6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება დიდი პოლიტიკური ევრორემონტი?! - კვირის პალიტრა

6-თვიანი ვადა, ანუ როდის დაიწყება დიდი პოლიტიკური ევრორემონტი?!

„ჩემი გეგმა ძალიან მარტივია: დღეს ჩვენი ქვეყანა არის გარდამტეხ ეტაპზე და გვაქვს რამდენიმე თვე, რომ შევასრულოთ პირობები, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის სისტემურ რეორგანიზაციას“

ევროპის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა, პირობით, რომ თუკი 12-პუნქტიან რეკომენდაციას ისე შევასრულებთ, როგორც ევროკავშირი ითხოვს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ის მაინც გამარჯვებად გამოაცხადა. ბევრი ითქვა იმაზე, რომ ევროპული პერსპექტივა თავისთავად მიღწევაა და რომ არა ომი უკრაინაში, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი რომ გავუშვით ხელიდან ხელისუფლების უმოქმედობით თუ არასწორი მოქმედებით, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. რა შანსი არსებობს ამ ვალდებულებების შესრულებისა და ეფექტიანი იქნება თუ არა 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლებისთვის 3 ივლისამდე ვადის მიცემა, რომ გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

xuxashvili3.jpg

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თუ კომპლექსურად შევხედავთ იმ პერიპეტიებს, რომლებიც ბოლო თვეებში ვითარდებოდა, ხელისუფლებამ არათუ არაფერი გააკეთა, რომ შანსი გამოგვეყენებინა და სტატუსი მიგვეღო, არამედ ხშირად, ნებით თუ უნებლიეთ, ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, ასე რომ, ახლა ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიციებს ოპოზიციის გამონათქვამები არ აყალიბებს. მათი დასკვნების საფუძველია საელჩოებისა და დამოუკიდებელი წყაროების მიწოდებული ინფორმაცია. ერთი სიტყვით, ჩვენ რომ ასეთი სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, შორს მიმავალი შედეგებით, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მეტსაც გეტყვით - ხომ ჩანს, რომ ახლაც არაფრის გაკეთებას არ აპირებენ?! ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, მე დიდი ბიჭი ვარ, არ ვთამაშობ იმ წესებით, რაც შენს ოჯახშია მიღებული, მაგრამ ისეთი მიმიღე, როგორიც ვარ, შეცვლას არ ვაპირებო.

- ფიქრობთ, რომ მათი უმოქმედობა ან არაწორად მოქცევა განპირობებული იყო ხელისუფლების დაკარგვის შიშით და არა - რუსეთის ინტერესების დაცვით?

- კი ბატონო. მე ამ შეთქმულების თეორიებს არ გავყვებოდი, რადგან ესენი რეალურად არც პრორუსები არიან, არც - პროევროპელები. ისინი მხოლოდ მეთავისეები არიან და თუ მათ ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გარანტიებს რუსეთი მისცემს, რუსეთისკენ გადაიხრებიან, თუ დასავლეთი მისცემს - დასავლეთისკენ. ისე, რუსეთს დასავლეთი ურჩევნიათ, რადგან იქ სწავლობენ მათი შვილები, იქ აქვთ ქონება და ა.შ., მაგრამ თუ დასავლეთი მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, არც რუსეთზე იტყვიან უარს.

- ამ ყველაფერში ივანიშვილის როლს როგორ ხედავთ, მის გარეშე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?

- არა, ეს გამორიცხულია! მართალია, მე არ ვიცი, ახლა რა ფორმით მონაწილეობს ივანიშვილი პოლიტიკაში და როგორ მართავს მათ, მაგრამ პრინციპული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ზედამხედველობით მიიღება.

- და რაც ახლა ხდება, მის ინტერესებს­ შეესაბამება?

- როგორც ჩანს, რაღაც არასწორად გათვალა. ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. არ ელოდა ასეთ რეაქციებს არა იმდენად ქვეყნის შიგნით, არამედ უფრო დასავლეთში. ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავს ამ პრობლემებისგან თავდახსნის გზას. სისტემური ცვლილებებისთვის ივანიშვილი ჯერჯერობით მომწიფებული არ არის. მას მიაჩნია, რომ თუ ახლა დათმობს, მერე უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. ცხადია, ასე არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ასე ფიქრობს. ახლა ის თავს კედელთან მიყენებულად თვლის, ამიტომ განსაკუთრებით სახიფათო ხდება.

- უკან დახევად თუ დათმობად რას ჩათვლის, მთავრობის შეცვლას, თუ პოლიტიკის?

- უკან დახევით გამოსავალი ხომ უნდა დაინახოს? ღარიბაშვილს ნებისმიერ მომენტში გადააგდებს, ეს პრობლემა არ არის - სხვებიც გადაუგდია და თავად ღარიბაშვილიც, მაგრამ ახლა ღარიბაშვილის გადაგდებით რას მოიგებს, ვერ ხვდება. საჭირო სარგებელს თუ დაინახავს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს მაშინვე აქცევს განტევების ვაცად, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ სარგებელს ვერ ხედავს.

- ვერ ხედავს თუ არც იქნება სასარგებლო ღარიბაშვილის გადაყენება?

- მე ვფიქრობ, მას აქვს გამოსავალი და ეს შევთავაზე კიდეც. სიმართლეს გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელმწიფოებრივი საქმიანობის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი და ამას საჯაროდ ვამბობ, მისი ბედი ჩემთვის სულერთი არ არის, რადგან მასთან ბევრი რამ მაკავშირებს. ამიტომ ვცდილობ, ის ხალხის, ისტორიის და, გარკვეულწილად, დასავლეთის წინაშეც ნაწილობრივ მაინც იყოს რეაბილიტირებული. ვეძებ გამოსავალს ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც და მიმაჩნია, რომ ეს სწორია, თუმცა ამის გამო ბევრი მხვდება, მათ შორის - ჩემი მეგობრებისგან. ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ უნდა მივცეთ ბიძინას შანსი? ამბობენ, რომ ის არის ოლიგარქი და მას შანსი არ უნდა დავუტოვოთ, რაც სწორად არ მიმაჩნია. ადამიანს უნდა მიეცეს შანსი, მიუხედავად იმისა, რა დააშავა. თუ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება, კედელთან მიაყენებ, მას ცუდად შეუძლია კუდის მოქნევა, ამ პროცესში კი შეიძლება ქვეყანა ძალიან დაზარალდეს. ეს რატომ უნდა გავაკეთოთ, როცა შეიძლება, გამოსავალი მშვიდად მოვძებნოთ?!

- გგონიათ, რომ კუდს მოიქნევს? ეს საფრთხე რეალურია? და რა შეიძლება გააკეთოს?

- დღეის მდგომარეობით ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რომ სამშვიდობო გეგმებს დასთანხმდეს. ის ჯერ ამისთვის მზად არ არის, რადგან თვლის, რომ ეს მისი სისუსტის გამოვლინება იქნება. ის არ ენდობა მეორე მხარეს, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაც ეტაპზე ამ კომპრომისზე წამოვა, თუმცა მეშინია, უკვე დაგვიანებული არ იყოს...

- თუკი საზოგადოება შანსს მისცემს და პრემიერად დაბრუნდება, რა შეიცვლება?

- მე პრემიერად დაბრუნება არ მიგულისხმია. ჩემი გეგმა ძალიან მარტივია: დღეს ჩვენი ქვეყანა არის გარდამტეხ ეტაპზე და გვაქვს რამდენიმე თვე, რომ შევასრულოთ პირობები, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის სისტემურ რეორგანიზაციას. დრო ძალიან მცირეა და ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება, თუკი გვინდა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გავაკეთოთ. მე არ ვამბობ, რომ ის ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის რეფორმების ჯგუფი, რომელშიც იქნება ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ევროსტრუქტურებში ნდობით სარგებლობს. ამ ჯგუფში ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს და მეტსაც გეტყვით - თვითონ უნდა გახდეს მოდერატორი, როგორც დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირი და ხელისუფლება აიძულოს, რაც მაგიდაზე დაიდება, ყველა პირობა შეასრულოს. ამის გაკეთება მხოლოდ ბიძინას შეუძლია, ამიტომ შეგვიძლია, დროებითი ლეგიტიმაცია მივცეთ და გეგმა რომ დაიდება, მერე ამ ჯგუფმა, რომელშიც ბიძინაც იქნება, მის შესრულებას ზედამხედველობა გაუწიოს. გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ამ ჯგუფში უნდა გადაწყდეს, არის რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა-არააუცილებლობა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. თუ ივანიშვილი ამ პროცესში სხვებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მისი როლი იქნება გადამწყვეტი, ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე სწორი და მშვიდობიანი გამოსავალი, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. ამით მისი ისტორიული რეაბილიტაცია მოხდება და პირად პრობლემებსაც გადაწყვეტს. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ვალმოხდილს შეუძლია მართლაც წავიდეს და არა ისე, ახლა რომ არის ვითომ წასული, ვითომ პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრება, ამ დროს კი ყველა ყველაფერზე მას აკისრებს პასუხისმგებლობას. ისე უნდა წავიდეს, რომ მისი წასვლა ყველამ დაიჯეროს.

- გასაგებია, რომ თქვენ მასთან ურთიერთობა არ გაქვთ, მაგრამ ხომ არ გიცდიათ, ეს რჩევა როგორმე მიგეწოდებინათ?

- რატომღაც მგონია, რომ ის ჩემს ნათქვამს კითხულობს. არ გეგონოთ, რომ რამის საქმის კურსში არ არის, ასე რომ, ამ შეთავაზების შესახებაც იცის. მასთან ურთიერთობა 2018 წლიდან აღარ მაქვს. ბოლოს მიმოწერა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვქონდა და მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამიცრუა იმედი, ეს კომუნიკაცია შეწყდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა ვამბობთ, წაიკითხავს და მისი გადასაწყვეტია, რას იზამს.

- როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ კრიზისულ მომენტში დაბრუნდებოდა. ვერ გრძნობს, რომ ამაზე კრიზისული ვითარება, შესაძლოა, აღარც იყოს?

- ზუსტად ახლაა ის მომენტი, როდესაც მისი დაბრუნება აუცილებელია ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც, რადგან ის დღეს უსაფრთხოდ არ არის. შესაძლოა, აცნობიერებს კიდეც ამ კრიზისულ ვითარებას, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს და ამიტომ ვცდილობ მეც და, ალბათ, სხვებიც, გამოსავალი შევთავაზოთ, რასაც, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესების გამო ვაკეთებ, რადგან ეს დაპირისპირება ქვეყნისთვის სახიფათოა.

- ამ ფონზე საზოგადოების მოთხოვნა, რომ გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, შედეგიანი იქნება?

- თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს არაფერი: არც - პარლამენტი, არც - მთავრობა, არც - მმართველი პარტია და ეს ყველაფერი ვირტუალური ინსტიტუტებია. რეალურად არსებობს ერთადერთი კაცი, რომელზეც დგას ეს ყველაფერი და ახლა მან ყველა რომ სახლში გაყაროს, რამე შეიცვლება? რამდენი პრემიერ-მინისტრი გვყავდა და სამ დღეში აღარავის ახსოვდა. ახლაც ღარიბაშვილი რომ გადადგეს და მის ნაცვლად ქიბროწაშვილი მოვიდეს, რა შეიცვლება? არაფერი, რადგან ძალაუფლების ცენტრი უცვლელია და სწორედ ეს უნდა შევცვალოთ, ამის შეცვლა კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია. მისი იძულება ან დასჯა, მგონია, რომ სერიოზულ რისკებსა და შეჯახებებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილის კედელთან მიყენება ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მის გარშემო ბევრი რესურსია თავმოყრილი და თუ მან საფრთხე იგრძნო, შეუძლია, კუდი მოიქნიოს - ეს უნდა გვახსოვდეს.

- რას გულისხმობთ, შეიძლება პუტინს გაურიგდეს?

- დეტალებზე არ ვილაპარაკებ. წინასწარ არ ვიცი, რას გააკეთებს, თუმცა ფაქტია, რომ მას კუდის მოქნევის რესურსი აქვს და თუ მოიქნევს, შესაძლოა, სახელმწიფო დაზიანდეს.

- ხელისუფლებისთვის კონკრეტული ვადის მიცემა საზოგადოებაზე რა გავლენას მოახდენს?

- მე ვფიქრობ, გეგმა ძალიან ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ საზოგადოების ასეთ აქტიურობას. რაც საქართველოში ხდება, უნიკალური მოვლენაა. პირდაპირი დემოკრატიული პროცესი ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას (კონსტიტუციაში კი წერია, რომ ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს ევროინტეგრაციისთვის), ხალხი იწყებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ანუ ხელისუფლების იძულებას, დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულებები. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესის მომსწრენი ვართ. ხელისუფლება აწყობს გადატრიალებას, ხალხი კი ცდილობს, ის კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნოს და თუ ვერ დააბრუნა, სახლში გაუშვას. ეს სწორი, ჯანსაღი და სამართლიანი პროცესია, მაგრამ ყველაფერს უნდა სწორად შესრულება, აქ კი უკვე პრობლემები გვაქვს. მაგალითად, ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა ძალიან ზოგადი დამოკიდებულების მაჩვენებელია. სამოქალაქო საზოგადოების და ამ პირდაპირი დემოკრატიული პროცესის ამოცანა განტევების ვაცებით დაკმაყოფილება კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოყვანა უნდა იყოს, მისი იძულება, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც დააკისრა ისტორიამ. ის რომ დღის სინათლეზე გამოვა, მერე უკვე შეიძლება კაპიტულაციის აქტის შედგენა. კაპიტულაციის აქტზე ხელმომწერი ხომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს! ღარიბაშვილმა ან სხვა ვინმემ რომც მოაწეროს ხელი, მერე ივანიშვილი ხომ "გადაგვაგდებს"? როდესაც დაავადების სათავეს კი არ მკურნალობ, არამედ იმ ორგანოებს, რომლებიც ძირითადი სენის შედეგად დამძიმდა, ამით დაავადებას ხომ ვერ მოერევი?! ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც აქციაზე გამოცხადდა, შედეგის მომტანი არ იქნება. არც ღარიბაშვილი გადადგება და ამით ჩვენ, პირიქით, ივანიშვილს კომფორტს ვუქმნით, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილი მეტ პასუხისმგებლობას აჰკიდებს ღარიბაშვილს. თუ ღარიბაშვილმა მოახერხა და ეს ყველაფერი გადატეხა, დატოვებს, თუ ვერ გადატეხა და შეცდომები დაუშვა, ხელს შეაწმენდს და გადააგდებს ისე, როგორც აქამდე არაერთი გადაუგდია.

- მაშ, რა უნდა მოითხოვონ პროტესტანტებმა?

- ჩვენ უნდა ვუთხრათ: "გამოდი, ბიძინა, დაგინახეთ! შენ ხარ პასუხისმგებელი, მოდი და შენ გველაპარაკე!" არანაირი ღარიბაშვილი და კობახიძე არ არსებობს, პაპუაშვილი - მით უმეტეს.

- რა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგ ივანიშვილი ამას დაინახავს და დაიჯერებს?

- არ ვიცი, გააჩნია, რა ვითარება შეიქმნება. დღეს ამაზე რამის თქმა გამიჭირდება. ძალიან ბევრი სუბიექტური თუ ემოციური ფაქტორი მოქმდებს. ეს უკვე, ასე ვთქვათ, ოპერატიული მართვის საკითხია. ზოგადი სქემა გასაგებია, მაგრამ საბოლოო მოლაპარაკება უნდა შედგეს ბიძინა ივანიშვილთან - სხვებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმისთვის კი, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს, ბიძინა ივანიშვილი დერეფანს უნდა ხედავდეს. ის თავს კედელთან მიყენებულად არ უნდა გრძნობდეს.

რუსა მაჩაიძე