ლუკაშენკოს საბოლოო „დაჩოქება“ -კრემლის უახლოესი მთავარი მიზანი - კვირის პალიტრა

ლუკაშენკოს საბოლოო „დაჩოქება“ -კრემლის უახლოესი მთავარი მიზანი

რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგაც არ უთქვამს უარი სანუკვარ მიზანზე - კიევის დაპყრობასა და დანაწევრებული უკრაინის სათავეში მარიონეტული პრორუსული ხელისუფლების მოყვანაზე, რადგან თუნდაც მარიუპოლისა და სევეროდონეცკის დაპყრობა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის დროებითი გამარჯვებაა და ხორცს ვერ ასხამს კრემლის მთავარი ბინადარის, "იმპერატორ"“ პუტინის სტრატეგიულ ჩანაფიქრს, სანამ ცოცხალია, მოასწროს ახალი რუსული იმპერიის შეკოწიწება, თუნდაც მეზობელი ქვეყნების დაპყრობის ხარჯზე.

გასულ კვირას პუტინმა ბელარუსი კოლეგა ლუკაშენკო თავის სახელმწიფო აგარაკზე მიიწვია თუ დაიბარა და, ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილება მოსთხოვა - ბოლოს და ბოლოს, ერთვებიან თუ არა ბელარუსის, როგორც რუსეთის მოკავშირე ქვეყნის, შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში? ლუკაშენკომ უკრაინელ მეზობლებთან ერთხელ უკვე დაუშვა საშვილიშვილო ტრაგიკული შეცდომა, როდესაც 24 თებერვლის გამთენიისას პუტინს უფლება მისცა, რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს ბელარუსის ტერიტორიიდან ჩერნობილის გავლით კიევისთვის შეეტიათ, ბელარუსის აეროდრომებიდან აფრენილ რუსულ შვეულმფრენებსა და ბომბდამშენებს კი უკრაინის ქალაქები და სოფლები დაებომბათ, თუმცა, მაშინ ლუკაშენკომ მაინც მოახერხა და გაუძლო პუტინის სერიოზულ ზეწოლას და თავისი სამხედროები რუსი აგრესორების გვერდით არ შეუსია უკრაინის მიწას, მაგრამ დღეს ეს საკითხი ისევ ძალზე აქტუალურია. დონბასის სისხლისმღვრელ ბრძოლებში რუსი ოკუპანტები კი აღწევენ გამარჯვებას, მაგრამ ამისთვის დიდი მსხვერპლის გაღება და დრო სჭირდებათ, არადა რუსული არმიის აღმოსავლეთი მიმართულებიდან კიევამდე მისაღწევად სევეროდონეცკისხელა და უფრო დიდი კიდევ რამდენიმე ათეული უკრაინული ქალაქის აღებაა საჭირო, ამიტომაც რუსეთის გენშტაბს სურს გაიმეოროს 24 თებერვლის ჩაშლილი ბლიცკრიგის მარშრუტი და უკრაინის დედაქალაქს ისევ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან და ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტიოს, ოღონდ ამჯერად - საბრძოლო მოქმედებებში ბელარუსი სამხედროების უშუალო მონაწილეობით.

ბელარუსის დღევანდელი არმიის რაოდენობა 45 ათასს შეადგენს. მათგან 15 ათასამდე - სახმელეთო ჯარებში, ხოლო 6 ათასზე მეტი სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობს, შესაბამისად, ბელარუსის გენშტაბს შეუძლია რუს დამპყრობლებს 10-15-მდე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი „წააშველოს“ თავისი საშტატო ჯავშანტექნიკითა და არტილერიით.

შეიძლება ეს ძალა, იმ ფონზე, რომ უკრაინის მიწაზე რუსი ოკუპანტები ასზე მეტი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფით არიან შეჭრილი, არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, რუსები შეტევის რომელ კონკრეტულ მიმართულებაზე მიიღებენ ბელარუსებისგან ასეთ დახმარებას. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ეს სწორედ კიევისკენ შეტევის მიმართულება იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის დედაქალაქს ბელარუსის სამხრეთ საზღვრიდან სულ 90-ოდე კმ აშორებს.

ასეთ შემთხვევაში უკრაინელები მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი საბრძოლო დანაყოფები, მეორე თვეა, დონბასში ინტენსიურ თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობენ და აღმოსავლეთის ფრონტიდან მათი სასწრაფოდ მოხსნა დედაქალაქის დასაცავად სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ბელარუსის არმიის პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილის განწყობა - მეზობელი და მეგობარი უკრაინელების სისხლისღვრის ცოდვა მომავალ თაობებს არ დაუტოვონ, კარგად მოეხსენება როგორც ლუკაშენკოს, ისე - პუტინის გარემოცვას და, სავარუდოდ, კრემლის სპეცსამსახურები ამზადებენ ფართომასშტაბიან პროვოკაციას, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს ფორმალურ საბაბს მისცემს, ბელარუსის არმია უკრაინის საზღვრისკენ დაძრას. უკრაინის სამხედრო დაზვერვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებს დაგეგმილი აქვთ, ბელარუსის ქალაქ მოზირში გაიმეორონ ისეთივე სისხლისმღვრელი პროვოკაციები, როგორიც 1999 წელს რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის - მოსკოვშიც საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებით მოაწყვეს, მშვიდობიანი მცხოვრებლების დაღუპვა ჩეჩენ ტერორისტებს დააბრალეს და პუტინს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების საბაბი მისცეს.

ბელარუსის ქალაქი მოზირი უკრაინის საზღვრიდან 40-ოდე კილომეტრითაა დაშორებული. ამ ქალაქში მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქება, რასაც მსხვერპლიც მოჰყვება, უკრაინულ კამიკაძე-დრონებს დაჰბრალდება, ეს კი პრეზიდენტ ლუკაშენკოს საპასუხო ნაბიჯისკენ უბიძგებს.