"ამით თავის წარმოჩენა არ სიამოვნებს" - რას იხსენებს ლაშა ღლონტი ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილზე - კვირის პალიტრა

"ამით თავის წარმოჩენა არ სიამოვნებს" - რას იხსენებს ლაშა ღლონტი ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილზე

"ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილთან... რა მაგარია რომ შეგეკითხებიან - ბაბუას რა ერქვაო..." - ამ წარწერით მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს და ჯეიმს ტიერეს გაცნობის ფრაგმენტს "კვირის პალიტრას" უზიარებს...

- შარშან თეატრალური ფესტივალი ჩატარდა - ეკა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც მოწვეულმა და ჩვენმა მსახიობებმა ერთობლივი სპექტაკლი ითამაშეს...

ჩვენმა მეგობარმა - გია პირადაშვილმა თხოვნით დაგვირეკა, ჩავსულიყავით და ამ კარგ ადამიანს მივფერებოდით... ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავედი, ქართული სიმღერები შევასრულეთ, რომლითაც ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ძალიან აღფრთოვანდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს... დაახლოებით ექვსი-შვიდი საათი გავატარეთ ერთად...

ძალიან უჩვეულოა ის ამბავი, რომ არანაირ აფიშირებას არ ახდენს, მსოფლიო ლეგენდის - ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი რომ არის. რა თქმა უნდა, ბაბუა უყვარს და ამაყობს, მაგრამ ამით თავის წარმოჩენა არ სიამოვნებს. წინაპრის სახელით არ სარგებლობს, ძალიან უბრალო ადამიანია და ჩვენ რომ არ გვცოდნოდა, ვერც გავიგებდით, ვისი შვილიშვილიც იყო.

- ჩარლი ჩაპლინი თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასია?

- შეიძლება დღეს ძალიან ახალგაზრდამ ჩარლი ჩაპლინი საერთოდ არც კი იცოდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, განსაკუთრებით ჩვენი თაობის, რომელიც მას არ იცნობდეს და არ ეთაყვანებოდეს... ისევე როგორც - მაიკლ ჯექსონი, ქართველებისთვის - შოთა რუსთაველი, ჩარლი ჩაპლინი ჩვენი თაობის ადამიანმა რომ არ იცოდეს, მე მგონი, სირცხვილიც არის.

მე მასზე როგორც რეჟისორზე, მსახიობზე აღარ მაქვს საუბარი, მუსიკალური მხრიდანაც შემიძლია შევაფასო, საერთოდ რომ მეტი აღარაფერი გაეკეთებინა. ჩარლი ჩაპლინის მუსიკაც გენიალურია!

- რამდენად მოეწონა ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილს საქართველო?

- ძალიან მოსწონდა ჩვენი ხალხი, ღვინო, კერძები... ქართველ ხალხზე ამბობდა, როგორი უშუალოები არიანო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებულად ქართული სიმღერით აღფრთოვანდა.

გია პირადაშვილი გახლავთ საქართველოში ჩამოსული ყველა გამოჩენილი ადამიანის გულუხვი მასპინძელი... ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ და მისი თხოვნით, ძალიან მეგობრული საღამო ჩავუტარეთ ჩვენთვის ძვირფას სტუმარს.

- ჯეიმს ტიერე თვითონაც მსახიობია?

- დიახ... მე მის შემოქმედებას არ ვიცნობ, სათანადოდ ვერ შევაფასებ, მაგრამ სუფრასთან რაც ჩანდა, სადაც იმღერა კიდეც, ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანდა... მისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური შესრულება მოვისმინეთ და ძალიან მოგვეწონა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ უყვარს ხაზგასმა, ვისი შვილიშვილიც არის. მე მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი რომ ვიყო, ქვეყნისთვის თავი მექნებოდა გადაჭმული... ის კი ძალიან მოკრძალებული ადამიანია, დინჯი და ცდილობს არ იაქტიუროს. უბრალოდ, როდესაც ქართული სიმღერები მოისმინა, იმდენად იმოქმედა, აღტაცებისგან თვითონაც გაიხსნა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო... ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვედივარ, მაგრამ ეს გამორჩეულად სასიამოვნო შეხვედრა იყო. როგორც ჩანს, გენეტიკურად მასშიც დიდი ნიჭია და ეს მის საქციელს ეტყობოდა, მის მოკრძალებას, მორიდებულობას, კულტურას და ასე შემდეგ...

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რაც უფრო წარმატებულ, გამოჩენილ ადამიანებს ვეცნობი, მით უფრო დიდი უბრალოებით გამოირჩევიან და ეს შეხვედრაც ამის დამადასტურებელი იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)