"თუ ორივე მხარე გვეუბნება, რომ ჩვენი ხსნა ევროპაშია, მაშ, რატომ დგანან ხიდზე ჯიუტი თხებივით?!“ - კვირის პალიტრა

"თუ ორივე მხარე გვეუბნება, რომ ჩვენი ხსნა ევროპაშია, მაშ, რატომ დგანან ხიდზე ჯიუტი თხებივით?!“

"ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ქართველებს შორის არასდროს ყოფილა“

მწერლისა და ფოლკლორისტის ამირან არაბულის თქმით, ახლა მთელი ქართველი­ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და შეეცადოს ევროპულ ოჯახად ქცევის ისტორიული შანსი გამოიყენოს.

- ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, იმდენად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს. ამ ყოველდღიურობის მორევში ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო - პატიება, თანადგომა, მიმტევებლობა,­ ზომიერება, შინაგანი თავისუფლება... გასაგებია, რომ ჩვენ გარშემო უამრავი რამ შეიცვალა - ომია ევროპაში, მსოფლიოში კატაკლიზმები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ერთი მტკაველი მიწის შვილები­ ვართ, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ქართველებს შორის არასდროს ყოფილა. რა გგონიათ, პოლიტიკური განხეთქილება არასდროს ყოფილა? შიდა დაპირისპირებების, დაქსაქსვის პარალელურად, ხან ერთი და ხან მეორე იმპერია ცდილობდა ჩვენს დაყოფასა და გადაბირებას, მაგრამ რაღაც დროის, ჯახის შემდეგ, უმეტესად მაინც ვპოულობდით საერთო ენას და ისტორიის სწორ მხარეს ვდგებოდით. კი შევიცვალეთ, ზოგი მავნებლობა გარედან შემოვიდა, ზოგიც ადგილზე შევიძინეთ, მაგრამ მაინც ხომ ქართველები ვართ, ათას ჭირვარამგამოვლილი ქართული გენი ხომ არ შეგვცვლია და რატომ არ შეგვიძლია შევიგნოთ, რომ ამდენწლიანი დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. თუ ვინმეს ჰგონია, ახლა ჩვენი დიდი ტრაგედია სტატუსის მონიჭება-არმონიჭებაა, ცდება. სინამდვილეში, მაგას ეშველება და ვადაც მოგვცეს, მაგრამ თუ ასე, სვავებივით ერთმანეთის ძიძგნას გავაგრძელებთ, ამ შანსსაც დავკარგავთ დიდი ხნით.

იმდენჯერ დაიღვარა სისხლი, იმდენჯერ ვესროლეთ ერთმანეთს სახეშიც, ზურგშიც­, ტყვიაც და ლაფიც, რომ მეგონა, რაღაც გვასწავლა იმ წლებმა, შეცდომებმა, სინანული, ერთმანეთის ნდობა და პატიება ვისწავლეთ, მაგრამ არა... რას ვაკეთებთ, იმავეს ვუტოვებთ მომავალ თაობას, რაც ჩემმა თაობამ ჩვენსას დაუტოვა?! რა გვინდა,­ ისინიც გაუმართავ, დაულაგებელ ქვეყანაში­ ცხოვრობდნენ? თუ ევროპაა ჩვენი არჩევანი, რას ვაკეთებთ, რომ სამართლებრივადაც მისი ნაწილი გავხდეთ? არადა, ჩვენი წინაპრები თავიანთი არსით, ცხოვრების წესით, კულტურით, შეგნებით, ტოლერანტობით ევროპის ნაწილი იყვნენ. ამ ოჯახის წევრი რომ გავმხდარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ვცდილობდით მისკენ გვევლო, რადგან მაშინაც ჩვენი ხსნა ევროპაში იყო.

- საით მივდივართ ახლა?

- მირჩევნია, გიპასუხოთ, საით უნდა წავიდეთ - სინათლისკენ, სიკეთისკენ, განვითარებისკენ, რათა როგორმე სიღატაკეს, უიმედობას, თაობების ქვეყნიდან გაქცევის სურვილს თავი დავაღწიოთ. საქართველო მხოლოდ პოლიტიკოსების არ არის, ყველასია: მწერლის, პოეტის, მასწავლებლის, მშენებლის, მიწათმოქმედის, გლეხის. როგორმე გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, შევცვალოთ მომავალი, თორემ როდემდე ვიტრიალოთ დაწყევლილ წრეზე. თუ ორივე­ მხარე გვეუბნება, რომ ჩვენი ხსნა ევროპაშია, მაშ, რატომ დგანან ხიდზე ჯიუტი თხებივით?!

მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და შესაძლოა ამანაც იქონია გავლენა, რომ ასე უცხონი გავხდით ერთმანეთისთვის. ისედაც სტრესში იზრდება ეს თაობა, მშობლებმონატრებული, მათ კალთას მოწყვეტილი, რომ საარსებო ჰქონდეთ. დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ საზოგადოებამ ეს დაივიწყოს, მაგრამ უკვალოდ არ დაიკარგება. ადამიანების მადლი კლებულობს და ის ურთიერთდამოკიდებულება ხუნდება, რაც ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა. რაც ძვირფასია, რატომღაც მარტივად ველევით, შემდეგ კი ვნანობთ, ოღონდ ჩვენში­ კი არა, სხვა ქვეყნებში ვეძებთ, ვპოულობთ და შევნატრით...

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ერთმანეთის ხმას უნდა მოვუსმინოთ და დავფიქრდეთ, რას ვერ ვერევით ჩვენს თავში, შურს, გაუმაძღრობას, წამხედურობას, ბოროტ ვნებებს... უნდა გადავაბიჯოთ საკუთარ ამბიციებს, თორემ მომავალი თაობებიც ჩვენ დაგვემსგავსებიან, იმავე შეცდომებს დაუშვებენ, იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ნაწილი­ არიან. უკვე ვხედავთ შედეგსაც. მოზარდებს­ შორის ამდენი აგრესია საიდან მოდის? არაფრისთვის იმეტებენ ერთმანეთს. ყველას მიგვიძღვის ამაში წვლილი, ხელისუფლებასაც, ოპოზიციას, საზოგადოებასაც... ამას წინათ პანკისის ხეობაში ვიყავი დაკრძალვაზე­. მთაში მაინც შენარჩუნებულია დიდსულოვნება,­ ადამიანურობა,­ კეთილშობილება.­ რიტუალის დასრულების შემდეგ, დავინახე ორი მამაკაცი ერთმანეთს ესაუბრებოდა - ერთი შედარებით ასაკოვანი, ძია ხასო, და მეორე­ უფრო ახალგაზრდა, სიმპათიური კაცი. გარშემო მამაკაცები ერთმანეთს ემოციურად ესაუბრებოდნენ. ძია ხასომ იმ ბიჭს შვილის უნებლიე მკვლელობა აპატია. ის მეზობელი სოფლიდან იყო და რამდენიმე­ წლის წინ ხასო ხანგოშვილის შვილი ავტომანქანით გაიტანა. წლების განმავლობაში გაყინული ტრაგედია უეცრად, რამდენიმე წუთში მოგვარდა. დუისიდან მატნისკენ და პირიქით, სულ დადის ხალხი, ერთმანეთის ნათესავები, მეგობრები, დაძაბულობის გამწვავების საფრთხე სულ არსებობდა. ეს იცოდა ხასო ხანგოშვილმა და ამიტომ მოიქცა ასე. ასეთი პატიების, შერიგების, ზნეობის მაჩვენებელი მაგალითები გვჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე, პრინციპებზე მაღლა უნდა დადგეს. ქართველ კაცს ეს შეეძლო... ახლა დრო დაგვითქვეს და ამ ექვს თვეში ქვეყნის მომავალი მთლიანად უნდა შეიცვალოს, სხვა რეალობაში უნდა გავიღვიძოთ. ამ ერთხელ ყველამ ერთად შევძლოთ ისტორიული შანსის გამოყენება და ერთხელ მაინც წავიდეთ წინ, ოღონდ ერთიანად. ამ შანსს თუ გავუშვებთ, ეს მარცხი კი არა, ყველას დანაშაული იქნება როგორც ქვეყნის, ასევე ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე. გენიალური ვაჟას სიტყვებს გავიხსენებ, იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასო. საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, ისე, როგორც არასდროს, და პოლიტიკოსებს, რომელ მხარესაც უნდა იდგნენ, ჩვენი ბედის გადაწყვეტის უფლება არ უნდა მივცეთ. ეს კი ხალხს შეუძლია. ახლა გონიერების, სიფრთხილისა და ზომიერების დროა, რათა ქვეყანას ევროპული მომავალი არ დავუკარგოთ.