„9 აპრილს ერთ რუსს მოვაძვრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს“ - კვირის პალიტრა

„9 აპრილს ერთ რუსს მოვაძვრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს“

ჩვენი რესპონდენტი იმის ნათელი ნიმუშია,­ რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ის ფიზიკური ნაკლით, კერძოდ, ტერფების გარეშე დაიბადა, მაგრამ ყველა სირთულე გადალახა და დღეს წარმატებული არქიტექტორია. საქართველოში ქართული რაგბის ერთ-ერთ დამაარსებლადაც ითვლება, არის კარატეში შავი ქამრის მეშვიდე დანის მფლობელი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი, გერმანიის აკადემიის პროფესორი, მსახიობი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში განათება და ფერი არქიტექტურის დიზაინში ფაკულტეტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. თემურ ჯორჯაძეს შინ ვესტუმრეთ.

- თქვენ აკადემიაში დანერგეთ უნიკალური სპეციალობა, რომელსაც ანალოგი არა აქვს...

- ამ სპეციალობას საფუძველი გერმა­ნიაში ჩაეყარა 1998-1999 წლებში. 2001 წელს საქართველოში ჩამოვედი, მინდოდა დამენერგა,­ მაგრამ ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა და 2008 წლამდე გაიწელა. გერმანიაში ერთ სემესტრში დავაფუძნე, აქ კი რვა წელი დამჭირდა. დავიწყე ლოს-ანჯელესიდან, სან-ფრაცისკოდან და გავაგრძელე ნიუ-იორკის დიზაინის ინსტიტუტში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის აკადემიასთან ვიმუშავე. ქართველები პირველობას ვკარგავთ ბევრ რამეში და არ მესმის, რატომ?

- კინოს სამყაროშიც შევიხედოთ, სადაც არაერთი როლი შეასრულეთ. "მანდარინებში" თურმე ესტონელი უნდა გეთამაშათ.

- სინჯები გავიარე. რეჟისორებს მოვეწონე­, მაგრამ რადგან ეს პროდუქტი ქართულ-ესტონურია, ესტონურ მხარეს მსახიობად თავისი მოქალაქე მოუთხოვია. მითხრეს, რომ გარეგნულად ჩემნაირი ტიპაჟი შეურჩევიათ და როცა ფილმი ვნახე, გამეღიმა, მართლა მგავდა.

- შავი ქამრის მფლობელიც ხართ.

- შორიდან დავიწყებ: 1989 წელია. ჯერ 9 აპრილის ამბები არ არის მომხდარი.­ გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრების საზღვარგარეთ გაყვანა. ძლივს ვიშოვე ფული - ახლობელმა მომცა 2.000 დოლარი, ვიღაცამ - 1.000 დოლარი და წავედით. ფორმებიც­ კი არ გვქონდა. ჩემებს, რაგბისტებს­ გამოვართვი ქურთუკები, რომლებსაც უკან "რაგბი" ეწერა. მაშინ სამფეროვანი დროშა­ გვქონდა (შინდისფერი, თეთრი და შავი), ამოვჭერი და ეს სამი ზოლი მივაკარი ლეი­კოპლასტირით. დავრჩით უდროშოდ, რომელიც შემდეგ გამოვართვი ძიუდოისტებს. რომ გავიმარჯვეთ და ჩვენი დროშის აწევის­ დრო დადგა, ჩვენი ძლივს გამოჩნდა საფრანგეთისა და იტალიის ექვსმეტრიანი დროშების­ გვერდით. ჰიმნი, იცით, როგორ დავუკარით? კასეტა წავიღეთ და სპეციალურად ჩვენთვის ძველი ტექნიკა მოიტანეს, ჰიმნიც კი არ გვქონდა და "ჩემო კარგო ქვეყანა" ვიმღერეთ. აი, ასეთი ამბები ხდებოდა...

- თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ეტაპი საზღვარგარეთ გაატარეთ, მაგრამ ვიცი, გული მაინც თბილისისკენ მოგიწევდათ.

- ახლაც ასეა: ნახევარ წელიწადზე მეტი თუ სხვაგან ვარ, დეპრესია მეწყება და თბილისში მოვრბივარ. საერთოდ, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. ერთ-ერთი მოგზაურობისას შემთხვევით გავიცანი ერნესტო ჩე გევარა, დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე. ქართული კონიაკი ვაჩუქე, მან კი მაჩეტე მაჩუქა. მძლავრი ენერგეტიკა ჰქონდა, ძლიერი კაცის შთაბეჭდილება დატოვა.

- ვიცი, არაერთი შემოთავაზება გქონდათ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და უარი გითქვამთ. ცოტათი მაინც ხომ არ ნანობთ?

- არა, უბრალოდ, ფინანსურად ვიყავი იქ კარგად. მაგალითად, გერმანიაში სამოთახიანი სასტუმროს ტიპის კაპიტალურად მოწყობილი ბინა მომცეს და ხელფასად 9.000 დოლარი დამინიშნეს. აქ რაც მაქვს, იმასთან შედარებით სასაცილოა...

- თქვენს ცხოვრებაში იყო საბედისწერო ტრავმა, რის გამოც ყველაფერს ჩამოშორდით.

- პრაქტიკულად, უფეხებო დავიბადე, ტერფები მქონდა დეფორმირებული. ჩემი მშობლები რეპრესირებულები იყვნენ. ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები ამირან მორჩილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი.­ "თეთრი არწივის" ხელმძღვანელი ჩვენს სახლში მოკლეს. სახლი დაგვილუქეს. იმ დროს მამა შინ არ იყო და ქურთმა მეეზო­ვემ გააფრთხილა. დანარჩენები დააპატი­მრეს. ვცხოვრობდით პლეხანოვზე, მთავარი ფოსტის ქვემოთ, ძველი სახლის სხვენში. მე ან სულ ვიწექი, ან ფანჯრიდან ვიყურებოდი. სულ პატარამ ვისწავლე ყავარჯნებით სიარული და ბოლოს იმით დავრბოდი კიდეც. ყავარჯნებით ვთამაშობდი ფეხბურთს, ვახტებოდი­ ტრამვაის... ხუთი წლისა მამამ ცურვაზე მიმიყვანა. მერვე კლასში ჩემით მივედი ფარიკაობაზე, 15 წლისამ კი რაგბის თამაში დავიწყე. მაშინ საბჭოთა კავშირში რაგბის კრძალავდნენ და ვატყუებდით, ვითომ ფეხბურთელები ვიყავით. არც რაგბის ბურთი გვქონდა, ფეხბურთის ბურთით ვთამაშობდით. პლეხანოვზე ერთი მეწაღე იყო და იმას შევაკერინეთ. სტუდენტობის დროს გეპეისა და უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა გუნდები "დინამო" და "ლოკომოტივი". მე გეპეის გუნდში ვთამაშობდი. შემდეგ ჩავაბარე ასპირანტურაში და მოსკოვში გადავედი... 70-იან წლებში­ შეიქმნა ცენტრალური კარატეს სკოლა, სადაც დავიწყე ვარჯიში. საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ტაშკენტში ჩატარდა და მეც ვმონაწილეობდი. გამოგვავლინეს 100 ინსტრუქტორი და მალევე აიკრძალა კარატე.

1981 წელს მოსკოვის ბინა გადავცვალე თბილისის ბინაზე და აქ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ კარატე აკრძალული იყო, მაინც მყავდა ჯგუფები უნივერსიტეტებში. ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები: გიორგი შარაშენიძე, ჯანო ბაგრატიონი, გურამ მინაშვილი, ლენა გოკიელი. მათ მომცეს დარბაზები...

9 აპრილის შემდეგ მძიმე ტრავმები მივიღე და რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე. ვიომე აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 9 აპრილს ჩემს ბიჭებთან ერთად გვეჭირა დერეფანი, საიდანაც ხალხი გამოდიოდა. იქ ისე დავშავდი, რომ ოთხ თვეს ვერ ვლაპარაკობდი. იმ მოედანზე ერთ რუსს მოვაძვრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს. ვარ წარმატებული არქიტექტორი. ასე თუ ისე, რაღაც გამიკეთებია ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. ამისთვის კი ცხოვრება ნამდვილად ღირდა.მოამზადა

რუსუდან შაიშმელაშვილი