"ზუ ბუზუ უდი, ბუზაყსა გურჯისტან“, ანუ ვინ არიან ქართველი უდიები - კვირის პალიტრა

"ზუ ბუზუ უდი, ბუზაყსა გურჯისტან“, ანუ ვინ არიან ქართველი უდიები

უდიები საქართველოში 100 წლის წინ ჩამოსახლდნენ. რა ვიცით ამ ეთნოსზე და როგორია მათი ყოველდღიურობა? გვესაუბრება ისტ­ორიკოსი, ორგანიზაცია "საქა­რთველოს უდიების" თანადამფუძნებელი ალექსანდრე ქავთარაძე.

- უდიები კავკასიის ალბანელთა­ შთა­მომავლები არიან. კავკასიის ალბ­ანეთი იყო სახელმწიფო, რომელიც ძირი­თადად, დღევანდელი აზერბაიჯანის­ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ძვ. წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის IX საუკუნემდე, როცა ის დაიშალა, უდიების ნაწილმა მოახერხა საკუთარი ენის, კულტურის, ტრადიციების, რელიგიის შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ უდიები, ანუ კავკასიის ალბანელები, IV საუკუნიდან ქრისტიანები იყვნენ და დღესაც ასეა. 1922 წელს მათი ნაწილი დღევანდელი აზერბაიჯანიდან მაშინდელ თელავის მაზრაში, ამჟამინდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა და დასახლდა. ამ დროიდან ისინი მოიხსენიებოდნენ, როგორც ქართველი უდიები.

უდიური თემის პირველი რწმუნებული იყო ზინობი სილიკაშვილი. ის ხელმძღვანელობდა საქართველოში მათ ჩამოსვლას და დასახლებას. 1923 წლისთვის უდიებმა დაიწყეს სოფლის შენება, რომელსაც მის პატივსაცემად ზინობიანი დაარქვეს. თავად ზინობი საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა - 1938 წლის 16 ოქტომბერს დახვრიტეს, ერთ თვეში კი სოფელს სახელი შეუცვალეს და ოქტომბერი უწოდეს, თუმცა 2010 წელს სოფელმა თავისი სახელის დაბრუნება მოახერხა.

qavtar4-1656245795.jpg

ზინობიანში იყო სახერხი ქარხანა, აბრეშუმის ფაბრიკა, აგურისა და კრამიტის ქარხნები, ჰქონდათ ფოსტა, სამედიცინო პუნქტი, სკოლა, საბავშვო ბაღი. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ყველაფერი დაიხურა. უდიების ნაწილმა ბოლო ათწლეულებში სოფელი დატოვა და დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ წავიდა.

- როგორ მოახერხეს უდიებმა იდენტობის შენარჩუნება?

- კავკასიის ალბანეთში, ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, სტრაბონის ცნობით, 26 ტომი იყო გაერთიანებული. დროთა განმავლობაში მათი უმრავლესობა სხვა ხალხებთან ასიმილირდა, ამ ერთმა პატარა ჯგუფმა კი თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხა. ეს, ნაწილობრივ, განპირობებული იყო დიდი სურვილით, გადაერჩინათ საკუთარი იდენტობა, მეორე მხრივ კი იმით, რომ ისინი ცხოვრობდნენ­ კავკასიის მთების ძირში და დიდი შემოსევების დროს თავს მთებს აფარებდნენ.

qavtar3-1656245795.jpg

- დღეს რამდენი უდია შემორჩენილი?

- ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 8-დან 10 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. ზინობიანში 300-მდე უდია ცხოვრობს, სულ კი საქართველოში, ალბათ, 500-ზე მეტი არ იქნება. საქართველოში მცხოვრები უდიების დიდი ნაწილი შერეული, ქართულ-უდიური ოჯახებიდან არის... რაც შეეხება სხვა კომპაქტური დასახლების ადგილებს, ეს გახლავთ ისტორიული სამშობლო - დღევანდელი აზერბაიჯანის სოფელი ნიჯი და ასევე სოფელი ვართაშენი, რომელიც 90-იანი წლებიდან ქალაქ ოღუზად იქცა. ნიჯში მოსახლეობის ნახევარზე მეტი უდია, ოღუზში კი უდიების 16 ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გადასახლდა კრასნოდარის ტერიტორიაზე, სახლობენ უკრაინაშიც, რამდენიმე შერეული ოჯახი პირველი ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთში გადასახლდა.

- დამწერლობა აქვთ?

- უდიებმა დამწერლობა ვერ შეინარჩუნეს და ახლა იყენებენ იმ ქვეყნის დამწერლობას, სადაც ცხოვრობენ. რაც შეეხება ტრადიციებს, ძალიან ჰგავს­ ქართულს და ეს საერთო ქრისტიანული კულტურით არის განპირობებული. ერთ-ერთი განსხვავებული ტრადიციაა ის, რომ დიდმარხვის დაწყებამდე ყველიერის, ანუ პატიების კვირადღეს უდიები ტრადიციულ ფლავს ამზადებენ, რომელსაც ჭაინახუპი ჰქვია და ზოგჯერ ამ დღეს ჭაინახუპობასაც უწოდებენ. ამით ეგებებიან ისინი დიდმარხვის დაწყებას. მეორე ტრადიცია გახლავთ­ სექტემბრის ბოლო კვირადღეს კაბაკობის აღნიშვნა. ამ დღეს სასაფლაოზე დიდი სუფრა იშლება და ყველა ერთად იგონებს წასულებს. ასევე ჰქონდათ ტრადიცია, აღდგომის მესამე დღეს აღნიშნავდნენ წმინდა ელიშეს დღეს. წმინდა ელიშე იყო კავკასიის ალბანეთის განმანათლებელი, რომელმაც იმ ტერიტორიაზე პირველ საუკუნეში იქადაგა ქრისტიანობა და იქვე მოწამეობრივად აღესრულა.

qavtar2-1656245795.jpg

- გვარის დაბოლოებები ქართული აქვთ?

- საქართველოში გადმოსვლასთან ერთად გაჩნდა გვარის ქართული დაბოლოებები. მანამდე, მაგალითად, სილიკაშვილი იქნებოდა სილიკი, ჯეირანიშვილი - ჯეირანი... ჩემთან ერთად ორგანიზაცია "საქართველოს უდიების" დამფუძნებელია ანა აივაზაშვილი, ზინობიანელი გოგონა. მე, ნაწილობრივ, უდი ვარ, ზინობი სილიკაშვილი ბებიაჩემის ბიძა გახლდათ.

- როგორ ჟღერს უდიურად: "მე ვარ უდი, მე მიყვარს საქართელო"?

- ზუ ბუზუ უდი, ბუზაყსა გურჯისტან.