"ჩემს ხალხთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს..." - კვირის პალიტრა

"ჩემს ხალხთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს..."

მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა მთელი საქართველო 20 ივნისის გრანდიოზული აქციის შთაბეჭდილებებს აანალიზებდა. ალბათ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, რას ფიქრობს ცნობილი მხატვარი თანამედროვე საქართველოსა და მის მომავალზე.

- 20 ივნისის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს დამარცხება არც ისე იოლია. დავიწყებ იმით, რომ ამ აქციას მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაესწრო: დეიდები, ბიძები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები... მოკლედ, ყველა ერთად წავედით და ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ. დიახ, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ევროპის წიაღში, რადგან უძველესი ქვეყნის შვილები ვართ. ეს ადგილი ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო დავკარგეთ. 20 ივნისის აქციით მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომ ყველას ევროპის წიაღში ყოფნა გვსურს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ ქვეყნად.

- რას ფიქრობთ ორად გახლეჩილ, დაქსაქსულ საზოგადოებასა და პოლარიზაციაზე, რის გამოც ევროპელებმა გაგვაკრიტიკეს?

- ჩემს ხალხთან მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს: ძალიან გთხოვთ, აღარ გვინდა ეს დაყოფა! ჩვენ ვართ ოპოზიციაც, მთავრობაც, ჯარიც, მხედრობაც... მოგვწონს თუ არა, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ, მხარში ამოვუდგეთ და ამ ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს.

evropisken-w-h-1656242206.jpg

ჩემი მოსაზრება ასეთია: არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ყველა უნდა შევთანხმდეთ. პოზიციასა და ოპოზიციას ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს. ერი თუ ბერი ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის საკითხის გადაწყვეტისას. საქართველო რა ხანია იბრძვის ამისთვის, მე-20 საუკუნის ბოლო წლებიდან დღემდე რამდენი რამ გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, 9 აპრილით დაწყებული, 2008 წლის ომამდე, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საქართველოს თავისუფლებას და იმას, რომ ჩვენი სამშობლო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო. ოდესღაც საქართველო იყო ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი - გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, რომელსაც ჯვაროსნების დასახმარებლად 200 მებრძოლი ჰყავდა გაგზავნილი, თავის მხრივ კი ტამპლიერებიც გზავნიდნენ ჩვენთან თავიანთ რაინდებს. ერეკლე მეორემ რამდენი დესპანი გაგზავნა ევროპაში, რომ დახმარება მიეღო, მაგრამ ისინი გაურკვეველ ვითარებაში­ იღუპებოდნენ. ფაქტია, ეს გამიზნულად ხდებოდა, რომ ჩვენი მეფის თხოვნა იქამდე არ მისულიყო. უკვე რამდენი საუკუნეა, საქართველო იბრძვის, რომ თავისუფალ სამყაროში თავისი ნიშა იპოვოს, რადგან უძველესი ქრისტიანები ვართ და ევროპასთან გაერთიანება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

- თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთისკენ სწრაფვით რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და თუ ევროპას არ ვუნდივართ, არც უნდა შევეხვეწოთ.

- არსებობის უფლება ყველა მოსაზრებას აქვს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვის რა აღიზიანებს, ან რა სურს, მთავარია,­ ჩვენ რა გვჭირდება. შეიძლება იმათ არ ვუნდივართ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ჩვენ გვინდა მათთან ალიანსი. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვის დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსისკენ და ვის რა აღიზიანებს, ეს მეასეხარისხოვანია­. მტრის თვალშიც კი დიდ პატივისცემას იმსახურებს­ ერი, რომელიც მცირერიცხოვანია, მაგრამ გულადი, მგზნებარე და თავდადებული... მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ჩვენ ჩვენი ინტერესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ყოველგვარი ძალმომრეობის გარეშე. მე ყოველგვარი დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ. ჩვენმა ერმა მხოლოდ სიყვარულით აღსავსე ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან ახლა არ არის დრო გახლეჩისა. კარგები ვართ თუ ცუდები, უქნარები ვართ თუ მხნეები, წარმატებულები თუ წარუმატებელნი, ეს ჩვენ ვართ - ამ ქვეყნის მოქალაქეები.

- ევროკომისიამ საქართველო მწვავედ გააკრიტიკა ოლიგარქიული მმართველობის გამოც. დავიმსახურეთ ეს კრიტიკა?

- ცნობილია, რომ ევროკომისია ბიუროკრატიული სტრუქტურაა. ის პასუხს აგებს თავის გადაწყვეტილებებზე და ამიტომ ძალიან რთულად იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ეს საწყენი სულაც არ არის, რადგან ჩვენ ევროპას არ ვესაზღვრებით... ევროკომისიის გზავნილები მე არ მწყინს, ეს გზავნილები თავმდაბლად უნდა მივიღოთ და რაც გამოსასწორებელი გვაქვს, გამოვასწოროთ. ძალმომრეობით არაფრის გაკეთება არ ღირს, რადგან ამ დროს საეჭვო ადამიანები იწყებენ მღვრიე წყალში თევზის ჭერას. ამიტომ ჩვენმა ოლიგარქებმაც კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგან. თუ საჭიროა, მთავრობამაც უნდა დათმოს პოზიციები და რაც საქართველოსთვის საჭიროა, ყველამ ის აკეთოს.

- იმედიანად ხართ განწყობილი?

- დიახ, ვიცი, რომ ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. კანდიდატის სტატუსს ახლა თუ არა, წლის ბოლოს მოგვანიჭებენ. ამ სტატუსზე საბერძნეთსაც უარი უთხრეს, მაგრამ მთავრობის, ოპოზიციისა და ხალხის ძალისხმევით, საბერძნეთმა დასახულ მიზანს მიაღწია. ნათქვამია, არის დრო ქვათა გაბნევისა და არის დრო ქვათა­ შეკრებისაო. დადგა დრო, როცა ჩვენ მშვიდობიანად, სიყვარულით უნდა ვიმოქმედოთ და ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. პირადი ინტერესები, პირადი ამბიციები უნდა დავივიწყოთ და საერთო მიზნისთვის გავერთიანდეთ. ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს, სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ღვთისა და უკეთესი მომავლისკენ.

- დაბოლოს, როგორ მოხდა, რომ საქართველოში მომრავლდა რუსული ვექტორის მომხრე ხალხი?

- ეს ჩვენი მტრების დამსახურებაა. ოციოდე წლის წინ როგორ წარმოვიდგენდით, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ვინმე რუსეთის მომხრე და მხარდამჭერი იქნებოდა?! ვის გონებაში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ რუსეთი ევროპაზე უკეთესია, მით უმეტეს, ახლა, როცა შეიძლება საქართველომ მრავალსაუკუნოვანი ნატვრა აისრულოს და ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს?! ეს ჩვენი ქვეყნის ღალატია! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ამ უძრაობის ჭაობიდან. ბევრს კამათობენ იმაზე, რომ დასავლეთი პოლიტპატიმრების­ გამოც გვაკრიტიკებს... თუ ადამიანი ავადაა, უნდა გამოვუშვათ, თუ დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ - ამაზე მარტივი რა უნდა იყოს? სიყვარულზე ძლიერი ძალა დედამიწაზე არ არსებობს და თუ სიყვარულით მივუდგებით, ყველაფერი გამოგვივა, თუ არადა, ჩვენი ყველა ნაბიჯი ამაო იქნება. როგორც პავლე მოციქული ამბობს: `სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე~. ჩვენ ყოველთვის ღვთის მოიმედე ერი ვიყავით და ახლაც მხოლოდ უფლის იმედით და დიდი სიყვარულით უნდა ვიმოქმედოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე