"ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია" - შაშიანელი მარიტას სევდიანი ამბავი - კვირის პალიტრა

"ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია" - შაშიანელი მარიტას სევდიანი ამბავი

"ზოიას ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის დედა ჩუქნის ყველაფერს და პატრონობს კიდეც“

იქნებ თქვენც შეგხვედრიათ რუსთაველის ან აღმაშენებლის გამზირებზე დახვეწილი, სიფრიფანა ქალბატონი, რომელსაც თბილისელები ხან ფეშენისტკას, ხანაც სარა ჯესიკა პარკერს უწოდებენ. ის ზოგჯერ მოწყალებასაც ითხოვს, უფრო ხშირად კი რომელიმე ძველი შენობის შვერილზე ჩამომჯდარი გაზეთს კითხულობს. თუ შეგხვედრიათ, გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდით, რადგან მისი გარეგნობა უდავოდ იქცევს ყურადღებას, მისი მზერა კი გაიძულებთ, დაფიქრდეთ, ვინ არის, ან საიდან მოვიდა. ამ კითხვებზე­ პასუხის გაცემას ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფები მისთვის ფოტოების გადაღებით ცდილობენ, რაზეც არასოდეს ამბობს უარს. პირიქით, თითქოს კამერების წინაშე მაშინაც კი პოზიორობს, როცა ნაგვის ურნაში რამეს ეძებს. მისი ფოტოები თითქოს საშუალებას გაძლევს­, მისი ბედისწერის ძაფს ჩაავლო ხელი. მეც ასე გავყევი თბილისის ფეშენისტკას ბედის გორგალს და მან გურჯაანში, სოფელ შაშიანში მიმიყვანა. იქ დამხვდა სევდიანი ისტორია, რომლის თავფურცელზე­ სულ ოთხი სიტყვაა: "იგი საკუთარმა სილამაზემ დაღუპა!" ამ სევდიან ისტორიას შაშიანელები თავადაც უსაზღვრო სევდით ჰყვებიან. მეუბნებიან, ეს ამბავი ლამაზი სევდიანი მოთხრობასავით დაწერე, ესეც ხომ პოლიტიკა არ არისო. ჰოდა, მეც ვიწყებ...

ჩემ წინ შაშიანელი ნარგიზა ზის, რომელსაც თბილისის ფეშენისტკა ბავშვობიდან ახსოვს, მეორე მარიტას უწოდებს და მის სევდიან ამბავს მიამბობს:

- ეგ ქალი, რომელიც თბილისის ქუჩებს ალამაზებს, ჩვენი, შაშიანელი ზოია წიკლაური გახლავთ, რომელიც ახალგაზრდობაში ჩვენს შაშიანს ალამაზებდა. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ თითქოს ახლაც ვხედავ, სოფლის გზაზე ზოიას გამოჩენისას ხალხი ფანჯრებს რომ აღებდა და აშტერდებოდა, უი, ქა, რა ლამაზიაო! სწორედ მარიტასავით ლამაზი იყო და მასთან­ დაკავშირებული მომენტები მეც თითქოს მარიტას ჩაქოლვის კინოკადრებივით მიდგას თვალწინ, ოღონდ ეგ არის, ჩვენი ზოია ჩაქოლვას კი გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა. ასე გაექცა ამ დაუნდობელ სამყაროს. გული მტკივა იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება თავზე დაგამხოს. სწორედ ასე დაიღუპა ჩვენი ზოია-მარიტა­, რაც, ალბათ, მისი სილამაზის "ბრალიც" იყო. ასეთი ლამაზი­ რომ არ ყოფილიყო, ამდენ ავ თვალსაც არ მიიკარებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა! თავად კი მხოლოდ ერთი უყვარდა და ცოლადაც მას გაჰყვა - სოფელ მუკუზანში­ გათხოვდა თავისავით ლამაზ ბიჭზე, თამაზ ანჩაბაძეზე. ხედავთ? ზოიას ქმრის გვარ-სახელიც კი მახსოვს. ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც ულამაზესი წყვილი იყო და რომ არა ის დაწყევლილი შემთხვევა, რაც იმ ღამეს მოხდა, ალბათ, ბედნიერები იქნებოდნენ დღესაც. მათი ბედნიერება ბედისწერას არ სურდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ზოიას ხელში­ ჩაგდების სურვილს ვერ მოერია და ამ ორს ცხოვრება დაუნგრია. ზოია ვეტერინარი იყო, ის კაცი კი მის გვერდით მუშაობდა და ქალი ისე უყვარდა, მის ხელში ჩასაგდებად ყველა საშუალებას­ იყენებდა. ბოლოს ზოიას ქმარსაც კი დაუახლოვდა, მისი წასვლა-მოსვლისაც ყველაფერი იცოდა, ზოიას კი, ალბათ, ამ ამბის ქმრისთვის გამხელა უჭირდა, ვერ ბედავდა... ამასობაში, ერთ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ იყო და, წესით, არც უნდა დაბრუნებულიყო, ეს კაცი დათვრა და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა, მაგრამ რადგან სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა, ფანჯარაში დააპირა გადაძრომა. სწორედ იმ დროს და, ალბათ, ბედისწერის გამოც, ზოიას ქმარი­ შინ დაბრუნდა და კაცს თავზე დაადგა... ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცის. ისიც ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა - ახლავე ადექი, ჩაიცვი და შენს მშობლებთან წადი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. და იმ ღამესვე მუკუზნიდან შაშიანში ქალიშვილი და შვილიშვილი თავადვე გადმოუყვანა ზოიას დედ-მამას, რომლებიც ელდით მალევე დაიხოცნენ. ბავშვი სულ ორი წლის იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

- შერიგება არ უცდიათ?

- აღარასოდეს. როგორც ვიცი, მამა ბავშვის სანახავად ხშირად დადიოდა, მაგრამ ზოიას ნახვას ყოველთვის ერიდებოდა. აღარც ზოიას უნდოდა მასთან შეხვედრა, სულ ოთახში იყო ჩაკეტილი. შეიძლება, დარდმა ისე შეცვალა, იმ სახით არც კი სურდა, ყოფილ ქმარს დანახვებოდა, ანდა, იქნებ საყვარელი ადამიანის უნდობლობამ სამუდამოდ გაუბზარა გული... მახსოვს, როგორ გავიგონე ერთხელ მეზობლების ჩურჩული, ზოია შეიშალაო, რაც ჩვენთვის, ბავშვებისთვის, საშინელი ამბავი იყო...

როცა დამამშვიდებელ წამლებს სვამდა,­ არავის ვნებდა, პირიქით, ბავშვებს სულ გვეფერებოდა. ერთხელ მახსოვს, გზაზე გამოგველაპარაკა - ნახეთ, თონის პურის რა კარგი სუნია, ნეტავი ვინ აცხობსო. ჩვენც სასწრაფოდ გავიქეცით ცხელი პურის მოსატანად, მაგრამ უკან ცხელი პურით რომ დავბრუნდით, ზოია უკვე აგრესიულად დაგვიხვდა. სხვა ბავშვებმა გვითხრეს, თქვენ რომ პურისთვის წახვედით, გზაზე ორმა ქალმა ჩამოიარა, ერთმა ჩაილაპარაკა, ვაიმე, ეს უბედური რა ლამაზი იყო და რას დამგვანებიაო. ეს გაიგონა და გაგიჟდაო...

- ჩანს, ქალი თავმოყვარე და მგრძნობიარე იყო. ქმარი რომ არ ჰყვარებოდა და მისთვის მართლაც ეღალატა, მასთან განშორება ფსიქიკურად ხომ არ შეშლიდა, თუმცა, ალბათ, ბევრი დარწმუნებული იყო მის ღალატში...

- მხოლოდ ზოგიერთი. ისინი ამბობდნენ|, ქალმა თუ არ მისცა საბაბი­, კაცი მასთან ახლოსაც ვერ მივა, ესე იგი, იმ კაცს საბაბი ჰქონდა, იმიტომაც მიადგა შინო, მაგრამ სხვები ხომ ხედავდნენ, რომ ზოია გათხოვებამდეც ასკეტივით ცხოვრობდა და გათხოვების შემდეგაც. ზოგიერთი ამ ამბავს ასე "ხსნიდა": საწყალს თავისმა ვეტერინარმა თანამშრომლებმა პირუტყვის აღსაგზნები წამალი დაალევინეს, რომ ქმრის გარდა სხვაც შეჰყვარებოდაო.

bebo2-1656243948.jpg

- ამ უცნაური "მედიკამენტის" შესახებ თავადაც გამიგია უფროსი თაობის ხალხისგან, მაგრამ ასეთი რამ ხომ არ არსებობს...

- რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვიღაცას რაღაც ხომ უნდა ეთქვა?! მთელ სოფელს ძალიან ენანებოდა ზოია ასეთი ცხოვრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უბედურება დაემართა, მაინც ჰქონდა ის ენით აუწერელი მიზიდულობა თუ პეწი, რითაც ხალხს აოცებდა. რამდენჯერ ჩვენს ეზოშიც შემოსულა, ლუკმა მიგვიწოდებია და არ მახსოვს, რამეს ხარბად დასცხრომოდა. ცოტას წაკიკნიდა, მადლობას გეტყოდა და წავიდოდა. როგორც ჩანს, დღესაც ასეა, იმიტომაც არის ასეთი მომხიბვლელი...

ჩვენს სოფელში ბიძა-ბიცოლა ჰყავდა, რომლებიც მის შვილსაც პატრონობდნენ. ულამაზესი ბიჭი დადგა, მაგრამ ბედისწერა მასაც დაეწია და არია. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, "მხედრიონში" გაერთიანდა, მათთან ერთად წავიდა სოხუმში, სადაც პირველივე დღეებში შეიწირა მტრის ტყვიამ. ბავშვი ისე ჩამოასვენეს და დაკრძალეს, ზოიას არც გაუგია - უკვე გამქრალი იყო სოფლიდან და ყველას, მათ შორის - შვილსაც გარდაცვლილი ეგონა.

bebo3-1656243948.jpg

- ასე როგორ გაქრა?

- უბრალოდ, ადგა და წავიდა. ისეთი დრო იყო, მედიკამენტებიც კი აღარ იშოვებოდა და აღარც ზოია სვამდა, ამიტომაც დაავადება გაუმძაფრდა და წავიდა. სოფელმა ყველგან მოიკითხა, მაგრამ ალიკვალი ვერ გაიგო.A ამ ბოლო წლებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა მისი ფოტოები და ასე მივხვდით, რომ ცოცხალი იყო. მერე ხალხმა მოიკითხა და ეკლესიაში აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ტაძარშია შეფარებული..

- სადაც პატრონობენ და მედიკამენტებსაც იღებს, თუმცა, ცხადია, ისეთ გემოვნებიან ტანსაცმელსა და სამკაულს, როგორიც მას აქვს, ეკლესია ვერ მისცემს.

- როგორც ვიცით, ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის დედა ჩუქნის ყველაფერს და პატრონობს კიდეც.

bebo4-1656243949.jpg

- ვინ არის ეს პოლიტიკოსი?

- ვერ გეტყვით, უფლება არ მაქვს, თუმცა ვხვდები, რატომაც სურს ამ ქალბატონს ზოიაზე ზრუნვა. ალბათ, ღვთის სიყვარულისა და თვითონ ზოიას საოცარი თვისებების გამო. დღესაც ლამაზი და საინტერესოა, პეწიც არ დაუკარგავს. ერთმა შაშიანელმა მოინახულა და გაოცებული დაბრუნდა, მგონი, ჩვენს ზოიას სალოსის თვისება შეუძენია, ისე გესაუბრება, თითქოს სარკეში გხედავს და ყველაფერი იცის, არ მითქვამს, რომ შაშიანიდან ვიყავი, მაგრამ დაიჟინა, შენ ჩემთან შაშიანიდან მოხვედიო...

bebo5-1656243949.jpg

- მის მეუღლეს რა ბედი ეწია?

- მხოლოდ მეუღლეზე კი არა, იმ კაცზეც გეტყვით, რომელიც ზოიას ცხოვრების დამხობის მიზეზად იქცა. ის ისე გარდაიცვალა, სიხარული არ ღირსებია, ყველა თავისი საყვარელი ადამიანის სიკვდილს მოესწრო. ზოიას ქმარმა მოგვიანებით ცოლი შეირთო, მაგრამ ცხოვრება­ ვერ ააწყო, პირიქით, სმას მიეძალა და ცოლთან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა... ბოლოს საკუთარ სახლში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. თავში რაღაც მძიმე საგნის კვალი ჰქონდა. ბევრმა ეს ამბავი ცოლს დააბრალა, ის მოკლავდა, ხშირად ჩხუბობდნენო, ცოლმა კი, რომელიც ამ დროს თბილისში იყო, პოლიციას უთხრა, ალბათ, დათვრებოდა, წაიქცეოდა და თავადვე დაარტყამდა თავს რაიმესო. მოკლედ, ყველას ცოდვის კალო დაუტრიალდა, ვისაც ზოიას უბედურებაში ოდნავ მაინც ხელი ერია...