რამდენად ღირს მცირე ფერმების შენარჩუნება ან შინაური ფრინველის მოშენება - კვირის პალიტრა

რამდენად ღირს მცირე ფერმების შენარჩუნება ან შინაური ფრინველის მოშენება

ფრინველისა და პირუტყვის საკვების გაძვირების გამო მეურნეები დიდი ხანია წუხან, თუმცა დღევანდელმა გლობალურმა პრობლემებმა სიტუაცია უფრო დაამძიმა. უფრო ძვირია ფრინველის საკვები და აქედან გამომდინარე, გაძვირდა როგორც ფერმებში გაზრდილი, ასევე შინაური ფრინველის ხორცი და კვერცხი. ამიტომაც ბევრი ყოყმანობს, ღირს თუ არა თუნდაც მცირე ფერმების შენარჩუნება ან შინაური ფრინველის მოშენება. ეს საქმე უფრო მოსახერხებელი მაშინ არის, თუ ცხოველ-ფრინველის საკვებს თავად აწარმოებ, მაგრამ თუ ასე არ არის, მაინც ღირს. ჯერ ერთი, როდესაც საკვები ძვირდება, იზრდება პროდუქციის ფასიც, რაც შინაური ფრინველის საკვების შეძენის საშუალებასაც გაძლევს, შინაური პირუტყვისა და ფრინველის ეკოლოგიურ ხორცის პროდუქტებზე კი მოთხოვნა ყოველთვის იყო და იქნება.

მარინე გოგოშვილი ლილოს დასახლებაში რამდენიმე ათეულ ფრთა შინაურ ფრინველს ზრდის როგორც შინაური მოხმარებისთვის, ასევე გასაყიდადაც. რეალიზაცია მისი თვითმიზანი არ არის, რადგან დიდი ოჯახი აქვს, თუმცა, როდესაც ფული სჭირდება, ყიდის კიდეც - დღეს შინაური ცოცხალი ქათმის ფასი 30-იდან 50 ლარამდეა.

- ქალბატონო მარინე, მარცვლეულის გაძვირების გამო სოფლად მცხოვრებთა ერთი ნაწილი შინაური ფრინველის მოშენებაზე უარის თქმას აპირებს. თქვენ როგორ აშენებთ ფრინველს, როდესაც მარცვლეული არ მოგყავთ და უკვე გაძვირებულს ყიდულობთ ქათმების გამოსაკვებად?

- არც მარცვლეულის და საერთოდ, არც ცხოვრების გაძვირების ამბავი ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს ჩვენთვის რას ცვლის? ჩვენ ხომ კვება გაძვირებულ ცხოვრებაშიც გვჭირდება და მაინცდამაინც მარკეტის პროდუქტში რატომ უნდა გადავიხადო მეტი და არა მარცვლეულში, რომლითაც ჯანსაღ და გემრიელ საკვებს მივიღებ! ლოგიკა ჩემთვის ეს არის და ამიტომაც ბევრი არ მიფიქრია, გამეგრძელებინა თუ არა ქათმის მოშენება. პირიქით, მეტის მოშენება გადავწყვიტე - თუ საკვების ყიდვა გამიჭირდება, ფრინველს გავყიდი და საკვებს შევიძენ. დანარჩენს, რა თქმა უნდა, ოჯახში მოვიხმართ. სამსახურიც მაქვს, როცა შინ არა ვარ, ფრინველს ჩემი შვილები უვლიან. ისინი აპურებენ და ხშირად საქათმეშიც აბინავებენ, მით უფრო გაზაფხულზე და ზაფხულში ფრინველი ეზოს გარეთაც ხშირად გადის საბალახოდ.

- სოფლებში ძალიან ეშინიათ ქორის, რომელიც ქათამს იტაცებს. თბილისის მახლობლად არ არის ასეთი შემთხვევები?

- როგორც მგლის შიშით არავის გაუწყვეტია ცხვარი, ისე ქათამს ვერ გავწყვეტ ქორის გამო. მაგაზე საშიში სინდიოფალაა, თაგვივით ცხოველი, რომელიც ფარღალალა საქათმეში შედის და ქათმებს ყელს ღადრავს. ჩემს საქათმეში რომ ვერ შემძვრალიყო, მავთულის წვრილი ბადე შემოვავლე. სხვათა შორის, ბევრს სწორედ საქათმის მოუვლელობა უხოცავს წიწილებს. მხოლოდ დაცულობას არ ვგულისხმობ, ზოგი საქათმეს არც გვის. არადა, სკინტლში ქათამი კარგად ვერ იზრდება. დაბინძურებულ იატაკზე ქათამი წესიერად ვერ დადის და იხუთება, განსაკუთრებით, წიწილები.

- თქვენ რომელ ქათამს ურჩევთ გასამრავლებლად? უფრო ხშირად არჩევანი ქართულ ქათამზე კეთდება.

- სწორიც არის. ჩვენი ქათმის მსგავსი არ მეგულება არც გამძლეობით, არც გემოთი. სულაც რომ -20°ჩ სიცივე ან +50°ჩ სიცხე დაიჭიროს, ქართული ქათამი საღ-სალამათი გამოვა საქათმიდან. თუმცა წონით ორპინგტონის ჯიშის ქათამი ჯობნის, ამიტომაც მათაც ვაშენებ. მათი მამლის წონა 5 კილოგრამამდე ადის, აი, კვებაში კი ქართული ქათამივით ვერ გეშველება. ორპინგტონებს უფრო მეტი მარცვლეული სჭირდებათ გაზაფხულზე და ზაფხულშიც კი, რადგან ნაკლებად ჭამენ ბალახს. მაშინ როცა ქართული ქათამი ამ სეზონზე, ძირითადად, ბალახით კვებაზე გადადის, ამით შეღავათს გიწევს და შეგიძლია მხოლოდ ერთხელ დააპურო მარცვლეულით.

- მარცვლეულის ფასის პარალელურად კვერცხის ფასიც გაიზარდა, სოფლის კვერცხი კი მუდამ გამოირჩეოდა სიძვირით.

- ამ ეტაპზე კვერცხს 70-80 თეთრად ვყიდით. უმეტესად ჩვილბავშვიანი ოჯახები ყიდულობენ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა კვერცხის ცილა ყველა ასაკის ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია. ახალი, გამოსაჩეკი კვერცხი გაცილებით ძვირია, თანაც აუცილებელია სანდოობა - თუ კვერცხი შედარებით დიდი ხნის არის, კვებისთვის მას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ წიწილა ვეღარ გამოიჩეკება. მე თავად მიმაქვს ინკუბატორში გამოსაჩეკად კვერცხი. სამწუხაროდ, იმის დრო არა მაქვს, რომ კრუხს შინ მივხედო, ზოგი კრუხი კვერცხებს იმდენად ხშირად ტოვებს, რომ წიწილა აღარ იჩეკება. ამიტომაც სჭირდება კრუხს მიხედვა.

- საინტერესოა, ერთ სულ ფრინველს რამდენი საკვები სჭირდება.

- დღეში საშუალოდ 150 გრამამდე, რაც 10 ფრთა ფრინველზე დღეში 1,5 კილოგრამია. ახლა 1 კილოგრამი სიმინდი ან ხორბალი საშუალოდ 1,5 ლარი ღირს. ამდენად, ანგარიში არცთუ ძნელია. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება იმისთვის, ვინც იცის შინაური ფრინველის ფასი - როგორც რეალიზაციისთვის, ასევე საკვები მნიშვნელობითაც.

- გეთანხმებით, შინაური ფრინველი რომ ბალახითაც იკვებება, ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაა მისი ეკოლოგიურობისთვის.

- რა თქმა უნდა. შინაური ფრინველი იკვებება ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებით, რომლებიც მწვანე მცენარეებში შედის და სწორედ ესეც არის მისი სარგებლიანობის ერთ-ერთი პირობა.