"ათეულობით საქონელი რომ გყავს, ეს ყოველდღიური ფორსმაჟორია“ - კვირის პალიტრა

"ათეულობით საქონელი რომ გყავს, ეს ყოველდღიური ფორსმაჟორია“

31 წლის შოთა ბეგიაშვილი წარმატებული ფერმერია. მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აქვს მეურნეობა. ბეგიაშვილები საოჯახო მეურნეობას მუდამ უძღვებოდნენ და ისიც სოფლის მეურნეობის ყოველდღიურობაში ბავშვობიდან ჩაება. საქონელს ალაზნის ველის საძოვრებზე პატრონობდა და უვლიდა. ახლა თავად არის წარმატებული ფერმერი. მისი მეურნეობის პროდუქტს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ყიდულობს. მეურნე მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და საინტერესო გეგმებიც აქვს.

- ძველი ანაგა კარგი სოფელია, დიდი ბაღჩა-ბოსტნები გვაქვს, შრომობს ხალხი. აქაურობა ისე მიყვარს, რომ თბილისში კარგი სამსახური მივატოვე და ჩამოვედი. სამი შვილი მყავს, უმცროსი ერთი თვისაა. ბიჭი, გოგო და ისევ ბიჭი, მათზე ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ აქეთ რაღაც სულ მეძახის.

- პროფესიით ვინ ხართ?

- იურისტი, ილიას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობა დავამთავრე. სოფელში წამოსვლას არაფერი მაიძულებდა, გარდა იმისა, რომ მინდოდა მამაჩემის საქმე გამეგრძელებინა. ძროხა ჩვენს ოჯახს სულ ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობაში ყოველთვის იყო პრობლემები და დღესაც ასეა.

- რა პრობლემებს გულისხმობთ?

- თუნდაც ის, რომ ვეტერინარია, საქონლის მოვლა-პატრონობა როგორც საჭიროა, არ ვიცით. შენი მენიუ და განრიგი არ უნდა დაუწესო, საქონელს რაც ეკუთვნის, ის უნდა მისცე, ყველაფერი უნდა გაუკეთო ისე, როგორც გეტყვიან, გასწავლიან. დღეს ჩემი მეურნეობა თუ სხვებთან შედარებით ფეხზე დგას, თავის თავსაც ინახავს და მომსახურე პერსონალსაც, ეს დიდი შრომის, სწავლისა და ძველი გამოცდილების შერწყმის შედეგია.

dzroxa2-1656063841.jpg

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- თხუთმეტი. მწველავი ქალების 4 წყვილია, ცვლებში მუშაობენ. ჩვენს ოჯახს მეურნეობაში ადგილობრივი ჯიშის საქონელი ჰყავდა. ბოლო წლებში თბილისიდან მამას ვერ ვეხმარებოდი და ძალიან განვიცდიდი. მერე შევთავაზე, ევროპიდან შემოვიყვანოთ საქონელი, 100 სული ნუ იქნება, 10 იყოს და მისგან საკმარისზე მეტ რძეს მივიღებთ-მეთქი. საქმეში აქტიურად რომ ჩავერთე, მივხვდი, რომ არ იყო მარტივი ამბავი. მერე გადავწყვიტე, ევროპაში, ადგილზე მენახა საქონელი და რაღაცები იქვე მესწავლა. მოვიარე ევროპის არაერთი ფერმა, ბევრი რამ ვნახე. როცა ჩამოვედი, ჩვენი კლიმატის შესაბამისი ფერმა გავაკეთე. თავიდან 20 სული წითელი ესტონური ჯიშის ძროხა ჩამოვიყვანე და საქმე დავიწყე. ამათი ხბოები რომ გავზარდე, მერე 13 სული ჰოლშტაინი შევმატე. ფერმაში ყველაფერს თვითონ ვაკეთებ: გადასხმას, ჩლიქების დამუშავებას, ვეტერინარულ საქმესაც ავუდივარ, ხელოვნურ განაყოფიერებაში ვეტერინარი მეხმარება.

- ევროპულ მაღალპროდუქტიულ ჯიშებს, როგორც ჩანს, დიდი შრომა სჭირდება.

- კი, სულ ფერმაში უნდა იყო. ელემენტარული პრობლემა თუ დროულად არ მოაგვარე, რამდენიმე კვირაში დიდ პრობლემად გადაიქცევა. ასე რომ, ყოველდღე ვშრომობთ - დედა წველას ესწრება, მამა კვებას აკონტროლებს... დღეს ფერმაში 120 სული გვყავს. თავიდან საკვებს ხელით ვურევდით - სილოსს, სხვა საკვებს, ნახარშს ნიჩბით ვუყრიდით. მერე `ფაომ" დაგვაფინანსა. პროექტი დავწერეთ, მოვიგეთ და საკვებდამრიგებელი შევიძინეთ. ეს ჩვენი ფერმისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა. საქონლის საკვებსაც ვაწარმოებ: ქერს, ხორბალს, სილოსს, სიმინდსა და კომბინირებულ საკვებს. თავად განვსაზღვრავ პროტეინს, ცილას...

სხვა პროექტშიც ჩავერთეთ და შევიძინეთ საკვებშემრევი, რომელიც ფერმისთვის აუცილებელია. შემდეგ კიდევ ერთი პროექტი მოვიგეთ და საწველი დარბაზი­ ჩამოგვივიდა.­ დღეს 60 სული მეწველი ძროხა გვყავს და მათთვის განკუთვნილი შენობაც გვაქვს. ვალდებულება გვქონდა, რომ კეთილმოწყობილი სადგომი უნდა აგვეგო.

dzroxa4-1656063841.jpg

- პროდუქტს სად ყიდით?

- თავდაპირველად რძეს ადგილობრივებს ვაბარებდით, მაგრამ მათთან ურთიერთობა რთული იყო, ხან თანხის პრობლემა იყო, ხან რისი. ახლა ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გვაქვს კონტრაქტი. არადა, მანამდე თუ პროდუქტი 1 ტონაზე ნაკლები იქნებოდა, ხელშეკრულებას არ გვიდებდა. დღეს გაწერილი გვაქვს ჩასაბარებელი რაოდენობა. დღესდღეობით საშუალო წველა დEღეში 28 ლიტრია ერთ სულზე.

- მძიმე შრომაა, არადა, თბილისშიც შეგეძლოთ პროფესიით საქმიანობა და მუშაობდით კიდეც. რა გიზიდავთ ამ ყველაფერში?

- ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტს ვქმნი. ქვეყანა რძის ფხვნილით მარაგდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე არცთუ კარგ გავლენას ახდენს. რაც შეიძლება ბევრი ჯანსაღი პროდუქტი უნდა შევქმნათ, რომ არ იყოს ამდენი დაავადება. მერე ვინმე დამინახავს და მასაც მოუნდება იმავეს გაკეთება, ეს კი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს. როდესაც ამ ყველაფერს თავს ართმევ, ძალას გმატებს, რომ მეტი გააკეთო. ადამიანებიც, რომლებიც შენთან მუშაობენ, თვალებში შემოგყურებენ, ამიტომ სხვა გზა აღარ გაქვს, იმ მიმართულებით უნდა განაგრძო სიარული, რომლითაც მიდიოდი. ურთულესი საქმეა. კი, მართლაც შემეძლო უფრო სუფთად და ადვილად თბილისში მეშრომა, მაგრამ მიმაჩნია, რომ შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს და თუ არ გააკეთებ, იმათ ბედს გაიზიარებ, ვინც წინსვლა ვერ შეძლო.

ეს საქმე შემოსავალთან ერთად ხარჯიანიცაა. როდესაც 120 სული საქონელი გყავს, ეს ყოველდღიური ხარჯი და ყოველდღიური ფორსმაჟორია.

dzroxa3-1656063841.jpg

- ადრეულ წლებში, როცა ნახირშიც გიწევდათ წასვლა, მაშინ თუ გიფიქრიათ იმაზე, რასაც ახლა აკეთებთ?

- ხომ იცით, როგორი წლებიც იყო 90-იანები, მწყემსი არ გვყავდა, ვერ მოვიძიეთ, ამიტომ საქონელს ჩვენ ვმწყემსავდით. ერთხელ მამას არ ეცალა და მითხრა, შენ უნდა წახვიდეო. 14 წლის ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ხბორები ხბორების ადგილას უნდა ჩამეყენებინა, საქონელი - საქონლის ადგილას, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენი დღე გაგრძელდებოდა ჩემი მარტო ყოფნა. სამ დღეს კი მომიწია. მინდორში ერთი კოშკი გვაქვს. იქიდან ვუყურებდი მთელი ღამე ყველაფერს, არ მეძინა, თოფი გვერდით მედო. მაშინ სხვა ცხოვრება იყო, ისეთ მაგარ ბიჭებს აყაჩაღებდნენ, მე კი მოზარდი ვიყავი. ამიტომ ვიცოდი, საქონელი ოჯახის იყო და ღამით არ უნდა დამეძინა, მით უფრო, რომ გარშემო დამხმარე არ იყო, თან მამამ ჩამაბარა და საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. მოკლედ, ის კოშკი ჩემს ბევრ მოგონებასთან ასოცირდება. ხშირად მახსენდება ის დღეები.

- იმ ამბიდან დღევანდელ ვითარებამდე მოხვედით.

- კი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ იქ ოდესმე დენი იქნებოდა, 4 კილომეტრზე დენი ჩვენ გავიყვანეთ. იქ დღეს სათვალთვალო კამერებია დაყენებული, უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ამ დენის ჩაყვანა, ალბათ, ათობით ფერმას დაეხმარა. მინდა უფრო განვვითარდეთ ტექნოლოგიურად, მეტი მუშახელი დავასაქმოთ, მეტი კარგი საქმე ვაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ოჯახი. უზომოდ დიდ შრომას ვდებთ - დედა, მამა, მე და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფერმას ემსახურებიან. ჩემი აზრით, ფერმას კი არა, საქართველოს ემსახურებიან. ჯანსაღად უნდა გამოკვებო ქვეყანა და არ უნდა შეჩერდე.