ითვლება თუ არა თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად - კვირის პალიტრა

ითვლება თუ არა თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად

სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით პრობლემებს, რომლებიც აქამდე იშვიათად ან სულაც არ იჩენდა თავს. მათ შორის არის თამაშდამოკიდებულება, რაც არა მხოლოდ საკუთარ, ზოგჯერ ძალიან ახლობელი ადამიანების ცხოვრებასაც ანგრევს. ასეთ ადამიანებს სასამართლო ექსპერტიზა ხშირად ფსიქიკურად ჯანმრთელებად მიიჩნევს. მაგალითად, სწორედ ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა მშობლები კაზინოს ვალის გამო დახოცა, კვალის დაფარვის მიზნით გვამები დაწვა, სასამართლომ კი ის ჯანმრთელად მიიჩნია და თავისუფლებაც აღუკვეთა.

ითვლება თუ არა თამაშდამოკიდებულება­ ფსიქიკურ პრობლემად და რით შეიძლება მისი შველა? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნატა ბაზაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნატა, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ფსიქიკურ პრობლემებამდე, დეპრესიამდე, მერე კი თამაშდამოკიდებულებამდე ისე მივიდნენ, ეს საშიშროება ვერც თავად და ვერც გარშემო მყოფებმა ვერ იგრძნეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ამის ნიშნები?

- დეპრესიის დასაწყისში ხასიათის უსიამოვნო ცვლილებებს ბევრი ჩვეულებრივ უგუნებობას მიაწერს, რეალურად კი დეპრესია რთული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, იკურნება, თუმცა დამძიმების შემთხვევაში მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს. კონკრეტული ნიშნები, შესაძლოა, მართლაც ჩავთვალოთ უგუნებობად, მაგრამ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ იმავე ნიშნების შენარჩუნებისას დეპრესიის დიაგნოზი ისმება. ეს ნიშნებია: გუნება-განწყობის დაქვეითება, სევდა, სასიცოცხლო განწყობების მილევა, აპათია, ახლობლებთან კონტაქტის სურვილის არქონა, იმ სიამოვნებაზე უარის თქმა, რომელიც ადამიანს ახარებდა და აღარ ახარებს. გარდა ამისა,­ დეპრესიას ახასიათებს კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ზედმეტი ძილიანობა ან უძილობა, მადის მოჭარბება, ბულემია ან ჭამაზე უარის თქმა - ანორექსია, უიმედობა. ამას უნდა დავუმატოთ თვითშეფასების უნარის დაქვეითებაც.

- ანუ თუკი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ორ კვირაზე მეტხანს გაგვიგრძელდა, ფსიქოთერაპევტის დახმარება დაგვჭირდება? არადა, უამრავი ჩვენგანი ყოფილა მსგავს მდგომარეობაში...

- ფსიქოთერაპევტის დახმარება მართლაც დროული იქნება, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს ყოველთვის აუცილებელია. როდესაც ადამიანი იწყებს ჯანსაღად ფიქრს იმაზე, რომ დიდი ხანია, მძიმე მდგომარეობაშია და ყველაფერი რიგზე ვერ არის, ესე იგი მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა სურს. რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა დეპრესიას კავშირი თამაშდამოკიდებულებასთან, დიახ, აქვს. კაზინოდამოკიდებულთა უმეტესობას სწორედ დეპრესიული ფონი აქვს. დეპრესია ხშირად იწვევს რამისადმი პათოლოგიურ მიჯაჭვულობას. ეს შეიძლება იყოს თამაში, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თუმცა ეს, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. თამაშდამოკიდებულება, ძირითადად, მამაკაცების დაავადებაა და ხშირად ასოცირდება შფოთვასა და დეპრესიულ აშლილობასთან. ამავდროულად, აკვიატებაა, როდესაც ადამიანს თამაშის მიმართ ისეთი ლტოლვა აქვს, რომ მისი დაძლევა ხშირად შეუძლებელიც კია. თამაშდამოკიდებული ადამიანი კარგავს ყველაფრის მიმართ ინტერესს, გარდა ერთისა - ის უფრო და უფრო მიილტვის თამაშისკენ და დროთა განმავლობაში მხოლოდ ამ ინტერესით ცხოვრობს, ამით იღებს სიამოვნებას. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ინდივიდი.

თამაშდამოკიდებულების ფაქტორად უპირველესად შეიძლება იქცეს მძიმე სოციალური გარემო, რომელიც ამ ადამიანებს ცხოვრებისაგან მოწყვეტის სურვილს უჩენს. ამასთან ერთად უნდა ვახსენოთ ბავშვობაში გადატანილი სტრესებიც. რამდენიც უნდა ვაბრალოთ საზოგადოებას ან სკოლას, მოზარდების ფსიქიკური პრობლემები, უმთავრესად, ოჯახიდან მოდის. ბავშვი, რომელიც ოჯახის, მშობლის მუდმივ მხარდაჭერას გრძნობს, გარემოში გაცილებით ადვილად ადაპტირდება და ბევრ რამეს უმკლავდება, თვით ბულინგსა და ნარკოტიკის ან კაზინოს ცდუნებასაც კი, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც მშობელი შვილთან ემოციურად ახლოს არის, მას თვალებში უყურებს, გრძნობს მის განწყობას, ნებისმიერ ცვლილებას და გონივრულად ეხმარება პრობლემების დაძლევაში. მაგალითად, როდესაც ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან გულჩათხრობილი ხდება, მშობელს ამაზე სწორი რეაგირება მოეთხოვება. მსგავსი რამ უმიზეზოდ არ ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ემოციური კავშირი მშობელსა და შვილს შორის არ არსებობს. ზოგჯერ გადაჭარბებულ ტატუირებას ან პირსინგებსაც ჩვეულებრივ ასაკობრივ მოვლენად, მოდად მიიჩნევენ, არადა ასეთ ბავშვებთან საუბრისას აღმომიჩენია, რომ ტატუსა თუ პირსინგების მიღმა სერიოზული პრობლემები და სუიციდისაკენ მიდრეკილებაც კი იმალება.

- თამაშდამოკიდებულების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ხომ არ არის გენეტიკური ფაქტორიც?

- აქ პირდაპირი კავშირი არ არის, თუმცა გარემოსგან, ოჯახისგან მაგალითის აღება ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორც ირკვევა, თამაშდამოკიდებულებაში­ თავის როლს ასრულებს ე.წ. დამაჯილდოებელი ჰორმონებიც. ამ ჰორმონების ნაკლებობისას ადამიანი ცდილობს, დანაკლისი როგორმე შეივსოს და ამის ერთ-ერთი საშუალება კაზინოში თამაშია, სადაც მძაფრი რეაქციები ნაწილობრივ ასრულებს "დამაჯილდოებელი", ბედნიერების ჰორმონების როლს, მერე კი ყალიბდება კაზინოსადმი მიჯაჭვულობა, რაც, მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, სასოწარკვეთაში გადაიზრდება. სასოწარკვეთა უმძიმესი რამ არის ადამიანის ფსიქიკის "ნამოქმედარს" შორის. მას პაციენტები აღწერენ, მაგალითად, როგორც ზღვის ფსკერს, ან უდაბურ ბნელ ადგილს, საიდანაც გამოსვლის გზა აღარ არსებობს. როდესაც მათ ამ გზის დანახვაში ვეხმარები, მსგავს მდგომარეობას თვალებზე ფაფარჩამოფარებული ცხენის საქციელს ვადარებ, რომელიც ვერაფერს ხედავს, გარდა იმ ერთი მიმართულებისა, საითაც გარბის. ფსიქოთერავპევტის დახმარებით გამოსავლის პოვნა შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს თვითონ თამაშდამოკიდებულს უნდა. როდესაც მდგომარეობა ძალზე გართულებულია, საჭირო ხდება ფსიქიატრის დახმარება, მედიკამენტური ჩარევაც კი, თუმცა როდესაც პაციენტს თავად არ სურს დეპრესიიდან გამოსვლა, მისი დახმარება შეუძლებელია.