"ერთხელ ვინც მომეწონა, ცოლად გავყევი - 16 წლის გახლდით, ყველაფერი უცებ მოხდა... თან, თავისუფლება ისე მინდოდა..." - კვირის პალიტრა

"ერთხელ ვინც მომეწონა, ცოლად გავყევი - 16 წლის გახლდით, ყველაფერი უცებ მოხდა... თან, თავისუფლება ისე მინდოდა..."

"მოდის ექსპერტის" სტატუსით ცნობილ დალი ჩიტალაძეს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ. კითხვაზე, თუ როდის გააცნობიერა, მომხიბვლელი რომ იყო, ასე გვიპასუხა: "მომხიბვლელი და განსხვავებული რომ ვიყავი, ეს საკმაოდ გვიან, 15-16 წლისამ გავაცნობიერე, მაშინაც - ეს ბოლომდე შეგნებული არ მქონდა. ჩემი განსაკუთრებულობა 20-21 წლისამ უფრო მეტად აღვიქვი"...

- ხომ არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ეფერებიან, - ჩემო ლამაზო, ერთადერთოო?.. ჩემი მშობლები ასე არ მანებივრებდნენ. მკაცრად მზრდიდნენ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი... იმას კი არ ვამბობ, რომ რამეს მაკლებდნენ? უბრალოდ, ზედმეტ ამბიციებს არ მინერგავდნენ. დედაჩემს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ადამიანს თავდაჯერებას შინაგანი სამყარო და ინტელექტი სძენს. გარეგნობის გამო კარიერული წინსვლა არ უნდა მოხდეს. წარმატება ნიჭში, სულიერ სამყაროში უნდა ეძებო. ჩემს მშობლებს ეს დევიზი ჰქონდათ, ჩვენს ოჯახში განათლება უმთავრესი და აუცილებელი იყო.

- სკოლაში პოპულარული გოგო არ იყავით?

- კი, როგორ არა! უფრო - იმით, რომ მუსიკას ვწერდი, ვმღეროდი, სპექტაკლებს ვდგამდი, გოგონების ტრიოც გვყავდა და სულ რაღაც ღონისძიებებს ვაკეთებდი. სცენა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მაშინ ფოტოაპარატი სად გვქონდა? ერთი სული მქონდა, ფოტოგრაფი მოსულიყო (იცინის)...

- თაყვანისმცემლები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- ამ თემით დაკავებული არ ვიყავი. ერთხელ ვინც მომეწონა, ცოლად გავყევი (იცინის). პატარა ასაკის, 16 წლის გახლდით. იმ დროს ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. თან, იმ პერიოდში ჩემი 2 დეიდაშვილი გათხოვდა. დეიდაშვილთან ჩემი მომავალი ქმარი, ჩემი შვილის მამა გავიცანი. ყველაფერი უცებ მოხდა. თან, თავისუფლება ისე მინდოდა, მეგონა, რომ გავთხოვდებოდი, ეს თავისუფლება იქნებოდა (იღიმის).

- რეალობა როგორი აღმოჩნდა, მიიღეთ თავისუფლება?

- როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი - ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომეო და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, "ზრდასრული სიყვარული" გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა - შუა საუკუნეები ან თუნდაც, მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია... ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით - ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. შეიძლება, ბევრი შემეკამათოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია. ამიტომ თავად უნდა აირჩიოს და გადაწყვიტოს, თავისი ცხოვრება როგორი იქნება. წინათ თუ შვილებს მშობლები ათხოვებდნენ (ზოგჯერ დაბადებისთანავე ნიშნავდნენ), ამ ეპოქიდან გამოვედით. ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, ნახო და მერე უკვე მყარი ოჯახი შექმნა. "ბოიფრენდ-გელფრენდის ინსტიტუტის" მომხრე ვარ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში, წყვილების 50% ამ "ინსტიტუტით" ცხოვრობს, რადგან შეუძლებელია, დღეს, ადრეულ ასაკში, გამოუცდელობის გამო, ადამიანი აირჩიო, რომელზეც დარწმუნებით იტყვი, რომ ის ნამდვილად "ის" არის...

- თქვენი მეორედ დაოჯახება შვილმა როგორ მიიღო?

- ვახო უკვე დიდი ბიჭი იყო. ყველაფერი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და კარგად მოხდა.

- ოჯახურ კრიზისები გქონიათ?

- არა. შეუღლება უკვე შეგნებული და დაფუძნებული სიყვარულით მოხდა...

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არა (იცინის). ჯერ ერთი, ჩემს ასაკთან აბსოლუტურად ჰარმონიულად განწყობილი ვარ. როცა თავდაჯერებული ხარ, საკუთარი თავი გიყვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე უვლი, როგორც საჭიროა. თავის მოვლაში იგულისხმება, რომ ჯანმრთელი უნდა ვიყო, კარგად გამოვიყურებოდე. თუ კარგად ვიქნები, ე.ი. მერე ჩემი ოჯახის ყველა წევრიც და გარშემო მყოფი ყველა საყვარელი ადამიანიც კარგად იქნება. მივხვდი, თუ ჯანმრთელი ხარ, ასაკი მხოლოდ ციფრებია. მერე რა, რომ შეიძლება, მეტი ნაოჭი გქონდეს? მთავარია, შინაგანად ბედნიერი და შენს ასაკთან ჰარმონიულად განწყობილი იყო. ასაკი ღვთის მადლი, ღმერთის საჩუქარია. ამას სრულიად შეგნებულად მივხვდი, რადგან ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ იმ ქვეყნად. გავაცნობიერე, რომ სიბერეც ღმერთის საჩუქარია, რადგან ყველა არ ბერდება. მინდა, რომ ჩემი შვილის, საყვარელი ადამიანების გვერდით დიდხანს ვიყო, ყოველი დილის გათენება, მზის დანახვა, წვიმის მოსვლა ძალიან ღრმად შევიგრძნო, რადგან სიცოცხლე, ჩვენი სამყარო ძალიან ლამაზია...

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდებით?

- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ასე რომ, ჩემთან მელანქოლიას ადგილი არ აქვს (იღიმის). როგორ ცუდადაც უნდა ვიყო, მიჭირდეს, შეიძლება, დღეს საარსებო წყაროც არ მქონდეს, ვიცი, ხვალ უკეთესი დღე იქნება - ღმერთი მომცემს, ვიშრომებ და მექნება... მოზარდებს, ახალგაზრდებს სულ ვეუბნები, - ჯანმრთელობას მოუფრთხილდით, რომ შრომისუნარიანები იყოთ-მეთქი. როცა შრომისუნარიანია ადამიანი და უკეთესი ცხოვრების სურვილი აქვს, ამას აუცილებლად გააკეთებს. შეიძლება ახალგაზრდა იყო, არაფერი გტკიოდეს, მაგრამ ისე არასწორად ცხოვრობდე, იკვებებოდე, დღის რეჟიმი არეული გქონდეს, რომ მეორე დღეს არაფრის კეთება არ მოგინდეს. ეს ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი არ ხარ, უკეთესი ცხოვრება არ გინდა. "უკეთესი ცხოვრება" რას ნიშნავს? არ შეიძლება, დედამიწის შვილი იყო და მთელი დედამიწა არ მოიარო. ჩემი ოცნებაა, იმდენი შემოსავალი მქონდეს, რომ ბევრი ვიმოგზაურო. ადამიანი კოსმოპოლიტენი უნდა იყოს და დედამიწის სილამაზეზე, მის ჯანმრთელობაზეც იზრუნოს, გარემო არ დააზიანოს, გარშემო არსებულ სიცოცხლეს მოუფრთხილდეს და რა თქმა უნდა, მერე ისიც მოგიფრთხილდება... ამიტომ გლობალურად უნდა ვიმსჯელოთ. მინდა, მსოფლიოში მშვიდობა იყოს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, კიდევ ერთ საშინელებას გავიგებდი... მთავარია, ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგცეს, სხვა ყველაფერი იქნება: რაღაც არ გამოგდით? სამსახური არ მოგწონთ ან ვერ შოულობთ? ეძიეთ და აუცილებლად იპოვით.

- გყავთ სადაქალო, რომელსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?

- რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ძალიან კარგი მეგობრები მყავს - ამითაც ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვიკრიბებით. ყოველდღიური კავშირი გვაქვს. რამდენიმე "ჩატი" გვაქვს შექმნილი, სადაც ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე... ასე რომ, ყოველთვის ვიცით, სად ვართ, რას ვაკეთებთ...

- წარმოიდგინეთ, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები რომ გაქრეს, თქვენთვის ცხოვრება რთული იქნებოდა?

- არა. ესთეტიკური მედიცინის არსებობა ძალიან კარგია: ვისაც რისი საშუალება აქვს, ის უნდა გააკეთოს, მაგრამ თუ ესთეტიკური მედიცინის ცენტრები არ იქნება, მერე რა მოხდა?.. ყოველთვის ვამბობ, თავს ისე მოუარეთ, რისი საშუალებაც გაქვთ; ყველაფერი გაიკეთეთ, ოღონდ - ნორმის ფარგლებში და ლამაზად, მოვლილები დაბერდით-მეთქი. დღეში ორჯერ რომ უნდა დაიბანო, სახეზე საცხი წაისვა და კვირაში 2-3-ჯერ მაინც ნიღაბი გაიკეთო, მგონი, ეს ყველამ იცის. ისეთი ქალბატონების აზრს არასოდეს ვიზიარებ, ვინც ამბობს, - დრო არ მაქვსო... უფრო ადრე გაიღვიძე და საკუთარი თავის მოვლისთვის დრო გამოყავი. ხომ იცით გამოთქმა, - ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო? ეს ბრძენმა ადამიანებმა თქვეს.

- ოჯახში ყველაზე ხშირად რომელი კერძის მომზადებას გთხოვენ?

- ოჯახის ორი, განსხვავებული გემოვნების მქონე წევრი მყავს - შვილი და მეუღლე. ვთანხმდებით ხოლმე, რა მოვამზადო. ქმარი მეგრელი მყავს, რომელსაც ძალიან ცხარე, მეგრული საჭმელი უყვარს. მეც და ჩემს შვილსაც უფრო ჯანსაღად კვება (ბევრი ბოსტნეული, ხილი, ცილოვანი პროდუქტი...) გვიყვარს.

- ჩაცმულობისა და კულინარიის გარდა, გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის საკითხებთან. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი - ნინო ნადირაძე მეუბნება ხოლმე, ექიმი შემთხვევით არ ხარო, რადგან თავდაპირველად, სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან მინდოდა, მაგრამ ხელოვნებამ "გადამიბირა". მშობლები ექიმები მყავს: მამა სტომატოლოგია, დედა - ფარმაცევტი, ყოფილი მეუღლე - ექიმი... როცა ადამიანს მედიცინის თემა გაინტერესებს და გინდა, ჯანმრთელი იყო, ამ სფეროს შესახებ ბევრს კითხულობ, ეძებ... ასევე, თუ ვინმეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებთან დაკავშირებული რჩევა სჭირდება, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, ვიცი, სად როგორ და რას აკეთებენ. ამიტომ, ამ საკითხშიც სწორ რჩევებს ვაძლევ...

- როგორ სამოსს ვერ ჩაიცვამთ ვერასოდეს?

- ახლა მინიქვედაბოლოთი ვეღარ მნახავთ. თავის დროზე მინიც მეცვა, თან - ისეთი, რომ მსგავსით მეორე არ დადიოდა (იცინის). ყველა ასაკს თავის "პროტოკოლი" აქვს. ვულგარულად არასოდეს ჩავიცვამ. ქალებს სჩვევიათ თქმა, - მხოლოდ კონკრეტული სტილი მიხდებაო. ასეთი რამ არ არსებობს. ქალი საინტერესო უნდა იყოს და საკუთარი თავი ყველა სტილში წარმოაჩინოს, სპორტული იქნება, ელეგანტური თუ ნებისმიერი სხვა...

- თქვენი სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...

- მინდა, კულინარია და მოდის სამყარო დავაკავშირო - ისეთი ადგილი შევქმნა, სადაც ხალხს სტუმრად მოსვლა, გემრიელი საჭმლის დაგემოვნება შეეძლება, იქვე, გვერდით კი იარსებებს სივრცე, სადაც "სტილისტური შეხვედრები" გაიმართება და მოდის შესახებ რჩევებს მიიღებენ... დიდი სურვილი მაქვს, "სთაილინგის" კურსები ჩავატარო: როგორ ჩავიცვათ, როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი, ვიპოვოთ ლამაზად ჩაცმის ჩვენი მიმართულება... ჩემს ხრიკებს ვასწავლი (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"