„ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება“

ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა რეალობა განსხვავებულად აღიქვეს და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას დაკარგული შესაძლებლობა უწოდეს. სამოქალაქო საზოგადოებამ ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება საპროტესტო აქციით გამოხატა. "წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული­ თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში, ქალაქსა და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს­ საქართველოს ხსნა, ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთის ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია", - ასეთია აქციის მონაწილეთა სახელით ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის გახმოვანებული ულტიმატუმი. ნანატრი ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, თუ დაკარგული შესაძლებლობა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ანალიტიკოს თენგიზ ფხალაძესთან საუბრისას გავარკვევთ.

- ევროპული პერსპექტივა თავისთავად ძალიან კარგია, უამისოდ სტატუსს ვერ მიიღებ და ვერც გაწევრების იმ ფაზაში გადადიხარ, რომელიც სრული ინტეგრაციით უნდა დასრულდეს. ეს ნამდვილად არის ნაბიჯი წინ, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტის, ანუ იმის მიღება შეგვეძლო, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს - პერსპექტივა­ კი არა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა და თუ ეს ვერ გამოვიყენეთ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ.

- ღარიბაშვილმა განმარტა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ბევრი მიღწევითა და პარამეტრით ჩამორჩება, რომ უკრაინისთვის სტატუსის მიცემის მოტივატორი ომი აღმოჩნდა, გათანაბრებულ მდგომარეობაში იქნა აღქმული მოლდოვაც.

- ჯერ ერთი, მოლდოვაზე არანაკლები გამოწვევის წინაშე დგას საქართველო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ისევ დარღვეულია, ომის საფრთხეც არსად გამქრალა და მცოცავი ოკუპაციაც გრძელდება. უკრაინის ომმა გახსნა ახალი შესაძლებლობა, დაგეგმილზე ადრე გაგვეკეთებინა განაცხადი და მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. უკრაინამ და მოლდოვამ იმიტომ მიიღეს, რომ რეფო­რმებისკენ სწრაფვა და აღმავალი დინამიკა აჩვენეს. კი, მართალია პრემიერი, სტატისტიკური მონაცემებით, ვუსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც, მაგრამ თუ დინამიკას დავაკვირდებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში დინამიკა შეჩერებულია და დაწყებულია უკუსვლა, იგულისხმება მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფა, შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმა, პოლარიზაცია და ა.შ. გარდა ამისა, გავლანძღეთ ყველა დასავლელი­ პარტნიორი, რომლებიც­ მოწადინებული იყვნენ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. მეგობრებთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და ეს მაშინ, როცა უკრაინისა და მოლდოვას დიპლომატია დღესა და ღამეს აერთიანებდა მუშაობაში. ზელენსკიმ დასავლეთში არ დატოვა ქვეყანა, რომლის ლიდერს პირადად არ ესაუბრა და რომლის პარლამენტშიც სიტყვით­ არ გამოვიდა. ძალიან აქტიური იყო მაია სანდუც, ის რამდენჯერმე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონიც ჩავიდა კიშინიოვში. ჩვენ ასეთი აქტიური ურთიერთობა ევროკავშირის არც ერთ წამყვან ქვეყანასთან­ არ გვქონია. ღარიბაშვილი მხოლოდ ერთხელ ჩავიდა ბრიუსელში. ჩვენ შეცდომების კასკადი გვქონდა. დასავლელმა ლიდერებმა მიშელის დოკუმენტის ანულირება ძალიან ცუდად აღიქვეს.­ ამას დაემატა პარტნიორების ლანძღვა, შიდა დაპირისპირება და შედეგიც შესაბამისია.

- ესე იგი, რაც დღემდე გააკეთა საქართველომ, თუნდაც საერთაშორისო მისიებში­ ჩადებული კონტრიბუცია, ყველაფერი წყალს გაჰყვა?

- სულაც არა, სწორედაც დღემდე გატარებული რეფორმებისა და საერთაშორისო მისიებში ჩადებული კონტრიბუციის შედეგია ევროპული პერსპექტივა. ბოლო დროს ერთი უცნაური ნარატივი მომხვდა­ ყურში - თურმე მაკრონმა თქვა, საქართველოს განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო. ჯერ ერთი, რა შუაშია­ გეოგრაფია? მაკრონმა გეოპოლიტიკაზე ისაუბრა. საქართველო გეოგრაფიულად რომ არ იყოს ევროპის ნაწილი, ისეთ სამართლებრივ დოკუმენტში, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოდ არ იქნებოდა მოხსენიებული. ევროპულ პერსპექტივას არავინ მისცემდა ქვეყანას, რომელიც გეოგრაფიულად ევროპაში არ არის.

- მაკრონმა განაცხადა: "უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ უნდა მოხდეს იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, იმავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში არ იმყოფება...­ ფიქრობთ, მან საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად ერთ კონტექსტში შემთხვევით ახსენა?

- მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც დინამიკის შეჩერებაზე ვსაუბრობდი. თუ 6 თვეში აღებულ ვალდებულებებს­ არ შევასრულებთ, ჩვენც იმ კლუბის წევრებს შორის აღმოვჩნდებით, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება არ სურთ. სარკოზიმ რაც თქვა, არ იყო კარგი, მაგრამ მის ნათქვამზე გაცილებით მნიშვნელოვანია­ დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ენიჭება ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მიენიჭება როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ეს დოკუმენტი საფრანგეთის თანხმობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, მით უფრო ახლა, როცა საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, დასახულ პრიორიტეტებში არის ისეთი პუნქტები,­ რომელთა შესრულება შეუძლებელია, მაგალითად, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. მათი თქმით, დემოკრატიულ­ სამყაროში­ პარტიებს შორის ყოველთვის იქნება­ დაპირისპირება, დეოლირგარქიზაციის აბსურდულობაზე კი პრეზიდენტ ტრამპის მაგალითით მსჯელობენ.

- ვინც ტრამპს ოლიგარქად მიიჩნევს,­ მან არ იცის ოლიგარქის განმარტება. ტრამპი იყო მდიდარი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი გახდა. ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც არა აქვს თანამდებობა, მაგრამ კულუარებიდან მართავს­ პროცესებს. მე არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამბობს, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზება შეუძლებელია. შეიძლება 6 თვეში ყველაფრის გაკეთება ვერ მოვასწროთ, მაგრამ მთავარია, დინამიკა და იმის ჩვენება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, ამ რთული­ დავალებების მიზეზი ფარული გარიგება და უკრაინისა და მოლდოვის სანაცვლოდ საქართველოს რუსეთისთვის დათმობაა.

- დარწმუნებული ვარ, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, ნდობის კრედიტი რომ არ ამოგვეწურა და მიშელის დოკუმენტი თავზე არ გადაგვეხია ევროპელებისთვის. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა­ ვლადის დუბროვსკიმ განაცხადა, რომ მზად არიან მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოში რეფორმების გატარებას და რომ ახლო მომავალში საქართველოს ევროკავშირში ელიან. გარიგების შემთხვევაში გვეტყოდნენ, რომ პირობების შესრულების შემდეგ მოვიფიქრებთ, მოგცეთ თუ არა პერსპექტივაო.

- თუ გამჟღავნდებოდა, რომ გარკვეულ ჯგუფებს დასავლეთიდან მართლაც სურდათ ჩვენი ომში ჩართვა, რა შეიძლება მომხდარიყო?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროკავშირისა და ნატოს არც ერთ ქვეყანას არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და თუ ჩვენ რუსეთმა დღემდე ვერ ჩაგვყლაპა, ეს სწორედ ევროკავშირისა და ნატოს დამსახურებაა.

- როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების რეაქცია 24 ივნისის საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო მოძრაობის ულტიმატუმზე?

- სამოქალაქო მოძრაობა ახლა იქმნება, შესაბამისად, ძნელია შეფასება. აქ თავად პროცესია მნიშვნელოვანი, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება.

- "ოცნება" თავს იმართლებს, როგორც კი ნაბიჯს გადავდგამთ ოპოზიციისკენ, მაქსიმუმს ითხოვენო. მაგალითად, სოზარ სუბარი ამბობს, ჩვენ დიალოგისთვის მზაობა გამოვხატეთ, მათ კი პრემიერის გადადგომა მოითხოვესო.

- ხელისუფლება ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს პრობლემების შექმნაში. ოპოზიციას რომ ბევრი პრობლემა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ამიტომაც მარცხდება არჩევნებში. "ოცნებას" სრული ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ საქმე გააკეთოს, თუ ნამდვილად აქვს საამისო ნება.

ხათუნა ბახტურიძე