„ნაკრებში აღარ არის დამარცხებულის მენტალიტეტი“ - კვირის პალიტრა

„ნაკრებში აღარ არის დამარცხებულის მენტალიტეტი“

სამი არასრული მატჩი და ორი გოლი - ასეთია ბუდუ ზივზივაძის შედეგი ივნისის სანაკრებო მატჩებში. 28 წლის თავდამსხმელმა ორივე ბურთი უმნიშვნელოვანეს მომენტში გაიტანა - ბულგარელებს მხოლოდ ორი წუთით შეარჩინა თამაშის შემობრუნების იმედი, მაკედონიაში კი, სულაც პირველი და გარდამტეხი ბურთი შეაგდო! ბუდუ ისეთივე კარგი რესპონდენტია, როგორიც თავდამსხმელი. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით:

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის მოსვლის შემდეგ? უპირველესად ატმოსფერო გუნდში, რაც ყოველთვის მოქმედებს ნაკრების მოთამაშეებსა და გუნდის შედეგებზე. სანიოლმა დადებითად იმოქმედა ყველა ფეხბურთელზე. ამ მხრივ ფრანგი მწვრთნელი ძალიან ძლიერია. გუნდში გაიზარდა ჯანსაღი კონკურენციაც: ივნისის მატჩებმა ცხადყო, რომ გუნდში მაღალი დონის მოთამაშეები არიან და, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი გუნდი გვყავს. ნაკრებში აღარ არის დამარცხებულის მენტალიტეტი.

- ხანგრძლივი სამწვრთნელო გამოცდილებით ჯერ ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ფაქტია, ქარიზმის, თავისებური მიდგომისა თუ როტაციის ხარჯზე სანიოლი ახერხებს გუნდის მოტივირებასაც და "სწორი" ფეხბურთის თამაშსაც.

- როცა საქართველოს ნაკრებში დაინიშნა, მისი სამწვრთნელო გამოცდილების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ აქვს თავისი სტრატეგია და ხედვა, მუდმივად ითხოვს დისციპლინას და მაქსიმალურ კონცენტრაციას. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ტაქტიკოსია, თუმცა ძალიან კარგად ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებას. მისი შერჩეული სამმცველიანი ტაქტიკა იდეალურად მოუხდა ჩვენს გუნდს და შედეგიც სახეზეა.

- წლების განმავლობაში გვინახავს საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა, გვინახავს "ერთი ტაიმის გუნდიც" და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძვის, მეორე ტაიმს კი თითქმის ყოველთვის პირველ ნახევარზე უკეთ ატარებს. ესეც მწვრთნელის პლუსად უნდა მივიჩნიოთ. შესვენების დროს რას გეუბნებათ ხოლმე?

- დასვენების საშუალებას გვაძლევს და უმეტესწილად, მხოლოდ შესვენებისთვის განკუთვნილი ბოლო 5 წუთის განმავლობაში გველაპარაკება, კონკრეტულად გვეუბნება, რომელმა მოთამაშემ რა გამოასწოროს. მაგალითად, მაკედონიასთან მატჩის შესვენებაზე კაკაბაძეს უთხრა, პირველ ნახევარში ძალიან "მაღლა" ადიოდი შემტევებთან შესახვედრად და შენი ფლანგიდან ბევრს გვიტევდნენ, ძალიან ზევით ნუღარ აიწევი, მოწინააღმდეგეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის შემდეგ შეხვდი და როცა სივრცე აღარ დარჩება, თავდამსხმელი ბურთს ვეღარსად წაიღებსო. მეორე ტაიმში ოთოს ფლანგიდან მართლაც აღარ ყოფილა იმდენივე შეტევა, რამდენიც მანამდე.

- აქამდე, არც ასეთი "გრძელი" სათადარიგო სკამი გვქონია...

- დიახ, კონკურენცია გაიზარდა, არჩევანის საშუალებაც არის და უკვე ყველა მოთამაშემ იცის, რომ თუ ბოლომდე არ დაიხარჯება და მწვრთნელის დავალებას ვერ შეასრულებს, მომდევნო მატჩში მის ნაცვლად სხვა ითამაშებს. შესაბამისად, ყველა ფეხბურთელი იბრძვის თავისი ადგილისთვის. სწორად შერჩეული გაფართოებული შემადგენლობიდან და დატვირთული სათამაშო კალენდრიდან გამომდინარე, ვილიმ კარგად გამოიყენა როტაციის შესაძლებლობაც.

- გვახსოვს პერიოდი, როცა გულშემატკივრის და მედიისგან ვლადიმერ ვაისი სულ გრძნობდა ზეწოლას, რომ მიეცა შანსი ბუდუ ზივზივაძისთვის! რამდენიმე შესაძლებლობა მოგცა კიდეც, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხე. იმ თამაშებმა უარყოფითად იმოქმედა შენს განწყობა/მოტივაციაზე თუ პირიქით?

- ვაისმა ორჯერ ძირითად შემადგენლობაში მათამაშა, ორჯერ შეცვლაზე. უგოლო მატჩის შემდეგ თავდამსხმელით კმაყოფილი ვერავინ იქნება. წნეხს მეც ვგრძნობდი, რადგან გულშემატკივრისა და ჟურნალისტების მოთხოვნის შემდეგ ყველა "გამადიდებელი შუშით" მაკვირდებოდა. წარუმატებელ თამაშს მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მატჩებში თავი ვერ გამოვიჩინე. ისიც გეხსომებათ - როცა ვაისმა ისევ არ გამომიძახა 2020 წლის ნოემბრის მატჩებისთვის, სოციალურ ქსელში ვიხუმრე - ჭადრაკის თამაში უნდა გამეგრძელებინა-მეთქი. მოგვიანებით, როცა მარტში სანიოლმაც გამომიძახა, რამდენიმე კომენტარი ვნახე - ჯობდა, მართლა ჭადრაკის თამაში გაეგრძელებინაო... ამ ყველაფერმა მოტივაცია მომცა - ყველასთვის უნდა მეჩვენებინა, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახებას ვიმსახურებ!

- და ისიც დაგემტკიცებინა, რომ ფეხბურთის და ჭადრაკის თამაში ერთმანეთს ხელს არ უშლის! ივნისის მატჩებს დავუბრუნდეთ: ორივე ბურთი საკვანძო მომენტში გაიტანე - ბულგარელებმა ერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გაქვითეს და თითქოს თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ შენი გოლით ორბურთიანი უპირატესობა აღდგა და მასპინძლებმა ყურები ჩამოყარეს, სკოპიეში კი სულაც პირველი და გარდამტეხი ბურთი შეაგდე.

- მეორე ტაიმის დასაწყისში ბულგარეთმა დიდი ძალებით შემოგვიტია და გოლის გატანაც მალევე მოახერხა. საბედნიეროდ, სტატუს-კვოს აღდგენა ორ წუთში შევძელით და ლამაზი კომბინაციაც გამოვიდა: ლორია-კაშია-აზაროვი-აბურჯანია-ზივზივაძე. აბუს პირველი ტაიმის მიწურულსაც შეეძლო ჩემთვის ბურთის დათმობა და შესვენებისას ვუთხარი კიდეც, ბურთი რომ გამოგეგორებინა ჩემთვის, ცარიელ კარში გავიტანდი-მეთქი. როგორც ჩანს, დაიმახსოვრა ეს სიტყვები და მეორე ტაიმში აბურჯანიასგან ძალიან კარგი საგოლე გადაცემაც მივიღე. სხვათა შორის, როცა გოლის შემდეგ ქართველ ქომაგებთან მივირბინე, ემოციებისგან ხმაც ვერ გავიღე და გოლის უხმოდ აღნიშვნა გამომივიდა. რაც შეეხება სკოპიეში გატანილ ბურთს, მაკედონიასთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი და მეორე ნახევარში ორმაგად მოტივირებული გავედი მოედანზე, წიტაიშვილმა კი ისე ჩააწოდა, იმ ეპიზოდის გოლის გარეშე დასრულება "დანაშაული" იქნებოდა. ჩრდილოეთი მაკედონია უხერხული მეტოქე იყო, ჩვენი "ძველი ვალიც" ჰქონდა და... ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

- ივნისის მატჩებში ქვილითაია ტრავმის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ სანიოლის კრებული ისედაც აღარ არის მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელისთვის გაკეთებული გრძელი პასების იმედად: ვუტევთ მოკლე პასებით, ფლანგებიდან, ინდივიდუალური გარღვევების ხარჯზე... შენი სტილის ფორვარდისთვის ეს გაცილებით კომფორტული ტაქტიკა უნდა იყოს...

- როცა სამმცველიან ტაქტიკას ხედავენ, ბევრს ჰგონია, რომ დაცვითი სტრატეგია გვაქვს არჩეული. სინამდვილეში, პირიქით - ორივე ფლანგის მცველს წარმატებით შეუძლია შეტევაში ჩართვა და მეტოქის საჯარიმომდე მისვლა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ხშირად თითქმის ნახევარი გუნდით ვუტევთ. 3-5-2 ტაქტიკის დროს, შეტევისას, მე ცენტრალურ ზონაში ვრჩები, ხვიჩა და ზურიკო კი გვერდებიდან შემოდიან. თავდამსხმელისთვის ძალიან კომფორტულია ისეთ პარტნიორებთან თამაში, როგორიც არიან კვარაცხელია და დავითაშვილი.

- რაზგრადსა და სკოპიეში ჩვენი ტაქტიკა კონტრშეტევებზე იყო აწყობილი. გიბრალტარზე აღარაფერს ვიტყვი, ბულგარეთთან თბილისურ შეხვედრაში კი გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს "პირველ ნომრად" თამაში. თუმცა დაღლილობაც გასათვალისწინებელია და მეტოქის ტაქტიკაც. რა დაგავალათ მწვრთნელმა?

- მაინცდამაინც კონტრშეტევებზე თამაშის დავალება სანიოლისგან არც გასვლითი შეხვედრებისას მიგვიღია: სხვების სტრატეგია არ გვაინტერესებს, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, გვეუბნება ხოლმე მატჩის დაწყებამდე. რაც შეეხება გადაჭედილ "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრას, ბულგარეთთან თამაშის წინ, ვილიმ გვითხრა, რომ უამრავი მაყურებლის ფონზე, ცხადია, იქნებოდა წნეხიც, რადგან კარგი მატჩების შემდეგ ჩვენგან ამჯერადაც გამარჯვებას ელოდნენ. გეთანხმებით, "პირველ ნომრად" თამაში გვიჭირს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბულგარეთის ნაკრები მატჩის განმავლობაში მთელი გუნდით იცავდა კარს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გიბრალტარის ნაკრებს უფრო ზემოთ ამოჰქონდა დაცვითი ზღუდე და ამით რამდენჯერმე ვისარგებლეთ. ბულგარელები კი ამდენ სივრცეს არ ტოვებდნენ და ბუნებრივია, გაგვიჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, მომენტები გვქონდა და გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ არა უშავს - ოთხ მატჩში 10 ქულა ძალიან კარგი შედეგია და იმედია, წარმატებულ სერიას სექტემბერშიც გავაგრძელებთ.

- ნამატჩევს, მაკედონიელთა თავკაცმა ამოიკნავლა, ქართველებმა ფიზიკური მომზადებით გვაჯობესო. მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ "გრძელი სკამისა" და როტაციის წყალობით ივნისის მატჩებში ფიზიკურად არ გაგვჭირვებია.

- პირველ ნახევარში, მაკედონიელები ძალიან აგრესიული პრესინგით გვეთამაშნენ. შესვენებისას, კვეკვესკირს ვუთხარი კიდეც, მასპინძლები ასეთ დატვირთვას მთელი მატჩის განმავლობაში ვერ გაუძლებენ-მეთქი და ასეც მოხდა. როცა ტაქტიკა კონტრშეტევაზეა აგებული, შედარებით ნაკლები ენერგია იხარჯება და ამის დამსახურებაც არის, რომ ბალკანელებს ფიზიკურად ვაჯობეთ.

- სანიოლი მოთამაშეებსაც ხშირად ცვლის და მათ პოზიციებსაც, თანაც ისე, რომ განაწყენებული არავინ რჩება.

- ვილის არაერთხელ უთქვამს, ყოველთვის ვცდილობ სამართლიანი ვიყო, შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ ფეხბურთელებიც ხედავენ, რომ სამართლიანი ვარ და აღარაფერი სწყინთო.

- გულშემატკივრებზეც ვილაპარაკოთ: საქართველოს ნაკრებს გასვლით შეხვედრებზეც ამხნევებდა რამდენიმე ათეული ქომაგი, გადაჭედილ "დინამო არენაზე" კი მართლაც ფანტასტიკური გარემო ვნახეთ!

- გასვლით შეხვედრებში გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ. განსაკუთრებული მხარდაჭერა რომ არა, ვფიქრობ, სტუმრად ასეთი დიდი სხვაობით ვერ გავიმარჯვებდით. რაც შეეხება "დინამო არენაზე" გამართულ ბოლო მატჩს, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ასეთ საოცარ ატმოსფეროში ითამაშოს. გადავსებული ტრიბუნების წინაშე უნგრეთშიც მითამაშია, მაგრამ ერთია 25-ათასიანი სტადიონი და სულ სხვა მშობლიურ არენაზე, 55 ათასი ქართველი ქომაგის წინაშე გამოსვლა... ძალიან მინდოდა ძირითად შემადგენლობაში დამეწყო თამაში, მაგრამ... მწვრთნელის გადაწყვეტილებით მხოლოდ ბოლო წუთებზე შევედი მოედანზე, თუმცა მცირე დროც და მაყურებლის ოვაციაც ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. გულშემატკივრის ასეთი მხარდაჭერა დიდ მოტივაციას გვაძლევს, გული გვწყდება, სავსე სტადიონი რომ ვერ გავახარეთ ბულგარეთის მეორედ დამარცხებით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დანაკლისი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში ავანაზღაუროთ.

- რაც მთავარია, საქართველოში ფეხბურთი და იმედი დაბრუნდა!

- დიახ, ფეხბურთმა ისევ გააერთიანა ჩვენი ხალხი, მომავალს იმედიანად უყურებენ და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ბულგარეთთან გულდასაწყვეტი ფრეს მიუხედავად, ნეგატიური გამოხმაურებები არ ყოფილა.

- საუბრის ბოლოს კლუბზეც ვილაპარაკოთ: სად ითამაშებს ბუდუ ზივზივაძე ახალი სეზონიდან?

- "უიპეშტში", სადაც გასულ სეზონში ვიყავი განათხოვრებული (12 მატჩში 11 გოლი გაიტანა. რ.შ.), აღარ ვბრუნდები. "ფეჰერვართან" კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი და, სავარაუდოდ, სეზონს ისევ უნგრეთში დავიწყებ, თუმცა არის კიდევ რამდენიმე ვარიანტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან, თურქეთიდან, ალსვენსკადან (შვედეთის უმაღლესი დივიზიონი). როგორც მითხრეს, ბულგარეთთან მატჩს თურქული კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა "დინამო არენაზე" მხოლოდ 10 წუთი ვითამაშე და ასეთი მცირე დროით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

- ლაპარაკია "ანკარაგუჩუზე", რომელიც ახლახან დაწინაურდა თურქეთის სუპერლიგაში?

- ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ თურქული კლუბის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. სახელი არ უთქვამს, მაგრამ როგორც ვიცი, ლაპარაკია არა "ანკარაგუჩუზე", არამედ მეორე კლუბზე, რომელიც ასევე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. მოკლედ, რამდენიმე ვარიანტი არის და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო იქნება ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და კარიერისთვის. სხვათა შორის, არის დაინტერესება ისეთი ქვეყნებისგანაც, სადაც ანაზღაურება დიდია, სამაგიეროდ, ფეხბურთია დაბალი დონის და ამ ეტაპზე ასეთ ქვეყანაში წასვლას არ ვაპირებ. ჯერ მაქვს რესურსი, რომ ევროპაში დავრჩე, ნორმალურ ჩემპიონატში ვითამაშო და ეროვნულ ნაკრებსაც გამოვადგე.