"დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა რუსეთს და თურქეთს თანამშრომლობისაკენ უბიძგებს“ - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა რუსეთს და თურქეთს თანამშრომლობისაკენ უბიძგებს“ - რას წერს ფრანგული გამოცემა

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს ინტერვიუს სტრატეგიული კვლევების ფრანგული ფონდის დირექტორთან, რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სპეციალისტ იზაბელ ფაკონთან, რომელიც ავტორია წიგნისა - „რუსეთი-თურქეთი: დასავლეთის გამოწვევა“. ინტერვიუში, რომლის სათაურია „დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა რუსეთს და თურქეთს თანამშრომლობისაკენ უბიძგებს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ელისაბედ კრეპენ-ლებლონი), ექსპერტი საუბრობს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათი ლიდერების - ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის პირად ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს პრეზიდენტების ერთობლივ ნაბიჯებს, მსგავს პოზიციას რიგი საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების მიმართ.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- მრავალ საკითხში უთანხმოების მიუხედავად - სირიასთან, სომხეთთთან, ნატოსთან მიმართებით, როგორ ინარჩუნებენ თურქეთი და რუსეთი ახლო ურთიერთობას?

- ჯერ ერთი, რომ თავის როლს ასრულებს პრეზიდენტებს შორის არსებული ე.წ. პირადული ალქიმია: პუტინიც და ერდოღანიც ერთმანეთთან გულწრფელები არიან და ეს აქტივი დადებითია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში, მოსკოვს და ანკარას უთანხმოებისა და დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. მართლაც, თუ გავიხსენებთ, თითქმის ყველა პრობლემატური საკითხი, რომელიც კი ბოლო მომენტამდე მწვავე უთანხმოებას იწვევდა და კრიზისის საფრთხეს წარმოადგენდა, წყდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და რაღაც საერთო შეხებებს პოულობდნენ.

მეორე - რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰგვანან ძლიერი, „მაგარი“ კაცის იმიჯით, როგორც საშინაო საქმეებში, ვთქვათ, ოპოზიციასთან ხისტი დამოკიდებულებით, ასევე - საერთაშორისო არენაზე; ორი „მაგარი“ კაცის დაახლოებაში გარდამტეხი როლი შეასრულა იმ მტკიცე მხარდაჭერამ, რომელიც ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგას გაუწია 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს და ეს მაშინ, როცა სირიაში რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტიდან სულ მცირე დრო იყო გასული.

მესამე - რუსეთისა და თურქეთის ლიდერები თვლიან, რომ ისინი დასავლეთის მიერ იგნორირებულნი არიან, რომ დასავლელი ლიდერები მათ ინტერესებს არ ითვალისწინებენ - მაგალითად, თურქეთის პრობლემას ქურთებთან დაკავშირებით, ნატოს გაფართოებას - რუსეთთან მიმართებით და ა.შ. თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, დაინტერესებულია მრავალპოლარული მსოფლიოს არსებობით, რომელიც ნაკლებადაა ორიენტირებული დასავლეთზე და სადაც რეგიონული სახელმწიფოები თავიანთი როლის გაძლიერებაზე ზრუნავენ.

- რა გეოპოლიტიკურ სარგებლობას იღებენ რუსეთი და თურქეთი მეგობრობით? რა აერთიანებთ მათ - საერთო სწრაფვა იმისა, რომ შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონები დასავლეთის გარეშე გააკონტროლონ?

- თურქეთისა და რუსეთის მიერ დასავლური პოლიტიკის მიუღებლობა, საერთო ჯამში, ფოკუსირდება სირიაზე, ლიბიასა და კავკასიაზე, სადაც, თავის მხრივ, ანკარისა და მოსკოვის ინტერესებიც ბოლომდე ჯერ კიდევ დაახლოებულები არ არიან. თუმცა არც დასავლეთი აქტიურობს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილ რეგიონებში, პრინციპში, ამჟამად ძირითადად თურქეთი და რუსეთი უფრო „მუშაობენ“, ვიდრე - დასავლეთი.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთს სურს, დასავლეთს აჩვენოს, რომ მას რუსეთთან ერთად საკმარისი პოტენციალი აქვს „კუნთების სადემონსტრაციოდ“. რაც შეეხება რუსეთს, მას სურს, ხაზი გაუსვას თავის თანამშრომლობას შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ისეთ წევრ ქვეყანასთან - თურქეთთან, რომელიც ბრიუსელს და ვაშინგტონს ეურჩება. ასეთი მიდგომა, რასაკვირველია, რუსეთს აწყობს.

- თურქეთმა გააფართოვა თავისი კავშირები კიევთან და განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დაგმო ყირიმის ანექსია და, კიევთან ერთად, უკრაინა-თურქეთის ერთობლივი სამხედრო-საიარაღო პროექტები შეიმუშავა. რა გავლენა ექნება მოსკოვზე ანკარა-კიევის ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას?

- ომამდე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობის ფაქტორი რუსეთისათვის საკმაოდ რთულ დიპლომატიურ პრობლემას წარმოადგენდა. რუსეთის ოფიციალური პირები, მართალია, შედარებით რბილი ფორმით, მაგრამ მაინც, ხშირად აკრიტიკებდნენ ანკარა-კიევის ერთობლივ პროგრამებს შეიარაღების სფეროში (მაგალითად, უპილოტო საფრენ აპარატებთან - დრონებთან დაკავშირებით). გარდა ამისა, თურქეთმა მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ „ყირიმის პლატფორმის“ პირველ სამიტში, გასული წლის აგვისტოში. იგივე ეხება ანკარის ნეგატიურ დამოკიდებულებას ერევანთან - რუსეთის მოკავშირესთან, მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.

ამჟამად თურქეთის პოლიტიკა ისე გამოიყურება, თითქოსდა, ანკარა ბალანსს იცავს რუსეთსა და დასავლეთს შორის: მან დაგმო რუსეთის ჯარების შეჭრა უკრაინაში, დახურა ბოსფორ-დარდანელის სრუტეები სამხედრო გემებისათვის, მაგრამ, იმავდროულად, არ შეუერთდა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს, აგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას და ცდილობს, მოსკოვ-კიევის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს. კაცმა რომ თქვას, თურქეთი ამჟამად დილემის წინაშე დგას (ან მალე დადგება): გააგრძელოს თამაში ბალანსის დამცველის სახით თუ თავის ნატოელი მოკავშირეების მსგავსად იმოქმედოს - რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დასავლურ სანქციებს მიუერთდეს? ჯერჯერობით ანკარა უპირატესობას პირველ ვარიანტს აძლევს, თუმცა იგი ყურადღებით უყურებს სიტუაციას და, ალბათ, თავისი პოლიტიკის კორექტირებას ამა თუ იმ სახით მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ერთსა და იმავე სამხედრო თეატრებში მოქმედებენ, მათი მიზნები სხვადასხვაა: თურქეთისთვის უფრო პრიორიტეტული კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთია, რუსეთისათვის კი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცე. რიგ ადგილებში მოსკოვისა და ანკარის ინტერესები იკვეთება, მაგალითად, კავკასიაში, თუმცა მოსათმენი სახით. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ თურქეთი თავის აქტიურობას გაზრდის, როგორც ეს მთიან ყარაბაღში მოხდა 2020 წელს.

გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც: რაც უფრო ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი თურქეთში, ანკარას მით უფრო გაუძნელდება ბალანსის დაცვა.

- რატომ უთმენს რუსეთი თურქეთს ხშირად მოულოდნელ ნაბიჯებს?

- დიახ, იმ ფონზე, როცა რუსეთი დასავლეთის ქვეყნებისა და ზოგიერთი თავისი მეზობლის მიმართ ბოლო დროს საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ზოგჯერ აგდებულად იქცევა, თუ ამას თურქეთთან მის პოლიტიკას შევადარებთ, დიდ კონტრასტს დავინახავთ. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხის მიმართ რუსეთი თურქეთის პოზიციებში პოზიტივს ხედავს.

მოსკოვი ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: მართალია, თურქეთი სირიაში მოსკოვის მაინცდამაინც კარგი პარტნიორი არ არის და თავისი ინტერესების გამტარებელია (ანკარა ამჟამად სარგებლობს იმით, რომ რუსეთი უკრაინის ომშია ჩაბმული), მაგრამ ეს მოსათმენია, რადგან შავ ზღვაში, კრემლისათვის დღევანდელ სტრატეგიულ რეგიონში, ანკარა კრემლისათვის „მოსაწონ მეტ-ნაკლებად სწორ ხაზს“ ატარებს.

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. რუსეთის მიზანი ბოლო წლებში ის იყო, რომ [ანკარის „გადაბირების“ გზით] ალიანსში განხეთქილება შეეტანა. გავიხსენოთ, თუ როგორ სწრაფად დაიწყო მოსკოვმა თურქეთის შეკვეთის შესრულება С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდების თაობაზე. კრემლი კარგად ხედავს თურქეთის ავტონომიას ნატოში და სურს, ამ ფაქტორით ისარგებლოს. თავის მხრივ, თურქეთს კარგად ახსოვს, რომ მისი წინამორბედი [ოსმალეთის იმპერია] თითქმის 15-ჯერ იმყოფებოდა რუსეთთან საომარ სიტუაციაში და ამიტომ მან კარგად იცის, თუ რა ფასად დაუჯდება სავარაუდო შეცდომა. ანკარა დღეს რუსეთთან კონფრონტაციას არ დაიწყებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ