაპროტესტეთ. ბოლოს პარლამენტმა აღადგინა ამოღებული ფრაზები ტექსტში, მაგრამ სხვა კონტექსტით.

ქვევრისა და ქვევრის ღვინის ანტიკამპანიას ისიც აძლიერებდა, რომ საწარმოებში ქვევრში ღვინო დეკემბრის ბოლომდეც არ ჩერდებოდა. წარმოებებს წლის მიწურულამდე უნდა ეჩვენებინათ ღვინის პროდუქციის რაოდენობა და გეგმის შესრულება. ამის გამო ქვევრის ღვინოს არ ჰქონდა ტრადიციული წესით ღვინის დაყენების სრული ციკლის გავლის პირობები. ამ ყველაფერმა მოამზადა საფუძველი საიმისოდ, რომ ქართველ კაცს საკუთარი ხელით ამოევსო ქვევრები, ანუ დაემარხა ათასწლოვანი ისტორია.

qvevri3-1656062377.jpg

- როგორც ცნობილია, ამ დიდი ბრძოლის შემდგომ დაიწყო ქვევრისა და ქვევრის ღვინის აღორძინება.

- 2006 წლის ნოემბერში ალავერდის ეპარქიაში სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წავიკითხე, სადაც ხაზი გავუსვი ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული წესის აღდგენის საჭიროებას. დავაყენე საკითხი, რომ წარმოებას მოეკიდა ხელი ამ საშვილიშვილო საქმის აღორძინებისათვის, მაშინ მეუფე დავითმა მითხრა, თქვენთვის ღიაა ალავერდის მონასტერში ახლად აღდგენილი XI საუკუნის მარნის კარი, მობრძანდით და ჩაუდექით სათავეში ამ საქმესო.

2007 წლის ოქტომბერში პირველად ჩაიწურა 2006 წელს ახალჩაყრილ ქვევრებში რქაწითლის ჯიშის ყურძენი, 2008 წლის 4 აპრილს კი პირველი ქვევრი გაიხსნა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. შპს "ბადაგონის" ცნობილი მთავარი ენოლოგი, დოქტორი დონატო ლანატი გაოცებული იყო, მას ასეთი ღირსების ღვინო არასოდეს ჰქონია გასინჯული.

სწორედ ამ ღვინომ 2009 წელს იტალიაში დიდ საერთაშორისო ფესტივალ "ვინ იტალია" ფურორი მოახდინა, 2010 წელს კი ლონდონში მაღალპრესტიჟულ "დეკანტერის" საერთაშორისო კონკურსზე ქვევრის კახური ღვინო ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო კასრში დაყენებულმა საფერავმა უმაღლესი ჯილდო - რეგიონული გრან-პრი დაიმსახურა.

- ამ დიდი წარმატების მიუხედავად, 33-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის დღეს ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა.

- 2010 წელს თბილისში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის პირველივე დღეს მისასალმებელი სიტყვით გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის ევროპელ სტუმრებს ასე მიმართა: "ჩამოდით საქართველოში და გვასწავლეთ, თუ როგორ მოვუაროთ ჩვენს მევენახეობა-მეღვინეობას, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჩხავერის ვაზი, ჩამოდით და გვასწავლეთ ჩხავერის კარგი ღვინის დაყენება". ამგვარმა მიმართვამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ეჭვქვეშ დადგა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრესტიჟი და საქართველოში მსოფლიო კონგრესის ჩატარების მიზანშეწონილობა. მეორე დღეს მოხსენება წავიკითხე, რომელშიც ხაზი გავუსვი ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ წესებს, განსაკუთრებით კი ალავერდის მონასტრის მარანში ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი წესის აღდგენას. მოხსენებამ უარყოფითი განწყობა ყველას გაუფანტა.

2012 წლის დასაწყისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა შემომთავაზა ქვევრის ღვინის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის ნომინაციის შედგენაში იუნესკოში გასაგზავნად. გაზაფხულზე, ნომინაცია - "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდი" გაიგზავნა პარიზში, იუნესკოში, რომელმაც შენიშვნების გარეშე 2013 წლის 4 დეკემბერს ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურად და სერტიფიკატიც გასცა.

- ბატონო თეიმურაზ, სულ ახლახან აღმოაჩინეს უძველესი ქვევრი...

- დიახ, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე, VIII-X საუკუნეებით დათარიღებულ მარანში. ის ახლახან აღადგინა ალავერდის მონასტერმა. ეს არის კახური მეთუნეობის უზადო ნიმუში, მასში დაბადებული ტრადიციული კახური ღვინოსავით ძლიერი და, იმავდროულად, დახვეწილი.

წლეულს ოქტომბერში მეათე წელიწადი შესრულდება ალავერდის მონასტრის მარანში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული კახური წესის აღდგენიდან, რაც შეიძლება ვაზის ქართული გენოფონდის სამეცნიერო კვლევის საქმE\ეში უმნიშვნელოვანეს თარიღად მივიჩნიოთ.

რუსუდან შაიშმელაშვილი