"კატასტროფულად იმატა ქალებში ნარკოტიკების მოხმარებამ... ახალგაზრდებში დამკვიდრდა ტრენდი, ე.წ. პარასკეობა და იწყება "პირველი ნაბიჯები" - კვირის პალიტრა

"კატასტროფულად იმატა ქალებში ნარკოტიკების მოხმარებამ... ახალგაზრდებში დამკვიდრდა ტრენდი, ე.წ. პარასკეობა და იწყება "პირველი ნაბიჯები"

საკმარისია რამდენიმე საათი გაატაროთ ზუგდიდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე,­ სადაც "მეტადონის" პროგრამაში ჩართულები იკრიბებიან, და აღმოაჩენთ, რომ ეს აფხაზი (და არა მარტო) ახალგაზრდების შეკრების ადგილია... სხვადასხვა­ ასაკის, უფრო მეტად კი ახალგაზრდა აფხაზი­ ნარკოდამოკიდებულები ყოველ მეორე დღეს გადმოდიან ენგურს აქეთ, რათა "მეტადონის" პროგრამით ისარგებლონ.

აფხაზური მედიის ცნობით, 90-იანი წლების ომის დასრულების შემდგომ "აფხაზეთში არ არსებობდა სარეაბილიტაციო ცენტრები, არ ჰყავდათ სპეციალისტები, რეგიონში იყო მხოლოდ ნარკოტიკი და იარ­აღი. შესაბამისად, უმძიმესი შედეგი მივიღეთ - მაშინდელი ახალგაზრდა თაობა ჯერ ნარკოდამოკიდებული გახდა, ფულისა და სხვა რესურსის ამოწურვის შემდეგ კი გალოთდა. შედეგები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ე.წ. ანონიმი ნარკომანები, რომლებიც "მეტადონის" პროგრამაში­ არიან ჩართული, ზუგდიდში გადადიან, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს გამოსავალი არ არის".

აფხაზი ბლოგერები მწვავედ ეხმიანებიან რუსეთიდან უკონტროლოდ შემოსული ე.წ. ტურისტების "საქმიანობას", რომელთაც ნარკოტიკის გამავრცელებლები ჰყავთ აფხაზეთში. "კვირა არ გადის, ორი-სამი "მსუყე" პარტია არ შემოიტანონ რუსეთიდან. ვითომ ტურისტები, სინამდვილეში კი ნარკორეალიზატორები, აქაურ ბარიგებთან არიან შეკრული. ყოველ ზაფხულს ახალ-ახალი საშინელების მოლოდინში ვართ. რუსი ნარკოდილერების ერთ ნაწილს აკავებენ, თუმცა ფულის გადახდის შემდეგ უშვებენ, მათ კი იმხელა მოგება აქვთ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ რუსული კი არა, კარგა მსხვილი "ნარკობაზა" აქვთ. ეს მოგვიტანა ომმა", - წერს აფხაზი ბლოგერი დავიდ წვიჟბა.

აფხაზების თქმით, ბოლო წლებში ნარკომომხმარებლებს შორის გამოჩნდნენ­ გოგონებიც და მათი რაოდენობა სტაბილურად­ იზრდება. ჭარბი მოხმარების საფრთხეზე მოსახლეობას აფრთხილებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძეც, რომელიც ამბობს, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად ქვეყანაში მოსალოდნელია დიდი მიგრაცია, რასაც საფრთხეები ახლავს. "ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი­ მოხმარება. ასე მოხდა ჩვენთან და ასე იქნება უკრაინაშიც. ის, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს ქვეყანაში არ არის, დიდს არაფერს ნიშნავს. საქართველოში უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეს თვალში საცემია უკვე ქუჩაშიც. მიგრაცია კვლავაც გაიზრდება, რაც თავისთავად გაზრდის ნარკოტიკების შემოდინებას. შავ ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი, უფრო რუსეთსა და მის ელიტაში იყო მიღებული. შესაბამისად, მათი მოხმარება ქართველ მომხმარებელს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. მომატებულია ალკოჰოლის მოხმარებაც, რაც, ალბათ, სტუმრების, ლტოლვილების რაოდენობის გაზრდით არის განპირობებული. ამიტომ ყველას მივმართავ - გაფრთხილდნენ, ნუ ენდობიან უცნობ დილერებს და არ მოიხმარონ უცნობი ნივთიერებები, ვინაიდან ისინი ყოველთვის ისე იყიდება, როგორც "უვნებელი" და შემდეგ აღმოჩნდება, რომ უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები ყოფილა. ახალი სინთეტიკური ნარკოტიკები მაღალი ლეტალობით ხასიათდება".

ნარკოლოგ დათა ვადაჭკორიას თქმით, ბოლო ხანს, ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა და დამოკიდებულთა კატასტროფული ზრდა შეინიშნება, მათ შორის გოგონებსა და ქალებში: - სამი მიმართულებით არის სახიფათო ცვლილება: მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა, ვლინდება შედარებით ხანდაზმულ ასაკშიც და ძალიან გაზრდილია ქალებშიც. ამას ერთი ახსნა აქვს - საქართველოში ნარკოტიკები იოლად ხელმისაწვდომია ყველა ასაკისა და სეგმენტის მოქალაქისთვის. ამან განაპირობა ისიც, რომ ვისაც 10-12 წლის განმავლობაში დანებებული ჰქონდა თავი ნარკოტიკისთვის, ისევ დაიწყო.

- ეს ეხება სააფთიაქო ნარკომანიას?

- არა, სააფთიაქო ნარკომანიის მხრივ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც შავ ბაზარზეა, ჰეროინი, "მეტადონი", ჰალუცინოგენები, სტიმულატორები, ისევ ხელმისაწვდომია. რაც ყველაზე საგანგაშოა, ბოლო წლებში კატასტროფულად იმატა ქალებში ნარკოტიკების მოხმარებამ, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ქალების სოციალური აქტივობების, გენდერული საკითხის წინა პლანზე წამოწევამ. ახალგაზრდებში უკვე დამკვიდრდა ტრენდი, ე.წ. პარასკეობა - იკრიბებიან ხშირად თინეიჯერებიც, და იწყება "პირველი ნაბიჯები", რასაც ერთი ან უამრავი ადამიანის უბედურება, ცხოვრების დანგრევა მოაქვს. თითქმის ყველამ, ვინც ახლა მომხმარებელი ან უკვე დამოკიდებულია, ასე დაიწყო: მეგობრები შეიკრიბნენ და "რელაქსისთვის ერთი-ორჯერ თუ მოიხმარეს, მერე რა მოხდა...", თანდათან კი ამას მძიმე შედეგებამდე მივყავართ. იმ "ხანდახან", რელაქსისთვის ერთჯერადმა მოხმარებამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ეს ვერაგი ნივთიერებები ადამიანს ძალიან მალე ხდის ნარკოდამოკიდებულს.

- როდიდან იწყება მომხმარებელთა­ ასაკი?

- 14 წლიდან. მხოლოდ ბიჭებში კი არა, გოგონებშიც.

- რეაბილიტაცია ვის უფრო უჭირს?

- ქალებს. ისინი უფრო მძიმედ ანებებენ თავს. არის ფაქტები, შეუწყვეტიათ მოხმარება, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდებიან.