"ხუთი თვეა ლონდონში ვარ და უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან" - რას ჰყვება ლელა მებურიშვილი ლონდონურ ცხოვრებაზე
"ბრიტანელები ძალიან გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას, კეთილგანწყობილი არიან, არ იშურებენ ღიმილს, ყურადღებას... სასიამოვნოა ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არავინ ცდილობს, ნაკლი გიპოვოს და გაკრიტიკოს“
ბრიტანეთში, ბერქშირის საგრაფოში, დოღი Royal Ascot-ი გაიმართა. ტრადიციულად, დოღის მთავარი სანახაობა არა მხოლოდ ჯიშიანი ცხენები, არამედ დოღზე დამსწრე საზოგადოების დრესკოდია. ეს ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება ესწრება. წელს ამ დოღს ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილიც ესწრებოდა ოჯახთან ერთად. მსახიობის მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილეა. ოჯახიც მასთან ერთად არის.
- ნამდვილად გამორჩეულ საღამოზე მოგვიწია დასწრებამ - ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სანახაობაა, ყველაზე ხალხმრავალი წვეულება. ის გამორჩეულ ადგილას იმართება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენც მოვახერხეთ მასზე დასწრება. ეს დაუვიწყარი საღამო იყო. მიხარია, რომ ბავშვებიც წავიყვანეთ. ასეთ წვეულებებზე 10 წლამდე ბავშვებს არ უშვებენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მთელი დღის განმავლობაში ვიყავით და ეს მათთვის დამღლელი იყო, ვფიქრობ, მაინც დაამახსოვრდებათ ეს გარემო.
- დრესკოდი როგორია?
- ამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა გეცვას კოქტეილის ან საღამოს კაბა და გეხუროს შლაპა. ეს აუცილებელი ატრიბუტია ბავშვებისთვისაც. თითქოს ფილმის გადაღებაზე თუ რაღაც განსხვავებულ სამყაროში ხვდები. კარგი იქნება, საქართველოშიც გვქონდეს ასეთი დღესასწაულები, გვქონდეს იმის ხალისი, რომ ხანდახან ყოველდღიურობა დავივიწყოთ, თვალი დავასვენოთ და ვისიამოვნოთ. იმდენი ლამაზი ადამიანი გვყავს, საოცრება იქნებოდა, ასეთი დღესასწაული საქართველოშიც რომ გამართულიყო.
- როდესაც მეუღლემ ბრიტანეთის საელჩოში მუშაობა გადაწყვიტა, თქვენ კარგა ხანს თავს იკავებდით გამგზავრებაზე. როდის წახვედით?
- ბაჩო ლონდონში სამუშაოდ ოქტომბერში წამოვიდა, დეკემბრის ბოლოს კი მეც ჩამოვედი ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობდი: ხან გადაღებები მქონდა, ხან - სპექტაკლები... 15 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და ძალიან გამიჭირდა იქიდან წამოსვლა, თუმცა როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, სპექტაკლებში მაინც ვთამაშობ. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ლევან წულაძეს. ძალიან ძნელია, უცხო ქვეყანაში ყველაფერი თავიდან დაიწყო, თუმცა სანამ ახალგაზრდა ხარ, ღირს ექსპერიმენტების ჩატარება და საინტერესო გამოცდილების შეძენა. აქაც ვეცდები, რაღაც საინტერესო გავაკეთო. ხუთი თვეა, რაც ლონდონში ვარ და უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან. ყველამ გამოთქვა სურვილი, მათ სააგენტოებთან გამეფორმებინა ხელშეკრულება და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ახლახან ავარჩიე ერთ-ერთი სააგენტო, გავაფორმეთ ხელშეკრულება და ძალიან საინტერესო წინადადებებიც მივიღე. იმედი მაქვს, აქ ყოფნისას წინ საინტერესო საქმიანობა მელოდება.
- ყველაზე მეტად რასთან შეგუება გაგიჭირდათ თქვენ და ბავშვებს?
- ზამთარში ჩამოვედით და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ გაზაფხული და ზაფხული მშვენიერი გამოდგა, რაც ძალიან იშვიათია ლონდონისთვის. ბავშვები კარგად გრძნობენ თავს, უკვე ბევრი მეგობარი ჰყავთ, სკოლასაც მიეჩვივნენ. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებთან ერთად იყვნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ. ყველაზე დიდი სირთულე უახლოესი ადამიანებისგან შორს ყოფნაა. მართალია, სოცქსელების საშუალებით შეგვიძლია ურთიერთობა, მაგრამ ფიზიკურად ახლოს ყოფნა სულ სხვაა. ვეცდები, ხშირად ჩამოვიდე საქართველოში და არ მოვწყდე არც მათ და არც ჩემს საქმეს. აგვისტოში ჩამოვალთ. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თავისუფალი დრო საქართველოში გაატარონ, ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებთან ერთად.
- რა გესმით ბრიტანელებისგან საქართველოს შესახებ?
- ბევრი იცნობს საქართველოს, ზოგი ნამყოფიცაა. მოსწონთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა, აქებენ ქართულ ღვინოს, აღფრთოვანებული არიან ბუნებით და ძალიან გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას. კეთილგანწყობილი არიან, არ იშურებენ ღიმილს, ყურადღებას... სასიამოვნოა ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არავინ ცდილობს, ნაკლი გიპოვოს და გაკრიტიკოს.