ლიეტუვა რუსეთის ახალი სამიზნე ხდება? - კვირის პალიტრა

ლიეტუვა რუსეთის ახალი სამიზნე ხდება?

18 ივნისიდან რუსეთ-ლიეტუვის ურთიერთობები ისე დაიძაბა, რომ კრემლმა შეიძლება ძალით სცადოს სახმელეთო დერეფნის გაჭრა თავის ანკლავამდე - კალინინგრადის ოლქამდე.

საქმე ის არის, რომ ერთ დროს აღმოსავლეთ პრუსიის კუთვნილი კენიგსბერგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირს, კერძოდ - რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას მიუერთა, შესაბამისად, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ კალინინგრადის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩა, თუმცა რუსებს იქ მანქანითა და მატარებლით ჩასვლა მხოლოდ ბელარუსისა და ლიეტუვის, ან ლატვიისა და ლიეტუვის გავლით შეუძლიათ. მართალია, ბელარუსი რუსებისთვის დაბრკოლება არ არის, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ლიეტუვა მკაცრად ასრულებს რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზე 18 ივნისიდან აიკრძალა რუსეთიდან კალინინგრადის ოლქში იმ ტვირთების ტრანზიტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია, არადა სანქცირებული ტვირთი საერთო ტვირთის მოცულობის თითქმის 40-50%-ია და მასში შედის სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონი და სხვა.

ლიეტუვის რკინიგზაზე სანქცირების მექანიზმის ამოქმედებისთანავე რუსი პოლიტიკოსები ნატოს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთის ანკლავის ბლოკადაზე ალაპარაკდნენ და ლიეტუვას უკრაინის ბედით დაემუქრნენ. რეალურია თუ არა ეს მუქარა და გაბედავს თუ არა პუტინი ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას? (შეგახსენებთ, რომ ალიანსის მე-5 პუნქტის თანახმად, ნატოს წევრზე თავდასხმა ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია და ამ დროს აუცილებლად ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი.)

დავიწყოთ იმით, რომ ლიეტუვის მიერ სანქციების მოთხოვნების შესრულება სულაც არ ნიშნავს ამ რუსული ანკლავის - კალინინგრადის ოლქის ეკონომიკურ ბლოკადას, რადგან არასანქცირებული პროდუქტის ტრანზიტი ძველებურად გრძელდება და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებსაც კვლავ დაუბრკოლებლად შეუძლიათ რუსეთიდან კალინინგრადში მატარებლით ან მანქანით ჩასვლა. გარდა ამისა, რუსეთს თავისი პორტებიდან ღია საზღვაო გზა აქვს კალინინგრადის პორტამდე, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ერთადერთი საზღვაო პორტია ბალტიის ზღვაში, რომელიც ზამთრობით არ იყინება.

აქამდე რუსეთიდან კალინინგრადამდე და პირიქით საჰაერო მიმოსვლაც დაუბრკოლებლად შეიძლებოდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციები რუსულ ავიაკომპანიებსაც შეეხო და მათ ევროპაში, მათ შორის - ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ, თუმცა ეს არ გამხდარა კალინინგრადის საჰაერო ბლოკადაში აღმოჩენის მიზეზი, რადგან რუსული ავიაკომპანიები შემოვლითი გზით, ბალტიის ზღვის თავზე აგრძელებენ ფრენას, ასე რომ, რუსეთს არ აქვს საფუძველი, ამტკიცოს, თითქოს მისი ანკლავი - კალინინგრადის ოლქი ბლოკირებულია და ამიტომ მას უფლება აქვს, ბელარუსიდან კალინინგრადამდე ლიეტუვაზე გავლით ძალის გამოყენებით გაჭრას სახმელეთო დერეფანი, მაგრამ რუსეთი რისი რუსეთი იქნებოდა, ამ სახმელეთო დერეფნის გაჭრაზე აქამდეც რომ არ ეფიქრა?!

რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ მათ ცნობიერებაში არსებობს ჰიპოთეზური 100 კმ-იანი "სუვალკის დერეფანი", რომელიც პოლონეთი-ლიეტუვის სახმელეთო საზღვარზე გადის და ბელარუსს კალინინგრადის ოლქს „უერთებს.

ნატოს შტაბ-ბინაში სერიოზულად ეკიდებიან ამ პოტენციურ საფრთხეს, რადგან "სუვალკის დერეფნის"“ იდეის ხორცშესხმის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან - ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან სახმელეთო მიმოსვლის ყველა შესაძლებლობა წაერთმევა.

ეტყობა ამიტომაც იყო, რომ ამ ჰიპოთეზური "სუვალკის დერეფნის" რაიონში ნატომ ხუთი წლის წინ ჩაატარა ერთობლივი სამხედრო სწავლება „"რკინის მგელი-2017", რომლის დროსაც გათამაშდა ლეგენდა შეტევაზე გადასული რუსული და ბელარუსული ტანკების მოსაგერიებლად.ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სუვალკის რაიონში 5 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული და მათ რაოდენობას ეტაპობრივად ზრდის, რადგან საფრთხე არცთუ უსაფუძვლოა.