"ვაკუუმური ბომბი“ - საფრთხე, რომელიც მსხვერპლს სარდაფშიც კი „პოულობს“... - კვირის პალიტრა

"ვაკუუმური ბომბი“ - საფრთხე, რომელიც მსხვერპლს სარდაფშიც კი „პოულობს“...

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებადა ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება "კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ომების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა ხშირად ვერ ასწრებს საბრძოლო მოქმედების რაიონებიდან დროულ ევაკუაციას ან ეს არ სურს და ურჩევნია, განსაცდელს თავისი სახლის კედლებს თუ სარდაფს თავშეფარებული დახვდეს.

საბრძოლო მოქმედების ზონაში აღმოჩენილი მშვიდობიანი მოქალაქე, ფაქტობრივად, ორ ცეცხლს შორის ხვდება ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით: ისვრიან თავდამსხმელებიც, საკუთარი ქვეყნის დამცველებიც, ცეცხლის შუაგულში კი მოქალაქეები აღმოჩნდებიან ხოლმე.

ამ დროს არსებობს ერთი "ოქროს წესი": თუ სროლამ სახლში მოგისწროთ, ეცადეთ, ისეთი უფანჯრო ოთახი ან სათავსო შეარჩიოთ, რომელიც გარე სამყაროსგან ორი კედლით მაინც დაგიცავთ, რადგან პირველი კედლის გახვრეტის შემდეგ ტყვიას, თუნდაც მსხვილკალიბრიანს, მეორე კედელი მაინც შეაჩერებს (ოღონდ ევრორემონტისა და თაბაშირმუყაოს კედლების მეპატრონეებს ამით ვერ დავაიმედებთ), ჭურვი კი პირველ კედელზე მოხვედრისას ფეთქდება და მის ნამსხვრევებს (თუკი ჭურვი ჯავშანგამტანი არ არის) მეორე კედელი ასე თუ ისე გაანეიტრალებს.

სააბაზანო თავდაცვისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია, თან თუ თუჯის აბაზანაშიც ჩაწვებით, მაგრამ არ დაგავიწდეთ დიდი სარკის არსებობა - აფეთქებისას სახლში მყოფი ადამიანების უმეტესობა ბომბის ნამსხვრევებით კი არა, სწორედ ჩამსხვრეული ფანჯრისა თუ სარკის ფრაგმენტებით ზიანდება.

bombi2-1656257891.jpg
რუსულ Су-25 მოიერიშის პილონებზე ჩამოკიდებული ОДАБ-500-ები

თუკი მრავალსართულიან სახლში ცხოვრობთ, ჯობს, ქვედა სართულებზე დაეშვათ, რომ სახლის სახურავზე დაცემული საავიაციო ბომბის აფეთქებას გადაურჩეთ, მაგრამ არსებობს საბრძოლო დაზიანების ისეთი საშუალებებიც, რომელთა აფეთქების შემთხვევაში არათუ კედელს ამოფარებამ, შეიძლება სარდაფში ჩასვლამაც კი ვერ გადაარჩინოს ადამიანი, რადგან ამ შემთხვევაში მას არა ნამსხვრევები, არამედ აირის ფეთქებადი ღრუბელი დაემუქრება, რომელიც მაღალი წნევით ყველა ღრიჭოში აღწევს და ადამიანმა შეიძლება ის ჩაისუნთქოს, მერე კი...

რაოდენ საშიშია რუსული „ვაკუუმური“ ბომბები...

თავიდანვე ვიტყვით, რომ განმარტება - ვაკუუმური ბომბი“არასწორია, თუმცა ჟურნალისტები და მოსახლეობა მას მაინც ამ სახელით იცნობენ. მისი მოქმედების პრინციპი ემყარება მოცულობით აფეთქებას და ამ კლასის საბრძოლო საშუალებებსაც მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო მასალა ეწოდება.

მისი მოქმედების პრინციპი მარტივად შეიძლება ასე ავხსნათ: თხელკედლიან საავიაციო ბომბში მაღალი წნევით ჩაჭირხნულია აირი, მაგალითად, ეთილენის ოქსიდი. ბომბის მიწაზე დაცემამდე ეს აირი მისი სარქველებიდან დიდი წნევით გამოიტყორცნება და ატმოსფეროს ჟანგბადთან ერთად ქმნის აირის ფეთქებად ღრუბელს, რომელიც წამის მეასედში ასწრებს ახლო მდებარე სივრცეების (სარდაფის, სანგრის) შევსებას, რის შემდეგ ამოქმედდება ბომბის ამფეთქი, ხდება აეროზოლის ღრუბლის დეტონაცია და აფეთქების ტალღა ყველაფერს ანადგურებს.

bombi3-1656257891.jpg
Солнцепёк-იდან რაკეტების ზალპი

ეს მართლაც საშინელი იარაღია, რადგან თუკი ჩვეულებრივი მსხვრევად-ფუგასური მოქმედების ბომბის აფეთქებისას სარდაფში მყოფი ადამიანი შეიძლება გადაურჩეს ნამსხვრევებს, მოცულობით აფეთქებადი ბომბი ამის შანსს თითქმის არ ტოვებს.

რუსეთი უკრაინის ქალაქების დასაბომბავად, ძირითადად, ოთხი სახის მოცულობით ფეთქებად საბრძოლო მასალას იყენებს. ეს არის: ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების, Искандер-М-ის, კასეტურ საბრძოლო ქობინში განთავსებული მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო ელემენტები; 500 კგ კალიბრის მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბი ОДАБ-500; თერმობარული რაკეტების გამშვები Буратино და Солнцепёк-ი და ერთჯერადი თერმობარული ყუმბარსატყორცნი "შმელი".

აერობალისტიკური რაკეტა Искандер-М შეიძლება ბირთვული ქობინითაც აღიჭურვოს და მსხვრევად-ფუგასურითაც, მაგრამ მის კასეტურ ქობინში მოთავსებული 50-მდე მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო ელემენტი განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტით გამოირჩევა.

bombi4-1656257891.jpg
ერთჯერადი ცეცხლმტყორცნი Шмель-ი

მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბი ОДАБ-500-ის აფეთქების ეპიცენტრში დამრტყმელი ტალღის წნევა 30 ატმოსფეროს აღწევს და 30 მ-ის რადიუსში ადამიანების განადგურებას იწვევს. ასეთი ბომბები რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

Буратино და მისი მოდერნიზებული ვარიანტი Солнцепёк-ი, ფაქტობრივად, ტანკის ბაზაზე დამონტაჟებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებია, რომლებიც მოცულობით ფეთქებად უმართავ რაკეტებს „გრადივით“ უშვებს, თუმცა უფრო მოკლე მანძილზე - დაახლოებით 6 კმ-მდე, რაც ამ მრისხანე იარაღის მთავარ ნაკლად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგეს მის პოზიციამდე მიღწევა 120 მმ-იანი ნაღმებითაც კი შეუძლია (ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთში ნაყიდმა „სოლნცეპეკებმა“ ერთმანეთს "კბილი მოუსინჯეს").

„ბურატინოს“ მოქმედების საშინელი შედეგი ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ გროზნოშიც მინახავს და მის სამიზნედ ქცევას არავის ვურჩევ.

თერმობარული ანუ იგივე მოცულობით ფეთქებადი საბრძოლო საშუალების გამოყენება ერთ მებრძოლსაც შეუძლია ერთჯერადი ცეცხლსატყორცნის, Шмель-ის, სახით.

სხვათა შორის, რუსი ოკუპანტები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგაც ოს სეპარატისტებთან ერთად ქართველების დაცარიელებულ სახლებს (განსაკუთრებით - დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართულ სოფლებში) სწორედ „შმელებიდან“ ესროდნენ მათი დაწვა-განადგურების მიზნით.

მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც, ბუნებრივია, ნაკლებად ან სულაც ვერ ერკვევა სამხედრო საქმეში და საბრძოლო საშუალებების დამაზიანებელ ფაქტორებში, შეძლებისდაგვარად უნდა გაეცნოს უსაფრთხოების ელემენტარულ წესებსა და მოთხოვნებს, რომლებმაც ომის დროს შეიძლება მისი და მისი ახლობლების სიცოცხლე გადაარჩინოს.

მოცულობით ფეთქებადი, იგივე „ვაკუუმური ბომბისგან“ თავდაცვის ერთადერთი საშუალება, ალბათ, მაინც ჰერმეტულად დახურული მიწისქვეშა თავშესაფარია, სადაც მაღალი წნევით გამოტყორცნილი აეროზოლის ღრუბელი ვერ შეაღწევს. სხვათა შორის, ძლიერი წვიმისა და ნისლის შემთხვევაში ბომბის კორპუსის ღია სარქველებიდან მაღალი წნევით გამოტყორცნილი აირი ვერ ასწრებს ატმოსფეროს ჟანგბადთან საჭირო პროპორციით შერევას და აეროზოლის ღრუბელიც ნაკლებად ფეთქებადი ხდება.

თვითმფრინავიდან ჩამოგდებისას საავიაციო ბომბ ОДАБ-500-ს პარაშუტი ეხსნება და მიწისკენ შედარებით ნელა ეშვება, რაც დროს იძლევა თავშესაფარის მოსაძებნად.

ქართული არმიის „ვაკუუმური ბომბები“

თავის დროზე მე მონაწილეობა მივიღე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ვარციხის საწყობიდან წამოღებული ასეთი (თუმცა - ვადაგასული) ბომბების დიდი შირაქის აეროდრომის სიახლოვეს აფეთქებით გაუვნებლების პროცესში. სპეციალურად ამოთხრილ ღრმულში ОДАБ-500-ის აფეთქება შთამბეჭდავი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობითი აფეთქების სრული ციკლი განვითარებას ვერ ასწრებდა.მახსენდება, 1998 წელს რუსთავთან, იაღლუჯის შინაგანი ჯარების პოლიგონზე, პირველად როგორ გავისროლეთ ორი ასეთი "შმელი", რომლებიც მაშინ ჩვენთვის დიდი იშვიათობა იყო. ქართველი მებრძოლებისთვის გასროლების ვიდეო ჩავწერეთ და შემდეგ მათ ვაჩვენებდით, როგორ უნდა გაისროლო "შმელი" და როგორი დამაზიანებელი ეფექტი აქვს მას ჩვეულებრივ ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიან რეაქტიულ ჭურვთან შედარებით, თუკი დახურული შენობების მიმართულებით გაისვრი - ფანჯარაში შევარდნილი "შმელის" აფეთქება სახლს ნაწილებად შლის.