როგორ იცლება ახალგორი... - კვირის პალიტრა

როგორ იცლება ახალგორი...

ბოლო რამდენიმე წელია ახალგორის რაიონი თანდათან იცლება. მოსახლეობის თქმით, ახლა უფრო ხშირად შეხვდებით დაცლილ-დაკეტილ სახლებს,­ ბოქლომდადებულ ეზოებს, გზებსა და ბილიკებზე ბალახებია ამოსული. მიზეზი ცხოვრების ის პირობებია, რომელიც ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის 2019 წლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის გამოც ქართულ მხარეს გზა ჩაიკეტა. სიძვირე, ოჯახის წევრებს მოწყვეტილი ადამიანები, მუდმივი შიში, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და მედიკამენტის გარეშე დარჩებიან, არავინ იცის, როდის გაიხსნება გზა ქართულ მხარეს და ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე დღის წინ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტს მოაწყდა.

ახალგორელი ქალის თქმით, ყოველთვის,­ როდესაც გზა იხსნება, მოქალაქეებს რიგში დგომა საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ. გამშვებ პუნქტთან ისეთი­ არეულობაა, ხანდახან რიგში მდგომი ადამიანები ცუდად ხდებიან... ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის "ოფიციალური ცნობით", ამჯერად ახალგორელებს­ ქართულ მხარეს გადმოსვლა იმ დოკუმენტებით შეუძლიათ, რომლებითაც 2019 წლამდე ("წნელისის კრიზისამდე") სარგებლობდნენ.

axalgori2-1656248173.jpg

ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა­. ახალგორელები ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ჯერ ცხინვალის საავადმყო­ფოში მიჰყავდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩენდნენ, რომ იქ ვერ შველიდნენ, ისევ უკან აბრუნებდნენ და "წითელი ჯვრის" დახმარებით თბილისში მოჰყავდათ. ზოგმა­ თბილისამდე მოაღწია, ბევრს კი არ გაუმართლა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიბილოვის "ადმინისტრაციამ" სულ რამდენჯერმე გახსნა გზა. ახალგორელების დიდი ნაწილი ქართულ მხარეს გადმოვიდა,­ მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა, რადგან იქ მკაცრი ზამთარი იცის, რაიონში კი უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ და მარტო დარჩენის ეშინიათ. "ხანდახან ტელეფონიც­ არ იჭერს, რომ ერთმანეთს შევეხმიანოთ. მოხუცებს ანგარიშს ოჯახის წევრები უვსებენ, მაგრამ კავშირი ხომ უნდა იყოს, რომ მოიკითხონ. ხანში შესულებს ინტერნეტის გამოყენება არ შეუძლიათ, წლები ისე გადის, ოჯახის წევრებს ვერც ნახულობენ. აქეთ ჩვენ ვბერდებით მათ უნახავად, იქით ქართულ მხარეს შვილები და შვილიშვილები იზრდებიანო, ჩივიან და მართლებიც­ არიან. მიწა გვაქვს, ბაღ-ბოსტნები, ხილი, საქონელი, ფრინველი გვყავს, მაგრამ მარტო ცხოვრებას, თუ ეზოში ბავშვების ჟრიამული არ არის ზაფხულში მაინც, ან სოფლის ნობათს შენს მონაგარს არ უგზავნი, მარტო ჭამას და ცხოვრებას, სახლს სტუმრების გარეშე - რა აზრი აქვს?! აღარაფრის შეცვლის იმედი არა გვაქვს. მოსავალს ვერ ვყიდით, ქართულ მხარეს ვერ გადაგვაქვს, აქ კი არავის სჭირდება - ცხინვალში წაღება იმდენად ძვირი ჯდება,­ არ ღირს... ცხინვალამდე კვირაში ერთხელ დადის ტრანსპორტი და რომ წაიღო ხილ-ბოსტნეული და რძის პროდუქტი, ერთ დღეში ყველას ვერ გაყიდი. მალფუჭებადი პროდუქტი ისევ უკან უნდა წამოიღო, საწვავს კი ცეცხლის ფასი აქვს. პურიც კი ძალიან გაძვირდა.

2002 წლის შემდეგ 1600-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა რაიონში, ახლა 800-ც არ დარჩა და კიდევ მცირდება. ექიმი და წამალი მხოლოდ მოხუცს კი არა, ზოგჯერ ახალგაზრდასაც სჭირდება. საავადმყოფო კი გვაქვს, მაგრამ უფუნქციოა, თუმცა სამედიცინო­ პერსონალი "ჰყავს", ანუ გაფორმებული არიან, ხელფასს იღებენ, მაგრამ ხშირად ადგილზე არ არიან, ან საჭირო სამედიცინო აპარატურა არა აქვთ, ან გამოყენება არ იციან. არადა, ბევრს მკურნალობა­ სჭირდება. გვყავს სიმსივნიანი, დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც ექიმთან მხოლოდ ტელეფონით კონტაქტობენ. არადა, ანალიზები, გამოკვლევებია საჭირო. ზამთარში რამდენიმე შემთხვევა იყო, მარტო დარჩენილი მოსახლე მეზობლებმა რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. ყოველივე ამან ახალგორელები შეაშინა, სახლები დაკეტეს და ქართულ მხარეს, ოჯახებთან გადავიდნენ. მეზობელმა, რომელიც ბოლოს წავიდა, მითხრა, როგორ არ მენანება ჩემი ნაშრომი, მაგრამ ცას ხომ არ გამოვეკერები და ამ დროის გატარება შვილებსა და შვილიშვილებში მირჩევნიაო", - გვიამბობს ერთი ახალგორელი.

როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც, დღესასწაულის ჩავლის შემდეგ, უამრავი ახალგორელი შინ არ დაბრუნდება, რადგან არავინ იცის, კიდევ როდის გაიხსნება გზა და როდის ნახავენ გაყოფილი ოჯახების წევრებს.

axalgori3-1656248173.jpg

"სახლი დავკეტეთ, გასაღები ახლობელს დავუტოვეთ და წამოვედით. ჩემი ახალგაზრდობა იქ გავატარე, ერთი დღითაც არ დამიტოვებია ეზო-კარი, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. უპატრონოდ სიკვდილს წამოსვლა ვამჯობინე. ხალხის მიმართ ასეთი უგულო დამოკიდებულებით არაფერი მოუგია ბიბილოვს. იმედია, გაგლოევი მის შეცდომებს გაითვალისწინებს და თავისი პრინციპულობის დამტკიცებას ხალხის ხარჯზე არ მოინდომებს", - გულისტკივილით ამბობს კიდევ ერთი ახალგორელი.

როგორც ამბობენ, ახალგორის რაიონის მიმართულებას დროებით ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის თანაპარტიელი რეზო დევიძე კურირებს. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გაგლოევის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პარტია "ნიხასში"­ გაწევრებამდე საქველმოქმედო საქმიანობაში იყო ჩართული (მაგალითად, კულტურული ძეგლების აღსადგენად აგროვებდა ფულს), ცხინვალში დაბადებულ-გაზრდილია, უყვარს ნადირობა, დაოჯახებული არ არის და რეგიონში "სასურველ სასიძოდ" ითვლება. სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამ რაიონში მისი საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი. მას ანატოლი ბიბილოვის "პრეზიდენტობის" პერიოდში ერთხელაც არ გაუპროტესტებია იქ არსებული გაუსაძლისი სიტუაცია.

"მაშინ, როდესაც ჩვენი უფლებები მუდმივად ილახებოდა, არასდროს მოსულა ხალხთან და არ უკითხავს, რა უჭირდათ, რატომ იხოცებოდნენ უექიმოებითა და უწამლობით. არც გზის დაკეტვა გაუპროტესტებია, არც ის, რომ "წითელ ჯვარს" ხალხი აქედან გაჰყავდა, რაიონი იცლებოდა, ავადმყოფები უწამლობით და სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო თანდათან იხოცებოდნენ. ხუთი წლის განმავლობაში ასევე იქცეოდა ბიბილოვის თანაპარტიელი სპარტაკ დრიაევი, რომელმაც სამარცხვინოდ წააგო საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ კი სწორედ ასეთების გამო ბიბილოვი დამარცხდა... დევიძეც ასე იქცევა - სამარცხვინო, შეუფერებელი ლექსიკით საუბრობს. რამდენიმე დღის განმავლობაში გზის გახსნა თავის დამსახურებად მიიწერა, რაც ტყუილია... ყოველ ჯერზე, როდესაც გამშვები პუნქტი იხსნება, განუკითხაობაა. ქართულ მხარეს ურიგოდ გადადიან ისინი, ვისაც გავლენიანი ახლობლები ჰყავთ. სხვები რამდენიმე დღე-ღამე­ დგანან რიგში და ელემენტარული პირობებიც არა აქვთ: არ არის წყალი, ცხელა და ტუალეტით სარგებლობაც არ შეუძლიათ... მათ თვალწინ პრეზიდენტის თანაპარტიელი დევიძე გაგლოევის შტაბის წევრთან, ვინმე ბესტაევთან ერთად გამშვები პუნქტიდან "თავისიანებს" ურიგოდ ატარებს. ამბობენ, რომ რაიონის ხელმძღვანელობა ქულებს იწერს. კარგი იქნებოდა, თუ ხალხის პრობლემებს გაახმოვანებს და მის ჩამონათვალს ახალს არ დაუმატებს, მაგრამ ასეთი პირი არ უჩანს", - ამბობს მეარაყიშვილი.

რაიონიდან წავიდნენ ახალგაზრდებიც, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მათ ცხოვრების გაგრძელება, განათლების მიღება და მუშაობა ქართულ მხარეს სურთ.

"ბოლო ორი წელია ახალგორის რაიონის არაერთ სოფელში პირველკლასელები არ მიუღიათ. თუ შარშან ქართულ სკოლებში სულ 60-მდე მოსწავლე ირიცხებოდა, წელს გაცილებით ნაკლები იქნება. კორუფცია, როგორც ყველა სფეროში, განათლებაშიც ყვავის და გამოყოფილი თანხების დიდ ნაწილს ვიღაცები ინაწილებენ. რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროექტების რიცხვი მუდმივად იზრდება. ახალგორში­ 132 მოსწავლეზე გათვლილი რუსული სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა და უკრაინის ომამდე მუშაობდა. ომის შემდეგ მოსწავლეები შემცირდნენ რუსულ სკოლაშიც, რადგან სამხედროების ნაწილი, ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ ბაზაში მუშაობდნენ და ოჯახებთან ერთად­ აქ ცხოვრობდნენ, ან თავად წავიდნენ სამხ­ედრო სამსახურიდან, ან უკრაინის ე.წ. სპეცოპერაციისთვის რეგიონიდან გაიყვანეს. ჩვენს ახალგაზრდებს ახალგორის რაიონში დარჩენის მოტივაცია არა აქვთ, ახალი თაობის გარეშე დარჩენილ რაიონს კი მომავალი არა აქვს", - ამბობს ახალგორის მკვიდრი.