ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში! - კვირის პალიტრა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში!

ახალი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შესაძლებლობები გაოცებას იწვევს

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი ტრადიციას არ ღალატობს და უახლესი, ბოლო თაობის უნიკალური აპარატურით კლინიკის აღჭურვას განაგრძობს. ამჯერად ის წარმოგვიდგენს მედიცინის ერთ-ერთ ბოლო მიღწევას, 3 ტესლა სიმძლავრის ციფრულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს, რომელიც რევოლუციურ ნახტომად ითვლება დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში. რით გამოირჩევა ის უწინდელი ანალოგებისგან და რა უპირატესობები აქვს - ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე "კვირის პალიტრას" ექიმი რადიოლოგი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა "ახალი სიცოცხლის" რადიოლოგიური მიმართულებების ხელმძღვანელი ბატონი თამაზ ჯაოშვილი­ ესაუბრა.

- ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამჯერადაც არ ღალატობს თავის ტრადიციას და უახლესი თაობის, უნიკალური შესაძლებლობების ტექნიკური აღჭურვილობების შეძენას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთია 3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი PHILIPS INGENIA ELITION X რომელიც ახლახან დავაინსტალირეთ და გავმართეთ. ის ბოლო თაობის 3 ტესლა სიმძლავრის მრტ-აპარატია და საკუთარი მახასიათებლებით ქართულ ბაზარზე მართლაც უკონკურენტოა! კომპანია "ფილიპსმა" მედიცინის ამ ერთ-ერთ ბოლო მიღწევას, ყველაზე ძლიერ, სწრაფ 3-ტესლიან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს (მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით) შემდეგი დევიზი შეუსაბამა: რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში!“

- რა განასხვავებს მას აქამდე არსებულ მრტ-აპარატებისგან და რა უპირატესობები აქვს?

- აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რადგან ის არ არის დაფუძნებული მაიონიზებელ ან რენტგენულ გამოსხივებაზე. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ორსულებში, მეორე ტრიმესტრიდან. უსაფრთხოების ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოდაავადებულთათვის, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ განმეორებითი რადიოლოგიური კვლევები.

3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი PHILIPS INGENIA ELITION X აღჭურვილია დამატებითი ოფციებითა და რეჟიმებით, მათ შორის არის COMPRESSED SENSE, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას გამოსახულების ხარისხის შეუცვლელად - საუბარია, საკვლევი დროის შემცირებაზე 40-50%-ით.

ხელოვნური ინტელექტი VITAL Eye, ქამრის ნაცვლად, სუნთქვას ლაზერების საშუალებით აკონტროლებს და გვაზღვევს მოძრაობით გამოწვეული არტეფაქტებისგან (ე.ი. უხარისხო გამოსახულებისგან). მაგალითად, როცა საქმე მუცლის ღრუს კვლევას ეხება, პაციენტისთვის სუნთქვის შეყოვნება დისკომფორტია, რასაც მისგან ვითხოვთ სწორედ უმაღლესი გამოსახულების მისაღებად. VITAL Eye არის სწორედ ის ფუნქცია, რომელიც "სწავლობს", თუ რა სიხშირით სუნთქავს პაციენტი და მონაცემების შეგროვებას ავტომატურად ახდენს იმ ფაზებში, როცა სუნთქვა არ ხდება.

პაციენტის მეტი კომფორტისთვის გვაქვს აუდიო-ვიდეომხარდაჭერა: მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი ვიდეო - აუდიოფაილი, ვუკეთებთ სპეციალურ სათვალეს და კვლევის პროცესში სურვილისამებრ უყურებს ვიდეორგოლს, ან მხოლოდ უსმენს მუსიკას.

აღნიშნულ აპარატს აქვს ყველაზე განიერი გვირაბი და ვენტილაციის მაღალი დონე, ეს განსაკუთრებით ეხმარება დახურული სივრცის შიშის - კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებს, რადგან არსებულ მახასიათებლებსა და განათების სპეციალურ ველთან ერთად ამ მხრივ მინიმუმამდეა შემცირებული დახურული სივრცის უსიამოვნო განცდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ აქამდე არსებულ აპარატებთან შედარებით, 3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი PHILIPS INGENIA ELITION X მაქსიმალურ წონაზეა (250 კგ-ზე) გათვლილი. ასევე, აქვს COMFORT PLUS აღჭურვილობა - სქელი და მოქნილი ლეიბი, რაც პაციენტს ზურგზე წოლისგან გამოწვეულ დისკომფორტს უმსუბუქებს.

ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მსგავსი კვლევების დროს რკინის იმპლანტების გაცხელება და მაგნიტური მიზიდვა ხდება. რეალურად, სხვადასხვა იმპლანტი, განსაკუთრებით, 10-20 წლის წინ ჩასმული, მრტ კვლევისას არტეფაქტებს იძლევა. ესეც გაითვალისწინა კომპანია "ფილიპსმა"“და ჩვენს აპარატს აქვს ე.წ. O-MAR რეკონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც მეტალის არტეფაქტები შემცირებულია და ამდენად, იმპლანტები უკუჩვენებას აღარ წარმოადგენს.

- და მაინც, ძირითადად, რა დაავადებების დიაგნოსტირებისას გამოიყენება აღნიშნული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი?

- დღესდღეობით მედიცინაში არ არსებობს სფერო, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენება არ ხდება. ამ მხრივ, შემიძლია მხოლოდ იმ მიმართულებების გამოყოფა, სადაც პაციენტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი გვყავს - ნეიროქირურგია და ნევროლოგია. ნევროლოგი და ნეიროქირურგი ვერავითარ დაავადებას ვერ მართავენ, თუ კვლევების პროცესში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი არ არის გამოყენებული.

PHILIPS-ის აპარატი შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ ორგანოთა როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური და მეტაბოლური ცვლილებები. ცალკე უნდა გამოვყოთ ხერხემლის პათოლოგიები, როდესაც საქმე ეხება ხერხემლის მალთაშუა დისკებში თიაქრის არსებობას, რაც საკმაოდ გავრცელებულია მოსახლეობაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა იძლევა საშუალებას ზუსტად დავადგინოთ, რომელ მალთაშუა დისკშია პრობლემა, რა მიმართულებით რომელ ნევრალურ ფესვს აწვება, რის შემდეგაც განვსაზღვრავთ მკურნალობის სწორ ტაქტიკას - კონსერვატული იქნება თუ ქირურგიული. აღნიშნული კვლევები ხშირად გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში. აპარატი იძლევა საშუალებას ყველა ზომის სახსარი გადავიღოთ და ექიმს მათი სტრუქტურების დეტალური აღწერილობა მივაწოდოთ.

- რამდენად რთულია აღნიშნული აპარატით მუშაობა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად ტარდება თუ არა მედპერსონალის გადამზადება?

- რა თქმა უნდა, პერიოდულად მიმდინარეობს სათანადო კადრების გადამზადება. მაგალითად, ახლაც, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში როგორც ტექნიკური, ასევე სამედიცინო პერსონალი შესაბამის გადამზადებას გადის. მეც, ივლისში გერმანიის წამყვან კლინიკაში, „შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მელიან.

"ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ მიზნად დაისახა, რომ "ავერსის" ჰოლდინგის კლინიკები და მათ შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“აღიჭურვოს არა მარტო ბოლო თაობის აპარატურით, არამედ მუდმივად მოახდინოს მედპერსონალის შესაბამისი გადამზადება. შედეგად კი ის გვაქვს, რომ პაციენეტები ინტენსიურად სარგებლობენ ჩვენი სერვისებით.

- რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი უნიკალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევების ჩატარება?

- პერიოდულად კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი აცხადებს აქციებს, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია ამ აპარატურით მომსახურების მიღება და მაღალხარისხიანი კვლევების ჩატარება.

დიახ, არსებობს შესაძლებლობა, რომ პაციენტმა თავისი ფინანსური რესურსი მოარგოს ამ აქციებს და შეღავათიან ფასად მიიღოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

(R)