„სად ვიყავით ჩვენ, ავსტრიელები, როცა საქართველო ევროპული, ქრისტიანული სახელმწიფო იყო?!“ - კვირის პალიტრა

„სად ვიყავით ჩვენ, ავსტრიელები, როცა საქართველო ევროპული, ქრისტიანული სახელმწიფო იყო?!“

ავსტრიელი ეკონომისტი, ევროპის აქტივისტი გუნთერ ფელინგერი ევროპის დიდ ოჯახში მოსახვედრად საქართველოს მხარს აქტიურად უჭერს. იგი საქართველოს სახელით გამართულ მნიშვნელოვან აქციებს ესწრება და თავადაც იბრძვის, რომ საქართველო მალე გახდეს ევროპის ნაწილი. გუნთერ ფელინგერი ამჯერად საქართველოს ეწვია. ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- გვიამბეთ თქვენზე, თქვენს საქმიანობაზე...

- მე ვარ გუნთერ ფელინგერი, ავსტრიელი ეკონომისტი, ევროპის აქტივისტი. ჩემი პროექტით - "ევროპა 37" - ვმოგზაურობ და ვეხმარები იმ ქვეყნებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მალე ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ. მნიშვნელოვანია ევროპის გაფართოება და საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის - მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნიის, კოსოვოს გაწევრება. ამ ქვეყნებთან ერთად ევროპა გაძლიერდება, გაიზრდება და უფრო ადვილად გაუმკლავდება ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს.

- რატომ არის ევროპა საქართველოსთვის კარგი?

- საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს არის უსაფრთხო ცხოვრების, თავისუფალი ვაჭრობის გარანტი. თქვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპაში მუშაობის უფლება, საქართველოში მეტი ინვესტიცია და მეტი ტურისტი შემოვა. სამწუხაროდ, ევროპაში ისე არ იცნობენ საქართველოს, როგორც ეს ქვეყანა იმსახურებს, ამიტომ საჭიროა მეტი აქტიურობა.

- რატომ არის საქართველო ევროპისთვის მიმზიდველი?

- საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, თავისი უძველესი კულტურით და ისტორიით, საოცრად კარგი ხალხით. სტაბილურობა და უსაფრთხოება კავკასიაში შესაძლებელია ევროპასთან ერთად, ამიტომაც არის ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იყოს.

ekonomisti2-1656242530.jpg

- ავსტრიელები იცნობენ საქართველოს?

- ავსტრიაში არც ისე ბევრი ინფორმაციაა საქართველოს შესახებ, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ევროპისთვის საქართველოს გაცნობა. ევროპელებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველები ძველი ევროპელები არიან. სად ვიყავით ჩვენ, ავსტრიელები, როცა საქართველო ევროპული ქრისტიანული სახელმწიფო იყო?!

- თქვენ ადრეც იყავით საქართველოში...

- დიახ, 2018 წელს. ძალიან მომეწონა და ახლა ისევ გეწვიეთ...

- როგორც პროფესიით ეკონომისტი, საქართველოს ეკონომიკაზე რას იტყვით?

- საქართველოს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ამიტომაც არის ევროკავშირის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. საქართველოს ეკონომიკა ევროპის ქვეყნებთან ერთად განვითარდება.

- თუ ადევნებდით თვალს თბილისში გამართულ აქციას?

- დიახ, და გამაოცა ამდენი ხალხის ნახვამ... საქართველო ოდითგან არის ევროპული ღირებულებების სახელმწიფო და ამ აქციით ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მათ სურთ დაბრუნდნენ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა ჰქვია! იმედია, ქართველი ხალხის ამ ნებას დაინახავს და დააფასებს ევროპა. საქართველო ევროპაა!