"მინდა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობას მივმართო..." - კვირის პალიტრა

"მინდა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობას მივმართო..."

„გეუბნებიან, დაამთავრეთ ძიძგილაობაო და დაამთავრეთ, რა! თავში ქვა იხალონ და შეასრულონ ეს დავალება, ერთხელ მაინც!“

"ახლა გვმართებს დინჯი გონება და სამშობლოზე მოფიქრალი თავი. ეს შანსი თუ გავუშვით, დამთავრდა, აღარ მოტრიალდება. ესეც უფლის წყალობაა", - ამბობს პოეტი ტარიელ­ ხარხელაური.

- ევროპა ჩვენთვის ნაცადი გზაა, სულხან-საბადან მოყოლებული. ისევ კედლებზე არიან ის ლუდოვიკოები, რომლებმაც საბა უარით გამოისტუმრეს. ევროპას შენი ქვეყანა ყველაზე ნაკლებ სტკივა. ჯერ უნდა დაგინახოს, ვინ ხარ, რა დამოკიდებულება გაქვს შენი მომავლისა და ქვეყნისადმი. სამშობლო ხომ დავანაწილეთ! ყველას თავ-თავისი სამშობლო აქვს შემოღობილი და შიგ არავის ახედებს, დაქუცმაცებულ ქვეყანაში ცხოვრება კი არასდროს მოიტანს შედეგს და ვერასოდეს მიგვიყვანს იმ გვირაბთან, რომლის ბოლოსაც სინათლე უნდა გამოჩნდეს. პირიქით, უფრო და უფრო ვშორდებით ამ სინათლეს...

მე ვფიქრობ, ეს მდგომარეობა ორივე­ მხარისთვის მისაღებია, მაგრამ ერთი მხარი­სგან ასეთი აგრესია არ იგრძნობა, მეორე მხარე კი გეუბნება, უნდა დამთავრდეს­ დაპირისპირებაო და, პირიქით, ამწვავებს. შენ ხომ ყოველთვის იმას ხარ მიყურადებული, სხვა რას გეტყვის! არ ფიქრობ იმაზე, შენ რა გინდა და შენს ქვეყანას რა სჭირდება. დღეს რატომ დავიყრუეთ ყურები? გეუბნებიან, დაამთავრეთ ძიძგილაობაო და დაამთავრეთ, რა! ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი დამღუპველი ყოველთვის ეს იყო. ვერასდროს შევძელით, ქვეყანა გაგვეერთიანებინა. ეტყობა, ვიღაცამ დაგვწყევლა, რომ ერთმანეთთან საუბარი არ შეგვეძლოს, სამწუხაროდ, ასე მოგვიწევს გაგრძელება, სანამ იქამდე არ მივალთ, რომ საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა სამშობლოზე და არა პოლიტიკურმა პარტიებმა, ამას კი სჭირდება განათლება, ცოდნა,­ სახელმწიფოებრივად აზროვნება­ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაკრულზე ცეკვა. მინდა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობას მივმართო: არ არის ეს ის ხალხი, ვინც იმ გვირაბში გაგატარებს, რომლის ბოლოს სინათლე ჩანს. ნუ ენდობიან ამათ, იმ სუფრასთანაც არ მიუშვან, სადაც თვითონ სხედან.

- კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსებს გულისხმობთ?

- ჩვენ პოლიტიკოსები­ არ გვყავს, შვილო. ეს პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებასა და ქვეყანას, საზოგადოება და ქვეყანა კი არ უნდა ემსახურებოდნენ პოლიტიკოსებს!­ შეიძლება არიან გულანთებულებიც, ვისაც ქვეყნისთვის კარგი სწადიათ, მაგრამ ეს წადილიც ქრება. გაზაფხულის თოვლსა ჰგავს, მალევე დნება... კაცს, რომელიც ერთხელ უღალატებს ვინმეს, ნუ მოსთხოვ სამშობლოს სიყვარულს, რადგან ის მუდამ მზად არის ღალატისთვის. მისთვის ეს გზა იოლია. ჩემთვის ყოველთვის მაგალითი არიან შინდისელი ბიჭები, ზურა იარაჯული, ჟიული შარტავა - ისინი, ვინც სამშობლოს ღირსებას შეეწირნენ. მათ უნდა მიჰბაძოს ქვეყანამ, ჩვენ კი მათი სახელებისკენ ზურგით ვდგავართ.

ჩემთვის არ არსებობს პოზიცია-ოპოზიცია, ჩემთვის სამშობლოა მთავარი. ჩემი თავი ჯანდაბას, ჩემი შვილიშვილების თაობაა მთავარი. მათ უნდა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორსაც იმსახურებენ, ამისთვის კი ყველაფერი უნდა გააკეთოს ერთმა­ მხარემაც და მეორემაც. თუნდაც თავში ქვა იხალონ და შეასრულონ ეს დავალება,­ ერთხელ მაინც! მაინც მგონია, რომ რუსთაველზე არ წყდება საქართველოს ბედი. რუსთაველის გამზირი არ არის ბრძოლის ველი. ეროვნული საქმე­ ქუჩაში არ კეთ­დება, კეთდება ერთმანეთთან საუბრით, მაგრამ ჩვენ ხომ დიალოგი არ შეგვიძლია! როგორც კი ინტელექტი გვიმტყუნებს, გადავდივართ ჩხუბსა და ერთმანეთის ლანძღვაზე. ღმერთმა ინებოს და გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს კაცი. ჯერ გვიჭირს, მეც დაბნეული ვარ, ვერ ვიგებ, ვინ ვინ არის და სად ვეძებო სიმართლე...რუსთაველის გამზირზე ერთიანობის სულისკვეთებით უნდა ვიკრიბებოდეთ, სამშობლოს კეთილდღეობისთვის და არა იმისთვის, შენ წადი, მე უნდა ვიყოო. ყველაზე მეტად მინდა, რომ ნიჭიერმა ახალგაზრდობამ საქართველოს ხვალინდელი დღე პოლიტიკური ლიდერების გარეშე, საკუთარი ნებით გადაწყვიტოს და ვინმეს დაკრულზე არ იცეკვოს.

- უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან... მიხარია, თან გულიც მწყდება...

- მე ყველაზე უკეთ ვიცი, რა მჭირს და მტკივა და ისიც სხვაზე უკეთ ვიცი, ამას როგორ მოვუარო, ოღონდ უნდა მეყოს­ გონება, რომ ჩემი გასაკეთებელი მე გავაკეთო­. ჩვენ რომ ვებრძოდით რუსეთს, ასეთი ერთიანობა არ მინახავს არც ევროპასა და არც მსოფლიოში. ჩემს ქვეყანას ამიტომ ვეძახი უიღბლოს. იღბალი არ აქვს და ჩვენ თვითონ ვართ ამის მიზეზი. როგორც ვიმსახურებთ, ისე გვიყურებენ. მინდა, ჩემი შვილიშვილების თაობა იყოს ბედნიერი, ისუნთქოს, თავისუფლების ჰაერი იგრძნოს. ვიყუროთ ევროპისკენ და საბასნაირად გულდაწყვეტილი არ გამოვტრიალდეთ უკან, თორემ ახლა ლუდოვიკოს ვეღარაფერს დავაბრალებთ, ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. ახლა გვმართებს დინჯი გონება და სამშობლოზე მოფიქრალი თავი. ეს შანსი­ თუ გავუშვით, დამთავრდა, აღარ მოტრიალდება და ჩვენი იდენტობაც გაქრება. 30 წლის განმავლობაში როგორც მოვდივართ, თუ ასე გავაგრძელეთ, შეცდომის გამოსწორება ვერ შევძელით, ცუდად იქნება საქმე. თქვენი გადასარჩენია ეს ქვეყანა, შვილებო. გამომყენებელი ხალხის გადასარჩენი ეს ქვეყანა არ არის. მენატრება, რომელიმე პოლიტიკოსისგან თბილად წარმოთქმული სიტყვა "სამშობლო" გავიგონო, არადა, ეს სიტყვა უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობის დროშა. მოუფრთხილდით იმედს, რომელიც დღეს გაჩნდა. ეს იმედი არ აქციოთ წყლად, რომელიც ხელიდან თითებს შორის ჩამოიწურება. მოვუჭიროთ მაგრად ხელი ხელს, რომ ეს იმედი თითებს შუა არ გაგვეცრას.