„ვარდი თვითონ მეუბნება, რა სჭირდება“ - კვირის პალიტრა

„ვარდი თვითონ მეუბნება, რა სჭირდება“

საქართველოში უამრავი მევარდეა, მათ შორის პროფესიონალიცა და მოყვარულიც, რომლებსაც მშვენიერი ვარდები გამოჰყავთ. მურად საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ცხოვრობს. ყვავილების მოყვანით წლებია დაინტერესებულია. აქვს პატარა საოჯახო მეურნეობა, სადაც არა მარტო ვარდებს, გეორგინებსა და ტიტებსაც ახარებს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, რომელია ყველაზე ძლიერი ვარდი და არის თუ არა ეს ბიზნესი ხელსაყრელი, ამაზე ბატონი მურადი გვესაუბრება:

- წლების წინ ჩემს სიძეს თბილისში სათბური ჰქონდა და მიხაკი გამოგვყავდა. მერე ვარდებზე გადავედით, რადგან საქართველოში "მიხაკობია" დამთავრდა, უფრო სწორად, მისი ფასი ძალიან დაეცა. თურქეთიდან დაიწყეს დიდი რაოდენობით შემოტანა და წვალებად აღარ ღირდა.

- რით გამოირჩევა ვარდი სხვა მცენარისგან?

- თუ მოიყვან მთელი წლის განმავლობაში, ძვირად ფასობს. ეგეც არ იყოს, ასეთი სილამაზის ყვავილის მოყვანაც ადამიანს სიამოვნებას განიჭებს. წვალება დიდი უნდა, თუმცა ადვილი გასაკეთებელი არც არაფერია. ვინც ნახავს, აღფრთოვანებული მეუბნება, რა ლამაზი ვარდებიაო. კი, კარგია, მაგრამ რომ ჩამოვუთვლი, რა სჭირდება, უკვირთ, ამდენი რამ თუ სჭირდებოდა, არ გვეგონაო.

vardiiii-1656098987.jpg

- რა სჭირდება ვარდს?

- ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს. ისეთი მიწა უნდა მოიტანო, სადაც მოსავალი არ არის მოყვანილი, სასურველია, მთის მიწა იყოს. ზოგიერთი პლასტილინივით არის, ზოგიც ფხვიერია. ვარდისთვის რაც შეიძლება ფხვიერი და შავი უნდა იყოს. საქონლის დამწვარი ნაკელი უნდა გაიცრას და ტორფში აერიოს, შემდეგ 30-40 სანტიმეტრის სიღრმის ორმო კეთდება, სადაც ნარევი უნდა ჩაიყაროს და ნერგი ჩაირგოს. რა თქმა უნდა, წყალი უნდა დავასხათ. ბევრი რამ ამინდზეც არის დამოკიდებული, წვიმიან ამინდში მორწყვა არ დასჭირდება, ხოლო მშრალ ამინდში - მიწა რომ გამოშრება, უნდა მოირწყას. მცენარე თვითონ გელაპარაკება, რომ შეხედავ, ამბობს, მწყურია და დამალევინეო.

vardi4-1656099144.jpg

- ცნობილია, რომ მას სხვადასხვა დაავადება უჩნდება და მევარდეებს ამასთან დიდი ბრძოლა უწევთ.

- კი, სხვადასხვა დაავადება უჩნდება, თუმცა თუ ვარდს ჩემგან წაიღებენ, თავიანთ ეზოში დარგვის შემდეგ დაავადება მალე არ გაუჩნდება. საერთოდ კი ვარდის მთავარი პრობლემა ტკიპა, ტილი და ბუგრია. თითოეულის წამალი არსებობს. სათბურში, დახურულ სივრცეში წამალი მეტი სჭირდება, ვიდრე გარეთ. შესაძლოა გარეთ უფრო ადვილად მოიყვანო. თუ წვიმა მოვა, ბუნებრივად გაასუფთავებს. თუ გარეთ მატლი გაუჩნდა, დაავადებული ფოთოლი უნდა აიღოთ და სპეციალურ მაღაზიაში წახვიდეთ. იქ მიიღებთ შესაბამის წამალს და რჩევას, როგორ უმკურნალოთ. დოზირების დაცვაც მნიშვნელოვანია.

- როდის უჩნდება ეგ მავნებლები?

- რომ გამოზაფხულდება, მწვანე ბუგრები არაერთ მცენარეს ესევა და მათ შორის, ვარდსაც. თუ არ მოაცილებთ, გააფუჭებს. ასევეა მატლი, რომელიც ორნაირია - ერთი შეიძლება დღის სინათლეზე, ვარდის ფოთოლზე თვალით დაინახო, მოწამლო, მოკლა და ასე მოაცილო, მაგრამ არის მეორენაირი მატლი - რომ დაღამდება, მიწიდან ღამით ამოდის, ფოთლებს ჭამს და სანამ გათენდება, ისევ მიწაში ჩადის. ამიტომ ვარდი შუაღამისას ბევრჯერ შემიწამლავს.

- სურნელოვანი ვარდები გაქვთ?

- არა, სურნელი ძველებურ ჩაის ვარდებს ჰქონდა. ჩემი ვარდები ჰოლანდიურია, ერევანში, ლაბორატორიაში გამოჰყავთ, ოღონდ კალამზე. ნამყენი და კალმით გამოყვანილი ერთმანეთისგან განირჩევა. თუ კალმის ვარდს დარგავთ, ვთქვათ, ქალაქგარეთ, ნაკვეთში, აუცილებლად უნდა მორწყათ, თუ ჩასვლას ვერ მოახერხებთ, კალმის ვარდი გაგიხმებათ. ნამყენი კი, რაც უნდა გვალვა იყოს, თავს გადაირჩენს. ფესვი შორს აქვს გადგმული, კალამზე გახარებულის ფესვი უფრო სუსტია. თუმცა, თუ თავის დროზე მორწყავ, ისიც გაიხარებს.

- სად ყიდით ვარდებს?

- პატარა ყვავილების მაღაზია მაქვს წყალტუბოში, რაც მომრჩება, ქუთაისში ჩამაქვს და საყვავილეებს ვთავაზობ.

ტიტები და გეორგინებიც მაქვს. გაყვავებას ერთ თვეში დაიწყებს. გეორგინას თუ ადრე გაზაფხულზე დარგავ, შემოდგომამდე ყვავის. შემოდგომაზე კი ბოლქვები უნდა ამოიღო და მშრალ ადგილას შეინახო. ტიტებსაც ასევე უნდა მიხედო - ბოლქვები რომ იყვავილებს, ამოიღო და შეინახო. ვარდი სათბურში თუ გარეთ, ზამთარში ყვავილს არ გაიკეთებს, გაჩერებულია. რომ გამოზაფხულდება, გაყვავებას დაიწყებს...

vardi2-1656099037.jpg

- თქვენს სათბურში ვარდი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს?

- გამოზაფხულდება თუ არა, აყვავდება და დეკემბრამდე შეიძლება სამჯერ იყვავილოს. ზამთარში თუ გათბობას ჩაურთავ, მაშინაც მოვა, მაგრამ გათბობა ძვირი ჯდება. სათბურში გაზაფხული ერთი თვით ადრე, აპრილში მოდის, გარეთ - მაისში. რაც ადრე იყვავილებს, ფასიც მეტი აქვს. ვარდი 3-4 წელიწადს რომ იმუშავებს, იმ ძირებს ვიღებ, ვყიდი და მის ნაცვლად ახალს ვრგავ, ხარისხი მნიშვნელოვანია.

- ეს ბიზნესი რით განსხვავდება სხვა ბიზნესისგან?

- ყველაფერი შემოსავალზეა დამოკიდებული. ვარდი ძალიან მიყვარს, ამიტომ სათბურში მუშაობისას ველაპარაკები. როცა ვმუშაობ, თვითონ მეუბნება, რა სჭირდება და ამ საქმეს სიყვარულით ვპასუხობ. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, კარგად არ გამოვა... სილამაზეს ვქმნი და ამ ყველაფრიდან ესთეტიკურ სიამოვნებასაც ვიღებ.