სევეროდონეცკი დაეცა, ლისიჩანსკი იბრძვის, ალყის საფრთხე კვლავ არის... - კვირის პალიტრა

სევეროდონეცკი დაეცა, ლისიჩანსკი იბრძვის, ალყის საფრთხე კვლავ არის...

112-დღიანი შეუპოვარი თავდაცვითი ბრძოლის შემდეგ უკრაინის არმიას მაინც მოუხდა ლუგანსის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრის, ასიათასკაციანი ქალაქ სევეროდონეცკის დათმობა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამთვიანი ბრძოლისა და დიდი დანაკარგის ფასად ეს მოახერხეს, თუმცა ომი გრძელდება.

უკან დახევის შემდეგ უკრაინის დამცველები იქვე, ქალაქ ლისიჩანსკში გამაგრდნენ, მაგრამ მის შესანარჩუნებლად ძალიან მძიმე ბრძოლა მოუწევთ, რადგან მოწინააღმდეგე სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უტევს, თანაც, რაც ყველაზე საშიშია, არსებობს რუსულ „ქვაბში“ - ალყაში აღმოჩენის საფრთხეც.

საჭირო იყო უკრაინისგან ამხელა მსხვერპლის გაღება ამ ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლებისთვის?

ჩვენ 4 ივნისის "კვირის პალიტრის" სტატიაში "როდესაც ორგანიზებული უკანდახევა ალყაში მოხვედრას სჯობია" ვწერდით: პირველი პატარა „ქვაბის“ საშიშროება მაშინ გაჩნდება, თუ რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკისა და პოპასნის შეტევის მიმართულებების შეერთების შემთხვევაში ლისიჩანსკთან რკალის შეკვრას მოახერხებენ. მეორე დიდი„"ქვაბი", რომლის დროსაც უკრაინული არმია კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, გაჩნდება მაშინ, თუკი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები იზიუმის მიმართულებიდან სამხრეთით წარმატებულ შეტევას დაიწყებენ, დონეცკის მიმართულებიდან კი ჩრდილო-დასავლეთისკენ გაიჭრებიან. ამ ურთულეს შემთხვევაში ალყაში აღმოჩნდება აღმოსავლეთ უკრაინის ორი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი - სლოვიანსკი და კრამატორსკი ათიათასობით უკრაინელ სამხედროსთან ერთად. სიტუაცია ამ მიმართულებებზე უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს სევეროდონეცკის დიდი ნაწილის აღება და ქალაქ ლიმანის დაპყრობა, რომელიც სლოვიანსკიდან სულ ოციოდე კმ-შია. აშკარაა ორ პოტენციურ, პატარა და დიდ„"ქვაბებში", ერთდროულად აღმოჩენის რეალური საშიშროება. გამოსავალი შეიძლება იყოს ფრონტის ხაზის გასწორება, ანუ უკრაინის საბრძოლო დაჯგუფებების ოპერატიული და ორგანიზებული უკანდახევა, რათა ფლანგებიდან, ან სულაც ზურგიდან მოწინააღმდეგის შეტევების საფრთხე მოისპოს.“

დღეს უკვე აშკარაა პატარა "ქვაბში" აღმოჩენის საშიშროება, განსაკუთრებით - ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე. სლოვიანსკსა და კრამატორსკთან დიდი „"ქვაბის"“ წარმოქმნის საფრთხე ჯერჯერობით ასეთი აქტუალური არ არის, მაგრამ ლისიჩანსკის დაცემის შემთხვევაში ამის ალბათობაც გაიზრდება. ომის დროს იმიტომაც არის აუცილებელი ფრონტის ხაზის გასწორება, რომ მოწინააღმდეგე მხოლოდ წინ გყავდეს და გვერდიდან მის მუდმივ შეტევებს არ უფრთხოდე, რათა "ტომარაში"“ არ მოგაქციოს.

სევეროდონეცკის თავგანწირულმა დაცვამ, რა თქმა უნდა, შეანელა რუსი ოკუპანტების შეტევის ტემპი და უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, და მის არმიას დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადის შემოსაშველებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრო მოაგებინა, მაგრამ მაინც გვგონია, რომ სევეროდონეცკისთვის ამხელა რესურსის დახარჯვას, განსაკუთრებით კი - უკრაინის დამცველთა სიცოცხლის შეწირვას, სამხედროზე მეტად, უკრაინის ხელისუფლების მიერ თავისი გენშტაბისთვის ნაკარნახევი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ რვა წლის წინ ქალაქ ლუგანსკის ოკუპირების შემდეგ ლუგანსკის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას სწორედ სევეროდონეცკი ასრულებდა, რომლის დათმობა ოფიციალურ კიევს ბოლო წუთამდე არ სურდა, მოსკოვს კი, პირიქით, ძალიან უნდოდა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლა, რომ თავისი აღიარებული სეპარატისტული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ მთელი მსოფლიოსთვის ამ საზღვრებით ეჩვენებინა.

ლუგანსკისა და, მით უმეტეს, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსი ოკუპანტები ჯერ ბოლომდე ვერ გადავიდნენ. მეტიც - ომის ოთხი თვის განმავლობაში რუსებმა დონეცკის აეროპორტთან ერთი მეტრითაც ვერ წაიწიეს წინ, უკრაინელები კი დღესაც ოკუპირებული დონეცკის გარეუბნებში არა მარტო არტილერიით, არამედ ტანკების ქვემეხებიდანაც ორიოდე კილომეტრში პირდაპირი დამიზნებით ესვრიან მოწინააღმდეგის პოზიციებს.

იმ უზარმაზარი საბრძოლო უპირატესობის პირობებში (განსაკუთრებით - არტილერიითა და ავიაციით), რაც დღეს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში აქვთ რუს ოკუპანტებს, ეს მოსკოვისთვის უმნიშვნელო საბრძოლო წარმატებაა, თუმცა უკრაინელებისთვის თითოეული ქალაქისა თუ სოფლის დროებითი დაკარგვაც კი ძალზე მტკივნეულია.

ქვეყანამ შეიძლება ბრძოლა წააგოს, მაგ­რამ უნდა ეცადოს, ომში არ დამარცხდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი არმიის შენარჩუნებაა საჭირო, თავისი პირადი შემადგენლობითა და საბრძოლო ტექნიკით, რისთვისაც მოწინააღმდეგის მხრიდან არმიის მსხვილი შენაერთების საალყო„"ტომარაში"“მოქცევა უნდა გამოირიცხოს.რასაც ახლა ვიტყვით, შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ, ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იყო 2008 წლის 11-12 აგვისტოს შემდეგ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ქართული საარმიო და საპოლიციო დანაყოფების გამოყვანა და საბრძოლო ტექნიკის გადამალვა. ამან შეიძლება ასობით თუ ათასობით ქართველი სამხედრო და პოლიციელი გადაარჩინა, რომლებიც შეიძლებოდა რუსულ "ტომარაში" აღმოჩენილიყვნენ, ომი კი 7 აგვისტოსვე იყო წაგებული, უპირველესად, პოლიტიკურ დონეზე.