"ლარი რომ სტაბილური არ იყოს, ფასებიც გაცილებით გაიზრდებოდა“
მსოფლიოს არაერთი წამყვანი ლიდერი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ „სასურსათო ომი“ შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც პური მთავარი საკვები პროდუქტია. ეს გლობალური პრობლემა საქართველოსაც მოიცავს
საქართველოში ფასების პრობლემა ერთ-ერთი არსებითი საკითხია. არადა, ზაფხულში ტრადიციულად ინფლაცია მცირდება ხოლმე მთელი რიგი ფაქტორების გამო. რა განაპირობებს დღეს ინფლაციის მაღალ დონეს, არის ეს მსოფლიო კრიზისის გამოძახილი თუ ადგილზე დამატებითი პრობლემებიც უწყობს ხელს, ამ საკითხებზე ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.
- ფასების მატების ბუნება რომ გავიგოთ საქართველოში, უნდა გავიაზროთ გლობალური პროცესები. ადრეც მითქვამს, რომ ვგულისხმობ ორ რამეს - რუსეთის ომი უკრაინაში და მისი წინამორბედი კოვიდპანდემია, რამაც ასევე შექმნა ეკონომიკური კრიზისის საფუძველი. დღევანდელი მაღალი ინფლაცია მხოლოდ ამ ორი ფაქტორით არის განპირობებული. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პანდემიის დროს, როცა ვირუსი არაპროგნოზირებულად და სწრაფად ვრცელდებოდა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ეკონომიკა დროებით ჩაკეტეს, რამაც მთელი რიგი დარგების საწარმოთა გაჩერება გამოიწვია, საწარმოთა გაჩერებამ კი განაპირობა მიწოდების გლობალური ჯაჭვების შეფერხება, ცალკეულ შემთხვევებში, რღვევაც კი. შედეგად საწარმოთა კავშირი გლობალურად მოიშალა და არა მარტო ცალკეული ქვეყნების დონეზე, რამაც უკვე მიწოდების შემცირება განაპირობა, მიწოდების შემცირებისას კი ფასები იმატებს. ასე რომ, ფასების ზრდა დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიის დროს და შევახსენებ მკითხველს, რომ 2021 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13,9% შეადგინა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო და არსებითად გადაფარა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვქონდა 10,5%-ის დონეზე. უკვე შარშან ეკონომიკის გამოცოცხლების კვალობაზე, რასაც წინ უძღოდა ვაქცინაციის პროცესის დაწყება, შეიქმნა მოლოდინი, რომ წლეულს მიწოდების ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირება მოხდებოდა, გაიზრდებოდა მიწოდება და ინფლაციაც შედარებით შემცირდებოდა. მაგრამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს დაემატა ომი უკრაინაში, რასაც დასავლეთის ეკონომიკური სანქციები მოჰყვა. ეს კი ნიშნავს ამ ქვეყნების გათიშვას მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან, საიდანაც აგრეთვე ამოვარდა რუსეთი და მისი სტრატეგიული პარტნიორი ზოგადად და უშუალოდ ამ ომში - ბელარუსი. ამან მიწოდების ჯაჭვების რღვევის პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. ეს პრობლემა მთელი მსოფლიოსია! აშშ-ში რესპუბლიკელებმა ასეთი ტერმინი მოიგონეს, "ბაიდენფლაცია" - ანუ ინფლაციას აბრალებენ ბაიდენს. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ეს ბაიდენის პრობლემა არ არის, მაგრამ ეს მაგალითი ხაზს უსვამს, რამდენად პოლიტიკურ რანგშია აყვანილი ინფლაციის საკითხი, თუნდაც ამერიკაში.
ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოშიც არის ინფლაციის მაღალი დონე. ჩვენი ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბალანსი მცირედით უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ იმპორტი 2,5 და მეტჯერ აღემატება ექსპორტს. ამიტომ საქართველოში სხვადასხვა საქონლის იმპორტთან ერთად ხდება ინფლაციის იმპორტიც და, ბუნებრივია, ეს აისახება ფასებზე.
რუსეთის ომის ფონზე დაიწყო კიდევ ორი ახალი ომი. ერთს წამყვანი სპეციალისტები "ნავთობის ომს" უწოდებენ, მეორეს - "სასურსათო ომს". ნავთობის ომი განპირობებულია ნავთობის მიწოდების შეზღუდვით, ცდილობენ შემცირდეს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა და ამან ნავთობის ფასების მატება გამოიწვია. ამერიკის წამყვან ეკონომისტებს იმის პროგნოზირებაც კი უჭირთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ფასების ზრდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და სად არის ამ ფასების ზრდის ჭერი. ნავთობის პრობლემის გარდა, არის "სასურსათო ომიც". ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რუსეთის მთავრობამ თავისი ძალების კონცენტრაცია მოახდინა მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, განსაკუთრებით ხორბალზე და ომის დაწყებამდე რუსეთსა და უკრაინაზე, ერთად აღებული, მარცვლეულის მსოფლიო ექსპორტის 25%-30% მოდიოდა. უკრაინაში არის საექსპორტო ხორბალი, მაგრამ საზღვაო პორტები დაბლოკილი აქვთ რუსულ სამხედრო გემებს. თურქეთის შუამავლობით რუსეთმა კი დაიჭირა ის პოზიცია, რომ მზად არის გაატაროს უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები, მაგრამ რუსები ამ პორტების განაღმვას ითხოვენ. თუმცა განაღმვა გაზრდის საფრთხეს, რომ რუსული ფლოტი შეუტევს უშუალოდ პორტებს, ზღვისპირა ქალაქებს. ამიტომ უკრაინა ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინული ხორბლის გატანას უკრაინული პორტებიდან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის იმ ტერიტორიაზე, სადაც მარცვლეული მოჰყავდათ, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასე ადვილად ვერ მოხერხდება უკრაინაში მარცვლეულის წარმოება და შესაძლოა თავად უკრაინას დაუდგეს კრიზისი. რაც შეეხება რუსეთს, მან მთელი რიგი მიმართულებებით აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი, შესაბამისად, მიწოდება შემცირებულია და ფასები გაზრდილია. იმ მიმართულებით კი, სადაც რუსეთი ახორციელებს ექსპორტს, თავადვე გაზარდა ფასები. ამიტომ ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია და მსოფლიოს არაერთი წამყვანი ლიდერი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ "სასურსათო ომი" შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც პური მთავარი საკვები პროდუქტია. ეს გლობალური პრობლემა საქართველოსაც მოიცავს.
- საზოგადოებაში არის უკმაყოფილება, ლარის გამყარების პარალელურად რატომ არ მცირდება ფასები. გასაგებია, რომ დღეს ფასებს ეს გლობალური პრობლემები განაპირობებს, მაგრამ ვერ ეწევა ლარის გამყარება, რომ საზოგადოებას ასეთი წნეხი არ ჰქონდეს?
- ეს მარტივი ასახსნელია. რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩვენზე მოქმედებს ორი რამ: პირველი - მსოფლიო ბაზარზე თუ ფასები იზრდება, გაიზრდება საქართველოშიც და ამაზე სავალუტო კურსის უცვლელობა გავლენას ვერ ახდენს; მეორე - ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რა დროსაც ფასები იზრდება მაშინაც, თუნდაც მსოფლიო ბაზარზე ფასები არ იზრდებოდეს. ამიტომ ახლა ჩვენ შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ, რადგანაც გვაქვს მხოლოდ ერთი ფაქტორი - მსოფლიოში ფასების მატება და კიდევ კარგი, ლარი სტაბილურია, თორემ ლარიც რომ უფასურდებოდეს, მაშინ ფასებიც გაცილებით გაიზრდებოდა.
- ლარის გამყარებას რამდენად ობიექტური ფაქტორები განაპირობებს და ხომ არ არის საშიშროება, რომ მოულოდნელად გაუფასურება დაიწყოს?
- ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, ცხადია, მსოფლიოში არაფერია გამორიცხული, რაც ჩვენზეც აისახება. დღეს მსოფლიოს უჭირს პროგნოზირება, როდის დასრულდება ომი, ასევე უკრაინის ხელისუფლებასაც. ამიტომ როცა არ ვიცით, ომი როდის დასრულდება და რომც დასრულდეს, რა შედეგები მოჰყვება რუსეთში, რომელიც ერთხანს კვლავაც დარჩება ეკონომიკური სანქციების პირობებში - პრაქტიკულად შეუძლებელია თქმა, რომ მსოფლიოში ფასები ამა და ამ ვადაში გამოსწორდება. არც ისარის გამორიცხული, ინფლაციური ტრენდი შენარჩუნდეს.
- ქართულ რეალობაზე რომ ვიმსჯელოთ, ბიზნესმენები დამოკიდებული არიან ფასების მსოფლიო ტრენდზე, თუ დღეს ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ, რადგან არ იციან, ლარის კურსი როგორი იქნება და სამომავლო რისკების გათვალისწინებით იმაზე მეტად აძვირებენ, ვიდრე ეს მსოფლიო ტრენდი მოითხოვს?
- ვერ ვიტყვი, რომ დღეს ბიზნესს რაიმე პრობლემა აქვს. ეს საფრთხე მუდმივად არის და ბიზნესმენები ტრადიციულად ითვალისწინებენ. რაც შეეხება სამომავლო რისკებს, ცხადია, სათვალავშია, მაგრამ იდეალურად ყველაფრის გათვალისწინება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თანაც ისეთ ტურბულენტურ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ. იმავდროულად, რუსეთი ეძებს ხვრელებს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. მაგალითად, ზემოთ "ნავთობის ომი" ვახსენე - ამერიკამ ოფიციალურად უარი თქვა რუსული ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ თავად ამერიკელი ეკონომისტები წერენ, რომ ამერიკა ირიბად მაინც ყიდულობს რუსულ ნავთობს იმით, რომ ინდოეთი ყიდულობს რუსეთისგან ნედლ ნავთობს და ინდოეთის გადამუშავებულს უკვე აშშ ყიდულობს. ცხადია, ეს ხვრელები მიწოდებას ზრდის, რაც გარკვეულწილად ამცირებს წნეხს, მაგრამ პრობლემა ის არის, დღეს ძალიან ბევრ ეკონომისტს არ ესმის, რასთან გვაქვს საქმე. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმზ გელბრეიტი სამართლიანად წერს, რომ დღევანდელი მაღალი ინფლაცია მაკროეკონომიკური პრობლემა არ არის. ბევრს კი ჰგონია, რომ დღეს არსებულ ინფლაციას უნდა მოუარონ ზუსტად ისე, როგორც უვლიან მოთხოვნის ზრდის პირობებში, ანუ შეიზღუდოს ფულის მასა და როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მთელ მსოფლიოში ამ მექანიზმით მოქმედებენ. სინამდვილეში ვითარება ბევრად რთულია, რადგან დღევანდელი პრობლემა გამოწვეულია მიწოდების შემცირებით, რაც მიწოდების ჯაჭვების რღვევამ განაპირობა. ამ ჯაჭვების აღსადგენად ან ახლის ჩამოსაყალიბებლად კი საჭიროა დრო და ინვესტიციები. ცენტრალური ბანკები კი ფულს აძვირებენ ინფლაციის მოსათოკად, საპროცენტო განაკვეთს ზრდიან. როგორც კი ფული ძვირდება, ბუნებრივია, ბიზნესი ახალ სესხს ვერ იღებს, ვეღარ დააბანდებს ინვესტიციებს მიწოდების ახალი ჯაჭვების ჩამოსაყალიბებლად. გამოდის, არამაკროეკონომიკურ ინფლაციას ებრძვი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტებით, ამით უარეს შედეგს იღებ და ინფლაცია უფრო ძლიერდება. ეს გლობალური პრობლემაა.
- გამოსავლად ინვესტიციების გაძლიერებას ახსენებთ და საქართველოში როდესაც ლარი მყარდება, ეს ინვესტიცირებას ხელს რამდენად შეუწყობს?
- დღეს ინვესტიციებზე ლაპარაკი ძალიან საფრთხილო თემაა, რადგან საომარი მოქმედებების გამო საინვესტიციო აქტიურობა, როგორც წესი, მცირდება. ომის დასრულებისთანავე დადგება უკრაინის აღდგენის საკითხი და ამისთვის დიდი ოდენობის ინვესტიცია წავა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან საომარი რიტორიკა და ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე ცოტა იყო? ამიტომ ასეთ ვითარებაში საქართველოში მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამასთან, ცნობილი ეკონომიკური თეორიები დღეს პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან, სამწუხაროდ, არ არის ტრადიციული, მშვიდობიანი ვითარება. დღეს მსოფლიო ე.წ. სანქციონომიკის პირობებშია, რაც არაბუნებრივი, ეგზოგენური მოვლენაა ეკონომიკისთვის. ამიტომ სტანდარტული სქემები არ მუშაობს. ყოველთვის ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ეროვნული ვალუტის გამყარება ნეგატიურად აისახება ექსპორტზე, ანუ უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
- გასაგებია, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ მოგვყავს რაღაც, თუნდაც მცირე რაოდენობით, და ადგილობრივი პროდუქცია მაინც რატომ ძვირდება? ეს ხომ არის შანსი, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულს და ამით მოგება ნახონ?
- ამ ვითარებაში მსოფლიოში გლობალიზაციის განახლებულ სქემებზე ფიქრობენ, რომლებიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს, რომ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შიმშილსა და ენერგეტიკასთან, ქვეყნებმა თავად უნდა დაიწყონ. საქართველოს იმის პოტენციალი არ გააჩნია, რომ სრულად დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა ხორბალზე, მაგრამ როგორც სპეციალისტებისგან ვიცი, სულ ცოტა, ორჯერ მაინც შეუძლია გაზარდოს ადგილობრივი წარმოება, რაც სერიოზულად აისახება იმპორტის შემცირებაზე. რამდენიმე კვირის წინ მოვისმინე მთავრობის განცხადება, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.
- კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მოსახლეობას ასეთი მაღალი ფასის გადახდა არ უწევდეს? თუ ეს პრობლემა დღეს მოუგვარებელია და საზოგადოება ამას უნდა შეეგუოს?
- ეს პრობლემა ადვილად ვერ მოგვარდება. ერთი გზა არის ადგილობრივი წარმოების გაზრდა, რაზეც ვილაპარაკეთ. მეორე ის, რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ, როცა ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა, რითაც ხორბლის გარეშე დარჩენის საფრთხე აირიდა. ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სანამ ადგილობრივ წარმოებას გავზრდით, მანამდე მაინც შევინარჩუნოთ ფასებზე სტაბილურობა. საქართველოს ეკონომიკა კი აჩვენებს კარგ ტენდენციებს, მაგრამ ჯერ მაინც მყიფეა და როდესაც შიმშილის საფრთხეზე ვლაპარაკობთ, ეს არა მდიდარ, არამედ, უწინარეს ყოვლისა, შედარებით ღარიბ ქვეყნებს ემუქრება.
რუსა მაჩაიძე