"ფიროსმანი კიბის ქვეშ ცხოვრობდა, მეც მისნაირი ბედი მერგო“ - კვირის პალიტრა

"ფიროსმანი კიბის ქვეშ ცხოვრობდა, მეც მისნაირი ბედი მერგო“

ის ჯერ კიდევ ბავშვობაში პიკასომ აღიარა და თქვა: "აკადემიაში არ მისცეთ ბავშვი, თუ გინდათ საქართველოს უზარმაზარი მხატვარი ჰყავდეს"... "რუსუდან ტოზაშვილი იმ კოჰორტაში მოისაზრება, რომლის სათავეშიც გენიალური ფიროსმანი დგას", - გოგი ოჩიაური. მხატვარი რუსუდან ტოზაშვილი,­ რომელსაც ვესტუმრეთ, გამორჩეულია თავისი მსოფლმხედველობით, სამყაროთი, ფერწერით.

- ეგზიუპერიმ თქვა, მე ჩემი ბავშვობიდან მოვდივარო. ეტყობა, მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ. 12 წელი ვცხოვრობდი თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში­. აი, რაც ჩემს ნახატებში აისახა,­ კახური, თუშური თემა, ყველაფერი იქიდან წამოვიღე. დედა მყავდა ისეთი შემოქმედი ადამიანი, რომ ხოგაის მინდიას მაგონებდა. უყვარდა ყვავილები, კუნძები... ეზო ისეთი­ გვქონდა, მამულაშვილს რომ ჰქონდა მცხეთაში: ატმებით, ბროწეულებით, ვარდებით, ყველანაირი ყვავილებით... ყველა მოდიოდა სანახავად, ზოგს აღტაცებისგან ხმაც კი უწყდებოდა. ამ ფერებს რომ ვუყურებდი, ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ბალახებისაგან ვაკეთებდი საღებავებს. გამოვიდოდი ეზოში და ხელზე სხვადასხვა­ ფერს ვიწყობდი. თან ფანტაზიორი ვიყავი, ვიგონებდი ზღაპრებს, პატარა ამბებს. 12 წლისამ პირველი ლექსი დავწერე. ახლახან წიგნიც გამოვეცი, სადაც ავტობიოგრაფია, შემოქმედება და ლექსებია შესული.

ჩემს ნახატებში ყოველთვის ვხატავ ანგელოზებს, ეკლესიებს, თითქოს იქ მეორე განზომილებაში ვცხოვრობ, უფალთან ახლოს ვარ თითქოს, მასში და მასთან ვარ...

მახსოვს, ერთხელ დედა ყანაში იყო წასული. მგონი, 4 წლის ვიყავი თუ 5-ის. ძალიან მომშივდა, საჭმელი ვერ ვიპოვე და მოწყენილი დავჯექი ჩვენს ეზოში ქვაზე, წინ დავილაგე ჩემი გაკეთებული თოჯინები.­ დიდი გრძელი ეზო გვქონდა და ჭადრაკულად დავაწყვე. მეზობელმა გამოიარა ამ დროს ჩვენს სახლთან და მომაძახა, ეს რა ლამაზი გამოფენა მოგიწყვიაო. ასე დავიწყე ხელოვნებასთან მიახლოება. გავიდა რამდენიმე წელი, დავამთავრე საშუალო­ სკოლა და აკადემიაში გადავწყვიტე ჩაბარება. ჩვენმა­ ნათესავმა რამდენიმე ნახატი წაიღო საზღვარგარეთ და ჩემი ნამუშევრები პიკასოს აჩვენა, მას კი ასე უთქვამს, აკადემიაში არ მისცეთ ბავშვი, თუ გინდათ დიდი მხატვარი ჰყავდეს საქართველოსო და ერთი ნამუშევარი დაუტოვებია თავისთვის. ეს ამბავი რომ ჩამოიტანა­ იმ კაცმა­ ოჯახში,­ ავტირდი­ და გამოვაცხადე, მე მაინც უნდა ჩავაბარო მოსამზადებელ კურსებზე-მეთქი. ხუთოსანი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ იქ უკვე ვეღარ დავინახე ის სწავლება, რომელიც მე მჭირდებოდა. იცით, იქ გადახატვას ასწავლიან. გადახატვა მხოლოდ ნატურიდან შეიძლება­. პასკალის აზრით, როდესაც ერთი ნახატიდან იხატავ მეორეს, ეს არც შედევრია და არც ორიგინალი, ჭყეტელა სურათიაო და მე ვეთანხმები მას...

mxatvari2-1656248947.jpg

31 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე კინოსტუდია "ქართულ ფილმში", თავიდან კოლორისტის მოწაფედ, მერე კოლორისტად, შემდეგ გამფერადებლად, მხატვრად და ბოლოს დამდგმელ მხატვრად. 22 წელი ვიყავი მულტგაერთიანებაში... მძიმე ცხოვრება მქონდა. ფიროსმანი კიბის ქვეშ ცხოვრობდა, მეც მისნაირი ბედი მერგო, კიბის ქვეშ წლები გავატარე. იქვე მქონდა პატარა კუთხე-სახელოსნო. ნახევრად სარდაფი იყო და ერთხელაც წყალი ჩამომივიდა და სამი დღე დაჩოქილი ვწმენდდი იქაურობას, წასასვლელი არსად მქონდა. ამ ამბის შემდეგ ბატონმა რეზო ჩხეიძემ ბინა მომცა და ცოტათი ამოვისუნთქე. რა ნახატებიც გადარჩა, ახალ ბინაში გადავიტანე, თუმცა ის ნახატები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარდა, ისე დამიზიანდა, გადავყარე და ჩემი სიცოცხლის ნახევარიც წაიღო...შირაქში ვარ ექსკურსიაზე და მირეკავს პაპა, ჩქარა ჩამოდი, შენი გამოფენაა ცისფერ გალერეაში და გეძებენო. რომ ჩემოვედი, ჩემი 14 ნახატი დამხვდა. თურმე ლადო გუდიაშვილს გაუხსნია და მეძებდა. როგორც პაპამ მითხრა, ერთი საათი საუბრობდა შენზე და ყველა დააინტერესაო. ამას მოჰყვა უამრავი გამოფენა: მხატვრის სახლში, ცისფერ გალერეაში უკვე პერსონალური, ხელოვნების მუზეუმში, კინოს სახლში, სადაც ორი დიდი ნახატი დაიკარგა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დრეზდენის გამოფენა, სადაც მარტო მე ვყოფილვარ ქართველი მხატვრებიდან. დრეზდენის გალერეის დირექტორმა მითხრა, ალბათ, კარგი ბინა და სახელოსნო გაქვთ საქართველოშიო, სანამ ვუპასუხებდი, მიუტრიალდა მისი მოადგილე გერხელდი და უთხრა, მაპატიოს რუსიკომ და, საპირფარეშოც კი ეზოში აქვსო. მაშინვე შემომთავაზეს დარჩენა, ძალიან კარგ პირობებში იქნებითო, მაგრამ... საქართველო და ქართველი ხალხი სიგიჟემდე­ მიყვარს. ძალიან მიკვირს, როგორ ჩერდებიან ქართველები დიდხანს საზღვარგარეთ. ზოგს უჭირს და წავიდა, მაგრამ მეც მიჭირდა და რატომ არ წავედი? ხშირად შავი დაობებული პური მიჭამია, წყალში ჩასველებული, მაგრამ არ გავქცეულვარ. ეს ჩემი მიწაა. ომი რომ დაიწყოს, მე აქ უნდა მოვკვდე, იმიტომ, რომ ახალგაზრდას უნდა გადავეფარო, მისი ტყვია მე უნდა მომხვდეს.

რუსუდან შაიშმელაშვილი