"დიდი შვიდეულის" ლიდერები ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ინფრასტრუქტურის ფონდს ხსნიან - კვირის პალიტრა

"დიდი შვიდეულის" ლიდერები ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ინფრასტრუქტურის ფონდს ხსნიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების განცხადებით, ინფრასტრუქტურის ფონდს შექმნიან იმისთვის, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში დაეხმარონ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ინიციატივა განიხილება, როგორც დასავლეთის პასუხი ჩინეთის პროექტზე - „სარტყელი და გზა ინიციატივა“ .

”მინდა გარკვევით განვაცხადო - ეს არ არის დახმარება ან ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია, რომელიც მოგებას მოუტანს ყველას, მათ შორის ამერიკელ ხალხსა და ყველა ჩვენს ერს. ეს გააძლიერებს ყველა ჩვენგანის ეკონომიკას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ახალი ფონდი ორიენტირებული იქნება კლიმატის ინიციატივებზე, მათ შორისაა 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მზის ფერმაში ანგოლაში, 320 მილიონი აშშ დოლარი კოტ-დ'ივუარში ჰოსპიტალის მშენებლობისთვის და 40 მილიონი აშშ დოლარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რეგიონალური ენერგეტიკული ვაჭრობის ხელშეწყობისთვის.

მედიის ცნობით, პეკინს ადანაშაულებენ იმაში, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს საკუთარ ტრილიონ დოლარიან პროექტში ჩართვას აიძულებს, რითაც მათ ისეთ ვალში აგდებს, რისი გადახდაც შეუძლებელია.

„სარტყელი და გზა ინიციატივა“ განიხილება, როგორც ჩინეთის სავაჭრო ძალაუფლების გაფართოება აფრიკასთან, აზიასთან და ევროპასთან.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი დღეს გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.

IPN