გაუნადგურეთ 152-იანების საწყობები! - პუტინის რვაწლიანი საიდუმლო მზადება უკრაინაში შესაჭრელად... - კვირის პალიტრა

გაუნადგურეთ 152-იანების საწყობები! - პუტინის რვაწლიანი საიდუმლო მზადება უკრაინაში შესაჭრელად...

152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მარაგს უკრაინის არმიას რუსი დივერსანტები 2014 წლიდან თურმე სპეციალური საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში უნადგურებდნენ და აღმოსავლეთ ევროპაში მათ გარიგებებსაც შლიდნენ, რადგან კრემლი უკრაინის დასაპყრობად ემზადებოდა.

2014 წლიდან მოყოლებული, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიპყრო და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტები "ააბუნტა", უკრაინის არმიის იარაღის საწყობებში არანაკლებ ხუთი მასშტაბური აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც უკრაინელი არტილერისტების არსენალიდან განადგურდა ათასობით 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, "გრადის", "ურაგანისა" და "სმერჩის" რაკეტები, ანუ სწორედ ის საარტილერიო საბრძოლო მასალა, რომლის უდიდეს დეფიციტსაც დღეს მძიმედ განიცდის უკრაინის არმია და შორ მანძილზე სათანადო საარტილერიო დუელს ვერ უმართავს რუსი ოკუპანტების მრავალრიცხოვან საარტილერიო დანადგარებს.

როგორც ახლა ირკვევა, შემთხვევითი სულაც არ ყოფილა ხანძრები და აფეთქებები სწორედ იმ უკრაინულ სამხედრო საწყობებში, სადაც შორს მსროლელი არტილერიის საბრძოლო საჭურველი ინახებოდა.

ამერიკული და ევროპული საინფორმაციო საშუალებები, დასავლეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, მეტ ახალ ფაქტს აქვეყნებენ იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში რუსეთი ატარებს სპეციალურ საიდუმლო ოპერაციას, რომლის მიზანია ყველანაირად შეუშალოს ხელი შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში მოხვედრას. ამ მიზნით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ავად გვახსოვს (მას პუტინის ბრძანებით სახელი შეუცვალეს და "მოკრძალებულად" მხოლოდ მთავარი სამმართველო უწოდეს, მაგრამ მგელს ცხვრის ქურქის მორგება როგორ შეცვლის!), თავის ერთ-ერთ საიდუმლო დანაყოფს დაავალა დივერსიების მოწყობა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების სამხედრო საწყობებში, საიდანაც უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ყიდულობდნენ ან აპირებდნენ საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ყიდვას.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩეხეთისა და ბულგარეთის სამხედრო საწყობებში რამდენიმე ვითომ შემთხვევითი აფეთქება მოხდა, ამასთან, ავად სახსენებელი "ნოვიჩოკით" მოწამლეს ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ბიზნესმენი, რომელსაც არაერთი გარიგება ჰქონდა დადებული უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებთან. მეტიც - ამ დღეებში ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების ყიდვას აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცდილობდა, ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპელმა პარტნიორმა უკრაინის არმიისთვის 152 მმ კალიბრის ჭურვების მოყიდვაზე უარი იმით ამიხსნა, რომ ეშინოდა, ამის გამო რუსებს არ მოეკლათო.

სადაც მუქარა არ ჭრის, რუსეთის სამხედრო დაზვერვა სხვა ხერხს მიმართავს: საბრძოლო საჭურველისა თუ ტექნიკის გამყიდველს მეტ თანხას უხდის, ოღონდ ეს ჭურვები უკრაინელებს არ მიჰყიდოს.

ამ სქემაში რუსებმა რამდენჯერმე სომეხი კომერსანტებიც გამოიყენეს და ძალზე ძვირად თითქოს სომხეთის არმიისთვის შეაძენინეს ჭურვები, თუმცა ნათელი იყო, რომ სომხეთი ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა და ამ გარიგების უკან რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ გამოყოფილი მილიონები იმალებოდა, შესაბამისად, ეს ოთუსბირად ნაყიდი ჭურვებიც სომხეთის კი არა, რუსეთის არმიის საწყობებში გაიგზავნა.

რატომ ებრძოდა და ებრძვის რუსეთის ხელისუფლება და გენშტაბი მეზობლების არსენალის შორს მსროლელი არტილერიისთვის განკუთვნილი ჭურვებითა და რაკეტებით შევსებას? საქმე ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე არაერთხელ შეჭრილ რუს აგრესორებს როგორც ცოცხალი ძალის, ისე საბრძოლო ტექნიკის ყველაზე მეტი დანაკლისი სწორედ მოწინააღმდეგის არტილერიით მიადგათ. ასე იყო 1992-93 წლების აფხაზეთის ომში, ასე გაგრძელდა 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2014-2021 წლებში დონბასისთვის ბრძოლებში და ასე ხდება 2022 წლის 24 თებერვლიდანაც.

რომ არა უკრაინის საარტილერიო სამხედრო საწყობებში რუსი დივერსანტების მიერ არანაკლებ ხუთი დიდი აფეთქება, დღეს უკრაინელი არტილერისტები გაცილებით მეტი 152 მმ-იანი მსხვილკალიბრიანი ჭურვით და "გრადის", "ურაგანისა"“თუ "სმერჩის"“ რაკეტით მოიგერიებდნენ რუს აგრესორებს და აღარ დასჭირდებოდათ დასავლეთისთვის თხოვნა, როგორმე სასწრაფოდ მოგვაწოდეთ 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და ზალპური ცეცხლის "ჰიმარსები"“ რაკეტებითურთო.

ადრე თუ გვიან უკრაინის არმიას საბჭოთა დროინდელი ჭურვებისა და რაკეტების მარაგი გამოელევა, რადგან უკრაინის დამცველები დღეში სხვადასხვა კალიბრის 6 000-მდე ნაღმს, ჭურვსა და რაკეტას ესვრიან რუს ოკუპანტებს, თუმცა, სამწუხაროდ, საპასუხოდ ათჯერ(!) მეტს იღებენ.

ნატოს 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებზე გადასვლა უკრაინის არმიისთვის გარდაუვალია და ეს პროცესიც უკვე დაწყებულია 120-მდე ამ კალიბრის M 777 ტიპის ამერიკული ჰაუბიცის გადაცემით, რომლებსაც უკრაინელი არტილერისტები, ერთი თვეა, აქტიურად იყენებენ ფრონტის ხაზზე. ამას გასული კვირიდან ოთხი ამერიკული „"ჰიმარსიც"“ დაემატა, რომელთა სარაკეტო ზალპებმა უკვე „"მოიკითხა"“ რუსი ოკუპანტების პოზიციები, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი რუსი აგრესორების საარტილერიო შესაძლებლობებთან გასამკლავებლად.ერთადერთი მართლაც გამორჩეულად ეფექტიანი საბრძოლო საშუალება, რომლითაც უკრაინის დამცველებს რუსი აგრესორების შეტევების შეჩერება ან შესუსტება შეუძლიათ, სწორედ არტილერიაა, განსაკუთრებით კი - შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელთა საშუალებით უკრაინელ არტილერისტებს არა მარტო ფრონტის ხაზზე, არამედ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში, 40-დან 80 კმ-მდე მანძილზე შეეძლებათ ზუსტი საარტილერიო ცეცხლის გახსნა (მათ შორის - „"ჰიმარსის"“ მართვადი რაკეტების გამოყენებით), ისე, რომ ნაკლებად უფრთხოდნენ რუსების "მსტებისა" თუ "ურაგანების"“ საპასუხო კონტრსაბატარეო სროლას.