"ცივილიზაციის კრახი ნიკოლოზმა დაიწყო და პუტინი ასრულებსო" - ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელიც რუსეთმა აკრძალა? - კვირის პალიტრა

"ცივილიზაციის კრახი ნიკოლოზმა დაიწყო და პუტინი ასრულებსო" - ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელიც რუსეთმა აკრძალა?

ცოტა ხნის წინ 48 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში აღიარებული ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა. ვინაიდან ის პრესასთან ნაკლებად ურთიერთობდა, საქართველოში მისი წარმატებული შემოქმედების შესახებ ბევრმა არაფერი იცის.დევიდ დათუნა საქართველოში დაიბადა, ბავშვობა მოსკოვში გაატარა, 1999 წლიდან კი ნიუ-იორკში ცხოვრობდა და საქმიანობდა. 2011 წელს SCOPE-ის ხელოვნების შოუზე, მაიამიში, დათუნას ნამუშევარი "სტივ ჯობსი/ აინ რენ-დი" 210.000 აშშ დოლარად გაიყიდა და ის ფესტივალზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ამჟამადაც ამერიკაში თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს შორის მისი ნამუშევრები­ ყველაზე­ ძვირად იყიდება. დევიდ დათუნამ ჯერ კიდევ წლების წინ ფაშისტური უწოდა პუტინის რეჟიმს, ხოლო მოსკოვში, წითელ მოედანზე, წარმოადგინა პუტინისა და ნიკოლოზ მეორის პორტრეტების ინსტალაცია სახელწოდებით "ცივილიზაციის კრახი". მისი პორტრეტი "პუტინი-მონა ლიზა" ანონიმურმა ბიზნესმენმა 260.000 დოლარად შეიძინა, ნატალია ვოდიანოვას პორტრეტი "სიყვარული" კი - 790.000 დოლარად. ქართველი ხელოვანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2019 წელს მოექცა, როდესაც ცნობილი იტალიელი მხატვრის გამოტანილი 120.000-დოლარიანი ბანანი შეჭამა. ბანანი მუზეუმში კედელზე წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული და დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა. "ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობდა: "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ". 2013 წელს დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა. მისი პროექტის მიხედვით, Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება.გვესაუბრება დევიდ დათუნას ყველაზე ახლო მეგობარი, წარმატებული ქართველი ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი.

- დათუნა ძალიან განსწავლული და იდეების მოდერატორი იყო. მას ხელოვნებაში არ ჰქონდა ზღვარი, შეზღუდვა - თავისუფალი, ნიჭიერი, ავანტიურისტი, გიჟი, გადარეული... მან იმდენი საოცარი პროექტი განახორციელა, თაობები დიდი ხნის შემდეგაც არაერთხელ გაიხსენებენ.

- მის რომელ ნამუშევარს გამოარჩევთ?

- ფრიდას, რომელიც ლინზებით ააწყო. ფრიდა ადრეულ ასაკში ავარიაში მოყვა და მთელი ცხოვრება გაუსაძლისი ტკივილებით გაატარა... დევიდსაც გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა: ხერხემლის მალები დაეშალა და ოთხი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მაინც დადიოდა, ჯოჯოხეთურ ტკივილს არ იმჩნევდა...

მისი ნამუშევარი "ამერიკის ორსული დროშა" იყო სრული შოკი! ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შექმნა და ბარაკ ობამამ თავად ნახა... ვაშინგტონის ეროვნული პორტრეტების მუზეუმში იყო გამოფენა, არადა იქ გამოფენა რომ გამართო, ან ძალიან ცნობილი უნდა იყო, ან დიდი ხნის გარდაცვლილი, მისთვის კი გამონაკლისი დაუშვეს. ვიდეოში დევიდის ხმა ისმის, მე არც ამერიკაში ვარ დაბადებული და არც დიდი ხნის წინ გარდაცვლილიო... ეს გამოფენა 26 ათასმა დამთვალიერებელმა ნახა.

datuna3-1656246544.jpg

- რუსეთი ძალიან გააბრაზა მისმა ნამუშევარმა "ცივილიზაციის კრახი"...

- ეს იყო ნიკოლოზისა და პუტინის ინსტალაცია. ცივილიზაციის კრახი ნიკოლოზმა დაიწყო და პუტინი ასრულებსო... ეს რომანოვების დინასტიის 400 წლისთავს დაამთხვია და იმის თქმა უნდოდა, 400 წელი არაფერი შეცვლილაო... ამის შემდეგ რუსეთში ჩასვლაც კი აეკრძალა.

- ლენინის ფიტულის ყიდვა მართლაც სურდა?

- დიახ. რაღაც პერიოდი ამერიკის პოლიტიკა არ მოსწონდა. ამბობდა, მაინც კომუნისტურ წყობას მისდევთ და მოდი, ბარემ აქ დავდგათ მავზოლეუმიო. ეს იყო კიდევ ერთი მისეული გიჟური აქცია. ცხადია, ლენინი არ მიჰყიდეს, მაგრამ თურმე მავზოლეუმი ძალიან მოუვლელი იყო და შეარემონტეს, რადგან ძალიან აფორიაქდნენ.

120.000-დოლარიანი ბანანიც ხომ შეჭამა კატელანის არტ ბაზელზე სკოჩით მიკრული! ამ აქციას„"მშიერი მხატვარი" დაარქვა და ქვეყანა არ დარჩა, სადაც ამის შესახებ არ დაიწერა... მაშინაც გამოჩნდა, რომ საზღვრები არ ჰქონდა...

datuna2-1656246544.jpg

- ბავშვობა მოსკოვში გაატარა. როგორ იხსენებდა იმ დროს?

- ჩემთან მოსკოვში გატარებულ ბავშვობაზე არასდროს უსაუბრია... 21 წლის იყო, ნიუ-იორკში რომ ჩავიდა. ერთხელ პოლიციას გაუჩერებია, საბუთი მოუთხოვია. არ ჰქონდა და სახელი და გვარი რომ ჰკითხეს, ამას, იოსებ სტალინიო, უპასუხია. პოლიციელმაც ჩაიწერა თურმე და წავიდა...

ამერიკას ემადლიერებოდა, ოცნებების ასრულების უდიდესი რესურსის ქვეყანააო. ამბობდა, თუ გონება ოდნავ მაინც გიჭრის და იდეები გაქვს, აქ ყველაფერს მიაღწევო. უყვარდა, თუმცა გული სულ საქართველოსკენ მოუწევდა. არ იმჩნევდა, მაგრამ ვატყობდი, ნოსტალგია როგორ ეძალებოდა.

საქართველოზე გული შეტკიოდა, სულ იცოდა, აქ რა ხდებოდა. ყველაფერზე მესაუბრებოდა და დაწვრილებით მეკითხებოდა. აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს და სინამდვილეში როგორ არის საქმეო... ვეუბნებოდი, ყველა სატელევიზიო არხი გათიშული მაქვს, მხოლოდ "ნეტფლიქსს" ვუყურებ, რადგან ხელოვანი ვარ და მუშაობის დროს ამდენი ნეგატივი ჩემზე დამანგრევლად მოქმედებს-მეთქი... კარგი, სხვებს ვკითხავო, ჯუჯღუნებდა. არასოდეს მდგარა რომელიმე მთავრობის გვერდით, ხალხთან ყოფნას ამჯობინებდა...

რთული ცხოვრება განვლო. თავი რომ დაემკვიდრებინა, ძალიან იწვალა. ამერიკაში რომ ჩავიდა, სათვალის ლინზებს ამუშავებდა და სათვალეებს უკეთებდა ხალხს. აქედან გაჩნდა იდეა მისი ნამუშევრების "მილიონი სხვადასხვა თვალით დანახული სამყარო".

კიდევ ბევრი ისეთი პროექტი ჰქონდა, რომლებსაც მხოლოდ მომავალი­ თაობები­ გაიგებენ... 2012 წელს ნასას წარმომადგენლებთან მუშაობდა და ჰქონდა პროექტი, რომლის მიხედვით უამრავ ადამიანს შეეძლო თავისი მესიჯი, ნახატი, ცეკვა კოსმოსში გაეგზავნა. სპეციალური აპლიკაცია­ იყო, კაფსულაში მოგროვდებოდა და კოსმოსში დარჩებოდა შემდგომი ცივილიზაციისთვის, მაგრამ ვეღარ მოასწრო... იმედია, ნასა დაამთავრებს ამ პროექტს...

- თქვენი იშვიათი მეგობრობის შესახებაც გვიამბეთ...

- 2014 წლის 24 მაისს გავიცანი და 2022 წლის 24 მაისს დამტოვა... გალერეაში ვიყავი, ჩემი პირველი გამოფენიდან დარჩენილი ნამუშევრები ამ გალერეაში მქონდა გადმოტანილი. თითქმის ყველაფერი გაყიდული იყო, დარჩენილი იყო სამიოდე პატარა ნამუშევარი და უზარმაზარი, ორმეტრიანი მზე... ეს მზე რკალივით იყო დახვეული და ირგვლივ გატეხილი სარკეები სხივებად ჰქონდა... დევიდ დათუნა შემოვიდა, ამ მზეს დიდხანს უყურა და მერე მკითხა,­ ვინ გააკეთაო. მე გალერეის თანამშ­რომელი ვეგონე და როდესაც ვუთხარი, ჩემი ნამუშევარია-მეთქი, გაოგნდა.­ მთხოვა, მაჩვენე, კიდევ რა გაქვს ასეთი დიდი ზომისო... იმ პერიოდში დაწყებული მქონდა კოლექცია, სახელად "პლანეტები". ეს ნამუშევრები ტელეფონში ვაჩვენე და აღფრთოვანდა. მითხრა, ცხრა თვეში მუზეუმში მიწევს გამოფენა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენები მანდ ტარდება და შენს ნამუშევრებს გავიტან, თუ გაინტერესებს, ვინ ვარ, "გუგლში" დევიდ დათუნა ჩაწერეო... "გუგლში" მისი სახელი რომ ჩავწერე, კარგა ხანს ხმას ვეღარ ვიღებდი... ჩემი პირველი გამოფენისას მქონდა შეგრძნება, რომ საიდანღაც ვიღაც მოვიდოდა, ჩემს ნამუშევრებს ნახავდა და იქ წაიღებდა, სადაც უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა - ზუსტად ცხრა თვეში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ადგილას გამოფენა გავმართე. ეს იყო უდიდესი ნახტომი ჩემს ცხოვრებაში, მიწიდან ცაში რომ აფრინდები, ისეთი. საფეხურები არ გამივლია, თბილისიდან პირდაპირ მსოფლიოს ცენტრში აღმოვჩნდი... ის მზე თვითონ იყიდა და მითხრა, ამას რომ შევხედე, ჩემი ცხოვრება დავინახე, ნაკუწებად დამსხვრეული, მაგრამ ბოლოს აწყობილი და განათებულიო... როგორც ვიცი, მისი სიმბოლო მზე იყო. სადაც მზეს ვხედავ, იქ რაღაც კარგი ხდებაო... იმ დღიდან მეგობრები ვიყავით. არ არსებობდა საიდუმლო, რომელსაც არ მეტყოდა და არ ვეტყოდი... ვერც ავხსნი, ვინ დავკარგე...

- ამერიკაში გამოფენის მოწყობა დაბრკოლებების გარეშე შეძელით?

- ამერიკაში პირველი გამგზავრების ვიზა არ მომცეს, რადგან ვერც დაუშვეს, სად მქონდა გამოფენა... ახლა რაღაცას მოვყვები და მიხვდებით, რამდენის გაკეთება­ შეუძლია მეგობარს: დათუნას ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, ვერ ჯდებოდა, ამიტომ პირველი კლასის ბილეთი­ აიღო და ნიუ-იორკიდან თბილისში დაწოლილი ჩამოფრინდა­. საელჩოში მივიდა და აუხსნა, ეს გამოფენა მართლაც იმართება და მინდა ამ ადამიანს დაუჯეროთო. შემდეგ გაფრინდა, თეთრი სახლიდან მოწვევა გააკეთა და უკვე ამერიკა მიწვევდა...

ექვსი თვე მქონდა უფლება, ამერიკაში ვყოფილიყავი. მერე თვითონ იყო ჩამოსული, მერე პანდემია დაიწყო... ბოლოს რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მინდოდა წავსულიყავი, რთულ პერიოდში მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ერთ დღეს რომ დამირეკა და ვიდეოზარით მელაპარაკა, მეორე დღეს მისმა მეგობარმა მომწერა, აღარ არისო....

ყველაფერი წარმავალია... შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ; მშობლები, ადრე თუ გვიან, გვტოვებენ, მაგრამ როცა ასეთი მეგობარიც, რომელიც სულ გვერდით გედგა, ხელიდან გეცლება, საშინელებაა!