"თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ვეცდებით, ეს შეცდომა გამოსწორდეს, კრიტერიუმები ჰაერიდანაა მოტანილი" - კვირის პალიტრა

"თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ვეცდებით, ეს შეცდომა გამოსწორდეს, კრიტერიუმები ჰაერიდანაა მოტანილი"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 6 თვეზე მოკლე პერიოდში უნდა მიიღოს და ქვეყანა ამას იმსახურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე: რა ნაბიჯებს ვიხილავთ უნგრეთისგან, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გქონდეთ ლობისტის პოზიცია, რათა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება მოვახერხოთ? - სიიარტომ განაცხადა: „თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს.

„თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით ეს რას ნიშნავს. მოდით ერთ მაგალითს შევხედოთ - პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრებას გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.