რას გულისხმობს დეოლიგარქიზაცია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სხვა პირობებთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციასაც სთხოვენ. "განხორციელდეს "დეოლიგარქიზაცია" ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით", - წერს ევროკომისია.
ოლიგარქს მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის მქონე პირს უწოდებენ, ხოლო ოლიგარქია მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ მსხვილი კაპიტალის ხელში ჩაგდების გზით ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობაა, ანუ მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანთა ჯგუფს, ოლიგარქებს, რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ეს ფორმა საბერძნეთში იყო გავრცელებული და ტერმინიც იქიდან მოდის. პირველად ის ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა - პლატონმა და არისტოტელემ გამოიყენეს. მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, ოლიგარქიასთან ბრძოლა უკრაინამ და მოლდოვამაც უნდა გააგრძელონ. უკრაინაში ოლიგარქების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზა უკვე შეიქმნა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სწორედ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება დაასახელა უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად: "2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ე.წ. ანტიოლიგარქიულ კანონს სტრატეგიული მიზნით, რომ შეიზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული ზეგავლენა უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე". დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს სესიის სხდომაზე დარეგისტრირებული რადას 379 დეპუტატიდან 279-მა დაუჭირა მხარი. მაშინ ამ კანონის მიღებას უკრაინაში ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ და ტრიბუნაც დაბლოკეს, თუმცა, ამის მიუხედავად, რადამ კანონი დაამტკიცა. კანონის ინიციატორი პრეზიდენტი ზელენსკი იყო.
უკრაინაში მიღებული კანონის მიხედვით, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტს, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით. პირს ოლიგარქად აღიარებენ, თუ ის აკმაყოფილებს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი, ანდა აქვს მონოპოლიური მდგომარეობა, ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას და თუ ამ პირისა და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების დადასტურებული ღირებულება მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის. კანონის თანახმად, მათ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება და არჩევნების დროს კანდიდატების საარჩევნო ფონდში თანხის შეტანა, თუ ეს მათი საარჩევნო ფონდი არ არის. ეზღუდებათ ნებისმიერი პოლიტიკური აგიტაციის თუ მიტინგის დაფინანსება, ასევე - მსხვილი ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობა. ამასთან, რეესტრში მყოფ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მაღალჩინოსნები ვალდებული არიან, კომუნიკაციის შესახებ წარადგინონ დეკლარაცია. კანონის მოქმედების არეალი მხოლოდ უკრაინით რომ არ შემოფარგლულიყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა დავალება, შემუშავებულიყო საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმი. პრეზიდენტს ამ ნაბიჯს უკრაინელი ექსპერტებიც უწონებენ და ამბობენ, რომ ზელენსკის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს ის ზიანი, რომელიც ოლიგარქიას მოაქვს. თავიდანვე ითქვა, რომ ოლიგარქების რეესტრში მოხვდებოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, თუმცა უკრაინული მედია ამბობს, რომ ოლიგარქების რეესტრის შედგენას ხელი ომმა შეუშალა. დღეს დაკავებულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი. კიდევ ერთ მილიარდერს, ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის კორუფციული ქმედებებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შარშან სანქციები დაუწესა. უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაც.
რაც შეეხება მოლდოვას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე თქვა, რომ ბოლო პერიოდში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა რეფორმებისკენ და ქვეყანა შეუდგა ანტიკორუფციულ გზას, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და რეკომენდაციების ჩამონათვალში იქაც ვხვდებით დეოლიგარქიზაციის საკითხს... კიშინიოვი კორუფციასთან პრინციპულ ბრძოლას ასახელებს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის დაკავების ძირითად საფუძვლად. ის ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებასა და ქონების უკანონო დაგროვებაში. ძირითადი ბრალდების თანახმად, დოდონმა ქრთამი არაპირდაპირი გზით აიღო მოლდოველი ოლიგარქის, ხელისუფლებიდან 2019 წელს წასული დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერისა და მოლდოვის რუხ კარდინალად წოდებული ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან. ის და მისი ოჯახის წევრებს ამერიკამ 2020 წელს სანქციები დაუწესა.
რაც შეეება ჩვენს ქვეყანას, ოპოზიცია ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, "ოცნების" წარმომადგენლებს კი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ მიაჩნიათ. "ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ხალხს და სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი. დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. კეზერაშვილი არის მეორე ოლიგარქი, მასზეც არის აღძრული საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე მიყვანილი იყოს ბოლომდე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს გადმოიღებენ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქების სიაში ვერ მოხვდება. "ოცნება" მას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ რაც კი საქართველოს აქამდე გაუკეთებია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
"მხოლოდ ქუჩაში გამოსვლით არ მიგვიღებენ ევროპაში, ამისთვის საჭიროა მოთხოვნების შესრულება. დეოლიგარქიზაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამდენი წელია, ამას ვითმენთ!"
იურისტ ლია მუხაშავრიას მიაჩნია, რომ კანონი რომც მიიღონ, მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება.
- ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუUრმე რაც კანონში ჩაწერილი არ არის, ის არ იკრძალება, ანუ რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია. ჩვენ მკაფიოდ გვითხრეს, ეს უნდა აკრძალოთო. უპირველესად, კანონში ყველაფერი ისე უნდა ჩაიწეროს, რომ არ დარჩეს ე.წ. ხვრელები, რადგან საქმე გვაქვს ოლიგარქებთან. მათ აქვთ საშუალება, დაიქირაონ კარგი იურისტები და სწორედ მათ მოაძებნინონ კანონში ხვრელები, რომ შემდეგ თავი დაიძვრინონ. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ივანიშვილი კი არ არის ოლიგარქი, სხვები არიანო და დაასახელა კიდეც კონკრეტული პირები. პრემიერისგან რაც მოვისმინეთ, შემზარა! კანონი აუცილებლად გვინდა, მაგრამ მიიღებს ამას ეს პარლამენტი? არ ვიცი. თუ გვეღირსა ბედნიერება და კანონი მიიღეს, ის ვენეციის კომისიამ და სხვა ევროპულმა სტრუქტურებმა უნდა მოიწონონ, მაგრამ მერე მას აღსრულებაც ხომ უნდა? ჩვენ კი აღსრულებაშიც ძალიან გვიჭირს...
- ანუ შეიძლება ეს იყოს კანონი, რომელიც არ ასრულდება?
- შეიძლება იყოს კანონი კანონისთვის. ვცდილობ ავხსნა, რამდენი ბარიერი შეიძლება იყოს ევროკავშირის მოთხოვნის აღსასრულებლად. აღსრულებას სჭირდება კონკრეტული ინსტიტუციები. ერთხელ რომ აღასრულებ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ოლიგარქები ხელს აიღებენ მცდელობაზე და ზეგ არ მოისურვებენ, სხვა ფორმით ჩაერიონ პოლიტიკაში, ასე რომ, ეს ძალიან რთული საკითხია. ვისურვებდი, ვთხოვოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ ამ მოთხოვნის აღსრულებაში დაგვეხმარონ. უპირველესად, ღარიბაშვილს მკაფიოდ განუმარტონ, ვინ არის ოლიგარქი და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. კანონი და მისი აღსრულება ძალიან რთული საკითხია და ვფიქრობ, ესეც პოლიტიკური ვაჭრობის თემა გახდება.
ვთქვათ, მიიღეს კანონი და განახორციელეს კიდეც მეტ-ნაკლებად წარმატებით. ვიღაცას შეუძლია მაშინაც კი თქვას, არ შესრულდაო, რადგან ერთმნიშვნელოვნად შეფასება იმისა, შესრულდა თუ არა ესა თუ ის მოთხოვნა, რთული წარმოსადგენია, მით უფრო - იმ ქვეყანაში, სადაც ფულს ყველას და ყველაფრის ყიდვა შეუძლია. დღეს პრემიერ-მინისტრი ნებაყოფლობით არის ტაკიმასხარას როლში, იმიტომ, რომ ოლიგარქის ნებას ასრულებს და ასეთ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია, შეიძლება ითქვას, ფანტაზიისა და ილუზიის სფეროა.
ძალიან პესიმისტურად განვეწყვე ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ. წესით, მთავრობა ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს. ხალხის ნება გამოჩნდა 20 და 24 ივნისს მიტინგზე, მაგრამ მთავრობას სულ სხვა მიზანი აქვს და ხალხისა და მთავრობის მიზნების შეუთავსებლობა სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ელემენტარული ეთიკით დაწყებული, უმაღლესი პოლიტიკური მოთხოვნებით დამთავრებული, ყველგან ჩავარდნას ვხედავ, თანაც - არა მარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც და არ ვიცი, რა გვეშველება.
უკრაინამ შემოიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და აშკარად წინ გადადგა ნაბიჯი.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ტერმინი გაჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ადამიანებს ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილს რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, ეს კაცი მე დავიქირავე-მეთქი? საზოგადოებას ჰგონია, თუ ქუჩაში გავალთ, ევროპა ხალხის ნებას დაინახავს, მაგრამ ისიც ხომ დავინახეთ, როგორი პარლამენტი გვყავს და როგორი მთავრობა?! პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ტაშით დააჯილდოეს ღარიბაშვილი! ასე რომ, მხოლოდ ქუჩაში გამოსვლით არ მიგვიღებენ ევროპაში, ამისთვის საჭიროა მოთხოვნების შესრულება. დეოლიგარქიზაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამდენი წელია, ამას ვითმენთ! შევარდნაძე გვპარავდა, მაგრამ არ დაგვცინოდა, სააკაშვილი თან გვპარავდა და თან ჩვენზე ძალადობდა, ახლა ესენი თან გვპარავენ, თან ძალადობენ, თან გვაყაჩაღებენ და თან დაგვცინიან, ჩვენ კი მსხვერპლის სინდრომი გვაქვს. ჩამოვყალიბდით მსხვერპლად, რომელიც ეგუება ყველაფერს, რომ თავი გადაირჩინოს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, საკითხავია, ღირს თუ არა მისი გადარჩენა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გვაბითურებენ. თვითონ კარგად ცხოვრობენ და სულ არ ადარდებთ, რა ხდება რაიონებში. ხალხს პროდუქტის ყიდვა უჭირს! როგორ შეიძლება, ასე დაბრმავდე და არ დაინახო, შენი თანამოქალაქე რა დღეშია?! საერთაშორისო სტანდარტებით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც თავის დიდ სიმდიდრეს, ფინანსებს, ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას სახელისუფლებო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით აკეთებს.