როდის აჯობებს ხახვის წარმოება კონკურენტებს - კვირის პალიტრა

როდის აჯობებს ხახვის წარმოება კონკურენტებს

თუ ქართული კულინარიისთვის აუცილებელ პროდუქტებს გადავხედავთ, მათ შორის არის ხახვი, უმნიშვნელოვანესი ტრადიციული კულტურა. მის მოსავალსაც დიდი რაოდენობით ვიღებდით, რომ არა ბოლო ათეული წლები. დღეს საქართველოში ხახვის მოსავალი შემცირებულია, ამის ხარჯზე კი იმპორტი იზრდება. ეს მაშინ, როცა ბოლო წლებში მისი ფასი მაღალია. ხახვის იმპორტისთვის დაახლოებით 10 მილიონი დოლარი იხარჯება. სტატისტიკის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში საშუალოდ 15 000 ტონა ხახვი იწარმოება, უცხოეთიდან კი თითქმის 30 000 ტონა შემოდის და მაღალი ფასითაც. არადა, კვლევების თანახმად, ქართული ხახვი ადგილობრივ აგროეკოლოგიურ პირობებთან მაღალი ადაპტაციით, დაავადებებისადმი რეზისტენტობითა და კარგი გემოვანი მახასიათებლებით გამოირჩევა. თუ რა იწვევს სასურსათო პოლიტიკის ამგვარ ალოგიკურობას, ამის შესახებ ფერმერ დავით არხოშაშვილს ვესაუბრეთ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთიდან. ის ხახვს დიდ ფართობზე, 10 ჰექტარზე თესავს, სადაც დაახლოებით 800 ტონა ხახვი მოჰყავს.

- ბატონო დავით, ხახვი დიდი რაოდენობით მოგყავთ. სხვას რა უშლის ხელს, რომ ეს აუცილებელი კულტურა მოიყვანოს და სხვა ქვეყნიდან არ შემოგვქონდეს მაშინ, როცა ჩვენში საკმარისი რაოდენობის ხახვის მოყვანის ტრადიციაც არსებობს.

- მოკლედ გეტყვით: ხახვის ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის აუცილებელი ტექნიკის უქონლობაა. ბევრი და თანაც ხარისხიანი ხახვის მოყვანა დღეს ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია. აი, თურქეთს მოჰყავს მაღალი დონის ტექნიკით ბევრიც და ხარისხიანიც. ამიტომაც ბაზარზეც თურქეთმა გვაჯობა. ჩვენი ფერმერების 90%-ს ხახვის მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები არა აქვთ. ამის მიუხედავად, ბევრი მაინც ცდილობს არ შეწყვიტოს ხახვის წარმოება, მაგრამ ხარისხს ვერ აღწევს, მუშახელი კი ძვირი უჯდება და ბოლოს თავს ანებებს. ტექნიკის ნაწილი მხოლოდ ერთეულებს გვაქვს და თავსაც არ ვზოგავთ, მაგრამ სრული ტექნიკა თუ არ იქნება, საეჭვოა ქართული ხახვი ქვეყანას ეყოს. წარმოიდგინეთ, ბევრ ფერმერს ხახვის სათესი აპარატიც კი არა აქვს, ხელით თესავს და ხელითვე იღებს. ხახვის ამოღების, გადარჩევისა და ფოჩისგან გაწმენდის პროცესი კი ხახვის მოსავლის მოწევაში ყველაზე მძიმე და შრომატევადია. შესაბამისად, მუშახელსაც მაღალი ხელფასი სჭირდება, თანაც, თუ იშოვე. ხალხის დიდი ნაწილი უცხოეთშია სამუშაოდ წასული, ნაწილს კი არასტაბილური სამუშაო არ სურს, ხახვის აღება ხომ სეზონურია, ზოგი კი, სამწუხაროდ, ზარმაცობს. Aამ დროს თურქეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არა მარტო მოსავალს იღებს, არამედ აღებულს ამუშავებს, ფურცლავს, აკალიბრებს - ხახვს სტანდარტული ზომების მიხედვით ასაწყობებს, ტომარაში ყრის და ასე გზავნის სარეალიზაციოდ. აი, ამიტომაც ვერ ვჯობნით თურქეთს.

- დიდი დრო დაგჭირდათ ტექნიკის თუნდაც ნაწილის შესაძენად?

- დაახლოებით 15 წელიწადი, თან სახელმწიფოც მეხმარებოდა, დარწმუნდნენ, რომ დახმარებას წყალში არ გადავყრიდი. თუმცა ყველა ფერმერი ხომ ამას ვერ შეძლებს, ამისთვის შეიძლება ვერც ენერგია ეყოს და ვერც მოთმინება! მალე შემოვიტან თურქეთიდან ხახვის სარჩევ აპარატს სახელმწიფოს თანადაფინანსებით. წარმოიდგინეთ, დანადგარი 40.000 დოლარი ღირს, აქედან 50%-ს სახელმწიფო აფინანსებს, ფასი კი მაინც დიდია. თუმცა, თუკი ხახვის მოსავალზე შრომას ვაპირებ, მირჩევნია ეს ტექნიკა მაინც ვიყიდო და ფული ნაწილ-ნაწილ გადავიხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონურად ხახვზე 40 კაცის დასაქმება მჭირდება. ეს ხალხი ბევრს შრომობს, ამიტომ სათანადოდ უნდა გადავუხადო. ამ დროს, შესაბამისად, ჩემი ხახვისგან მიღებული შემოსავალიც ხომ მცირდება.

- სახელმწიფოს უფრო დიდი შესაძლებლობები რომ ჰქონდეს ფერმერთა დახმარებისთვის, ეს ვადა შემცირდებოდა. არადა, უნდა ჰქონდეს - როდესაც ქვეყნიდან წელიწადში 10 მილიონი დოლარი ხახვის შესაძენად გადის, ხომ შეიძლება ეს თანხა ტექნიკის შეძენას მოხმარდეს?

- სწორედ ეგ არის საქმე, სახელმწიფოს ფეხზე დადგომა სჭირდება, თორემ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუნდაც, მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოყოფა სავაჭრო ობიექტებში, რათა ხალხმა იცოდეს, რას ყიდულობს. ამ შემთხვევაში ქართულ პროდუქციაზე თავისთავად გაიზრდება მოთხოვნა. ტექნიკის გარდა, საკმარისი ხახვის მოყვანას აუცილებლად სჭირდება გასარწყავების სისტემა და შესანახი საწყობები. მე 800 ტონამდე ხახვი მომყავს და ამ შედეგს ვერაფრით მივაღწევდი, გასარწყავების სისტემა რომ არ მქონდეს. ნათესებს ელექტრონულად, ტუმბოებით გადმოქაჩული წყლით ვრწყავთ, რაც ასევე ხარჯია. მოკლედ, თუ გვაინტერესებს, რატომ იკლო ხახვის მოსავალმა, წყალი და დასაწყობება აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. თუნდაც მარნეულის მაგალითი ავიღოთ, სადაც დიდი მოსავალი მოდიოდა. ამ რეგიონში სიცხეა, სარწყავი სისტემა ნაკლებად არის და ხახვის მოსავალიც იკლებს. საწყობის ან მაცივრის გარეშე ფერმერი იძულებულია მაშინვე გაყიდოს ბითუმად, თორემ ხახვი დალპება და შრომა წყალში ჩაეყრება. საბითუმო ფასები კი ძალიან დაბალია იმ თვითღირებულებასთან შედარებით, რაც ხახვის მოყვანისთვის იხარჯება. ამ მიზეზითაც ამბობს ხალხი ხახვის მოყვანაზე უარს.საექსპორტოდ ჩვენ ხახვის გატანის გაცილებით მაღალი პოტენციალი გვექნებოდა, პირობები რომ გვქონდეს. ხარისხიან პროდუქციას რეალიზება არ უჭირს, მაგრამ ის შესაბამისი ტექნიკით უნდა მოიყვანო.

- არც თქვენი 800 ტონა ხახვის რეალიზება ჭირს?

- არა. კარგ მოსავალს კლიენტი ყოველთვის ჰყავს. ისე კი, მაინც არ უნდა შეეშინდეთ ქალაქელებს, ძალიან თუ გაგვიჭირდა, ქალაქს ისევ ჩვენ ვარჩენთ.