„ყველა უნდა გადავიდეთ კონკრეტული საქმის კეთებაზე“ - კვირის პალიტრა

„ყველა უნდა გადავიდეთ კონკრეტული საქმის კეთებაზე“

"ეს არის აცდენილი კონსტიტუციურ პროცესთანაც და იმ საგზაო რუ­კასთან­ და იმ გადაწყვეტილებებთან, რაც ევროკავშირმა­ განუსაზღვრა საქართველოს და რასაც ჩვენ ახლა ევროკავშირთან ერთად გავდივართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად" - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი­, პრემიერის გადადგომის და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, რომელიც­ 24 ივნისს აქციაზე იქნა მიღებული.

- რელევანტური­ იქნება, თუ გავყვებით იმ შეფასებებს, რაც გააკეთა ევროკავშირმა,­ როდესაც თქვეს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი სამივე ქვეყნისთვის­, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და მოგვეცა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. კონკრეტულად საქართველოზეც ითქვა, რომ გვაქვს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა, გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინსვლა და აქედან გამომდინარე მოგვეცა ეს ევროპული პერსპექტივა. თუმცა, რეკომენდაციები საერთოა სამივე ქვეყნისთვის და ყველას გვაქვს დათქმა,­ რომ მათი შესრულების­ კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი­ იმ ორი ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, საბოლოოდ დამტკიცდება, ჩვენ კი მოგვენიჭება. ანუ სამივე­ ქვეყანას, ფაქტობრივად, ერთი და იგივე სამუშაო გვაქვს­ შესასრულებელი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვისაც დიდი წარმატებაა. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, პირდაპირ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, თუმცა ამის საბოლოოდ დასამტკიცებლად იგივე სამუშაო გვექნებოდა გასაწევი... ახლა კარგი იქნება, რომ ყველა - საზოგადოება, მედია და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლება და პოლიტიკური კლასი - გადავიდეთ კონკრეტული საქმის კეთებაზე, რაც დღის წესრიგით გვაქვს განსაზღვრული.

- კონკრეტულ საქმეზე გადასვლის წინაპირობად საზოგადოება და მათ შორის, პოლიტიკური სპექტრი აყენებს ღარიბაშვილის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხს, რისთვისაც ხელისუფლებას 3 ივლისამდე მისცეს დრო...

- გასაგებია მიტინგის სულისკვეთება,­ რომელიც გარკვეული რადიკალიზმით არის ხოლმე გამორჩეული, მაგრამ ეს აცდენილია იმ საგზაო რუკასა და გადაწყვეტილებებს, რაც ევროკავშირმა განუსაზღვრა საქართველოს. ეს მოთხოვნა კონსტიტუციურ პროცესთანაც არ არის თანხვედრაში და აცდენილია იმ გზას, რასაც ახლა ევროკავშირთან ერთად გავდივართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

- ევროკავშირის რეკომენდაციების პირველ პუნქტად დასახელებულია ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად რის გაკეთებას გეგმავთ?

- ჩვენ ვნახეთ პრემიერის გამოსვლა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. მათ თქვეს, რომ ჩვენ დასაკარგი­ დრო არ გვაქვს­ და ყოველი დღე მაქსი­მალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა დასახულ მიზნამდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ­ პარტნიორებთან, მათთან დეტალურად უნდა შეთანხმდეს ყველა საკითხი. პარალელურად, პროცესი აქტიური­ იქნება შიდა პოლიტიკაშიც - მთავრობისა თუ პარლამენტის ინიცირებული ყველა საკითხი, საბოლოო ჯამში, თავს მოიყრის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტმა კი უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და კანონის სახე მისცეს. ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება, ჩართული იქნება ამ ფორმატში. საკითხები ძალიან ბევრია და მოცემული დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მე სწორედ ამ ფორმატში ვხედავ პოლიტიკური ერთობის დემონსტრირებას, რაც ითქვა კიდეც ევროკავშირის მხრიდან. ანუ ერთობის დემონსტრირება ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობა იქნება. გასაგებია, რომ ოპოზიცია ოპოზიციად დარჩება და ყოველთვის ექნება სურვილი, ჩაანაცვლოს ხელისუფლება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით უნდა მოიხსნას დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ფონი, იყოს სამუშაო ვითარება და სურვილი გონივრული კომპრომისისა.

- მმართველი პარტია ოპონენტებს "ომის პარტიას" ეძახის, ოპოზიცია ხელისუფლებას - პრორუსებს, რაც ხელს უწყობს ერთმანეთის მტრებად გამოცხადებას და ზრდის პოლარიზაციას. ხელისუფლებას, როგორც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის მქონეს, აქვს სურვილი, პირველმა შეწყვიტოს ეს რიტორიკა?

- ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მისი გატარებული პოლიტიკა­ იყოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან რიტორიკის შეცვლა პრობლემას­ ვერ გადაჭრის. როდესაც ოპოზიცია გაბრალებს ყველა სასიკვდილო ცოდვას, ამ უსაფუძვლო ბრალდებებს ხელისუფლება­ პასუხგაუცემელს ვერ დატოვებს. მსოფლიოში არსად ხდება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს და ხელისუფლება პასუხს არ სცემდეს. ანუ კრიტიკისა და პასუხის თანაფარდობა მხარეების რიტორიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვამბობთ, რომ რიტორიკას შევარბილებთ, კონსტრუქციულობისკენ მივდივართ და ოპოზიციამაც ეს უნდა გააკეთოს. დღეს ის მოცემულობა, რაზეც ოპოზიცია დგას, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, არის ის, რომ არჩევნებს­ არ აღიარებენ და გაიძახიან, ეს არის რუსული მთავრობაო. როდესაც ამ უსაფუძვლო პარადიგმიდან ვერ გამოდიან, რთულია, კომპრომისზე ლაპარაკი. ასეთი არაფრისმომცემი ფრაზეოლოგია უნდა დაივიწყონ და მაშინ შედგება ის პროცესი, რაც დემოკრატიულ ქვეყნებშია, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება კონკურენტები არიან, მწვავე დებატებიც აქვთ, მაგრამ არ გადიან კონსტიტუციური ჩარჩოდან, მით უფრო, თუ ეროვნული მნიშვნელობის საკითხები წყდება და ცდილობენ მაქსიმალურ კონსენსუსს მიაღწიონ.

- პოლარიზაციის დაძლევის პუნქტი, სადაც მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაა ნახსენები, შესაძლოა მინიშნებად გამოდგეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ხომ არ აპირებთ, დაუბრუნდეთ ამ დოკუმენტს და დაიწყოთ­ შესრულება, რაც მკაფიო მესიჯი იქნება?..

- მე აქ 12-ვე პუნქტს ვგულისხმობ. ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი.­ საქმე საკანონმდებლო გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს, აქ კი უკვე პოლიტიკა და სამართლებრივი საკითხები მნიშვნელოვნად პროეცირდება ერთმანეთთან, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება. პარლამენტში მუშაობა თუ არ გაიშალა, ზეპირი განცხადებებით შედეგები ვერ მიიღწევა. ამიტომ ვამბობ, რომ მთავარია იმ სამუშაო ფორმატებში, რაც პარლამენტს მრავლად გააჩნია, შევძლოთ მრავალმხრივი მუშაობა, რათა მივიღოთ ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად. მერე გამოჩნდება, სად არის კომპრომისის სივრცე, რაზე შეგვიძლია შეთანხმება.

- როდის დაიწყებთ ამ ყველაფრის შესრულებას?

- პირველ რიგში, გარკვეული კონსულტაციებია საჭირო ევროკავშირთან, პარალელურად დაიწყება იმ საკითხებზე მუშაობა, რაც ამ 12 რეკომენდაციაშია მოცემული. ალბათ, ეს ზაფხული ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

რუსა მაჩაიძე