"თუ მიდგომები არ შეიცვალა, პავლეს სავლეთი შეცვლას რა აზრი აქვს?!" - კვირის პალიტრა

"თუ მიდგომები არ შეიცვალა, პავლეს სავლეთი შეცვლას რა აზრი აქვს?!"

ევროკავშირში გაწევრების სტატუსზე უარის გამო საზოგადოება ხელისუფლების­ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპერსპექტივა­ ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვან წარმატებად ითვლება. საზოგადოების არგუმენტი ის არის, რომ ხელისუფლებამ შანსი ვერ გამოიყენა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერის გადასაყენებლად, მთავრობის დასაშლელად და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებისთვის ხელი­სუფლებას დრო 3 ივლისამდე მისცეს. მანამდე კი 20 ივნისს გამართულ აქციაზე­ შეიქმნა მემორანდუმი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რომელსაც ხელს არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური სპექტრი­ და საზოგადოების წარმომადგენლები აწერენ. რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოების ამ გეგმის შესრულება და რა უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა, პოლიტიკის ანალიტიკოსს მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

- ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი­ ცუდი მონაპოვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის არის, რომ ჩვენ მუდმივად ერთსა­ და იმავე ფოცხს ვაბიჯებთ. ამ აქცი­აში, სადაც ევროპისკენ ჩვენი მისწრაფება­ დავადასტურეთ, უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვთ, მაგრამ აერთიანებდათ ერთი იდეა - საქართველოსა­ და ევროპის ერთობლივი ხვალინდელი დღე. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ელიტა ერთვება, საქმე ფუჭდება, ამასთან, ის ძალები, რომელთა გულწრფელობაში ხალხის დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება. სხვათა შორის, 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა კარგად იცოდნენ, რომ ორგანიზატორები ასოცირებული­ არიან "ნაციონალებთან". მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მივიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. რაც უნდა თქვას და როგორი მემორანდუმებიც უნდა წეროს ამ ორგანიზაციამ, ის მაინც ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან. ამიტომ მთავარი მემორანდუმი კი არა, ის ამოცანებია, რომლებიც ამ აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებს აქვთ - მათი ამოცანა ევროპისკენ სვლა კი არა, ხელისუფლებაში მოსვლაა, თან ისევ იმ პირების დაბრუნება, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ ხელისუფლებიდან წასვლა აიძულა. ეს აქცია სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან რომ ასოცირდებოდეს, რომელიც წინა ხელისუფლებაში არ ყოფილა, შესაძლოა ბევრად ეფექტური ყოფილიყო.

- პოლიტიკოსების გარეშე მნიშვნელ­ოვანი ნაბიჯის გადადგმა რამდენად შესაძლებელია, და მეორე, "ნაცმოძრაობას" ჰყავს ბევრი მხარ­დამჭერი, ხომ ვერ გავაქრობთ ამ პარტიას და მათ მხარდამჭერებს?

- ეს პრობლემა არჩევნებმა უნდა მოაგვაროს. კი ბატონო, ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და ისინი თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ არჩევნებში, ამიტომაც არის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი სხვადასხვა არჩევით სტრუქტურაში, მაგრამ ეს ხომ მათი მაქსიმუმია. სხვ­ათა შორის, სხვა ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეთ და არ ითანამშრომლონ ამ ტიპის ორგანიზაციასთან, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ძალიან სერიოზული ვითარებაა და არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ უშველის, რადგან მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ვერ ურიგდებიან. ეს გამორიცხულია და ამაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის საზოგადოება, მთავარი დამნაშავე სწორედ პოლიტიკური სპექტრია. ამიტომ მე სულ მეშინია იმის კი არა, რომ გადატრიალება მოხდება, არამედ იმის, რომ არ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება.

- პოლიტიზებული საზოგადოება ახსენეთ, რაც ევროკავშირმა მოსაგვარებელ პრობლემებს შორის პირველ პუნქტად დაასახელა. მემორანდუმს არასამთავრობო სექტორთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან და ამ პრობლემის მოგვარებას მაინც არ წაადგება?

- რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, აქედან 11 სრულად ხელისუფლების გადასაწყვეტია და ერთი - სანახევროდ, რომელიც პოლარიზაციას ეხება, ეს პირველი პუნქტია და როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი. მაგრამ იმდენად არ სჯერათ ერთმანეთის, ეს როგორ უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. მაგალითად, პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლა ბევრს არ მოეწონა, მაგრამ პროცესი ხომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო? ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც შენ ამბობ, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირის მოთხოვნებს. კი ბატონო, მაგრამ შენ მიეცი მაგალითი. იმდენად არ სჯერათ ერთმანეთის, რომ ეშინიათ, თვითონ თუ მისცემენ მაგალითს, მეორე მხარე ამას ისევ მათ წინააღმდეგ გამოიყენებს, არათუ ასევე მოიქცევა. ამიტომ მგონია, რომ ისევ საზოგადოებამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.

- ოპოზიციის ნაწილი გასაგებია, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რომელიც პირველ რიგშია პასუხისმგებელი, ამ 12 პუნქტის შესრულება შესაძლებელია?

- ძალიან გაჭირდება, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. როგორც ჩანს, ვიღაცამ უნდა დატუქსოს, როგორც ადრე, რომ ერთ მაგიდასთან მოიყარონ თავი. ოპოზიციის ნაწილი კი, თუ უნდა შედეგი, არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ახლა იქცევა. ხელისუფლებას კულუარულად რომ ელაპარაკებიან და მერე "ნაციონალებთან" უნდათ რადიკალებად გამოჩნდნენ, რათა მხარდაჭერა არ დაკარგონ, არაფერი გამოვა. პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის.

- ხელისუფლებაში კონკრეტული პირ­ების შეცვლა, მათი, ვინც საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს, უშველის ამ პრობლემას?

- ძნელი სათქმელია, რადგან პავლე სავლეთი თუ შეიცვლება, რა აზრი ექნება, თუ მიდგომები არ შეიცვალა? მთავარია მენტალობა და მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აზრი არა აქვს.

- გამოსავალი რა არის?

- ახლა რომ ვლაპარაკობთ, ეს არის გამოსავლის გამონახვის ცდა. რასაკვირველია, რაც მეტი ლაპარაკი იქნება ამაზე და არა მარტო მედიასა და სოციალურ ქსელებში, არამედ უპირველესად პოლიტიკურ ელიტაში, მით უკეთესია, მაგრამ ამ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც ხომ ქართველები არიან? ნებისმიერი ქართველი თვლის, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, და ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება. ახლა ვცდილობთ შეცვლას. როდესაც კრიტიკული მდგომარეობაა, მაშინ ხდება ხოლმე შეცვლა, რადგან ქართველ ერში მაშინ კონსოლიდაციის ნიშნები ჩნდება. ახლა მართლა კრიტიკული ვითარებაა, რადგან რეალურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, მეტი რომ არ შეიძლება. გეოპოლიტიკური გამოწვევების ხარისხი წარმოუდგენლად მაღალია.

ამ მთავრობის დამსახურებაა, რომ სტაბილური გარემო შექმნა და ამას ქართველი ხალხი მიეჩვია, ფსიქოლოგიური კომფორტის ზონა შეიქმნა. გარშემო უბედურებაა და აქ არაფერი ხდება, მაგრამ ყარაბაღის, მერე კი უკრაინის მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაგვატყდება თავს. 2008 წლის ტკივილი მეტ-ნაკლებად მივიწყებულია, ახალგაზრდობასთან მუშაობა საერთოდ მკვდარია­, ან თუ არის, ისეთი ტიპის, რომ მათი ფსიქიკის დეგრადაციას იწვევს და მიდის იმ ფასეულობების რღვევა, რაც პატარა სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რუსა მაჩაიძე